ამოცანა მაქვს, გადავრჩე და მაყურებლისთვის სასარგებლო ვიყო — საუბარი დიანა ტრაპაიძესთან მედიასა და პოლიტიკაზე
14.11.2023
"არ მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთადერთი ამოცანა მაქვს, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო", — გვითხრა დიანა ტრაპაიძემ, ჟურნალისტმა, "ტვ პირველის" წამყვანმა.

ის 30 წელზე მეტია, ქართულ პოლიტიკას აშუქებს, ბოლო წლებში — თითქმის ყოველ დღე, "დღის ამბების" საავტორო ფორმატში.

დიანა ტრაპაიძეს ვესაუბრეთ პროექტ 64-სა და მედიაჩეკერის პოდკასტში "მედიასა და პოლიტიკაზე".

ჟურნალისტმა გვიამბო პროფესიულ მიდგომაზე, რაც, არსებითად, წონასწორობის, ზომიერების დაცვას გულისხმობს: "ჩემი გადასახედით, ამას სანამ ვინარჩუნებ, ამით ხელისუფლებასაც ვუგებ და ოპოზიციასაც", — გვითხრა მან.

პოდკასტში, ასევე, მოგვიყვა ბიძინა ივანიშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან ინტერევიუს გამოცდილებაზე და იმ ისტორიებზე მათთან ურთიერთობიდან, რაც კადრს მიღმა დარჩა.

უყურეთ ამ პოდკასტს აქ: დიანა ტრაპაიძე მედიასა და პოლიტიკაზე 



მოკლედ, რაზე გვესაუბრა — ციტატები:


  • "ახლა რაც ხდება, კაცის კაცებისა და დუბლიორების პოლიტიკაა."
  • "რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი თვითკმარი პოლიტიკოსის გარდა, ადამიანები საკუთარ თავს არ წარმოადგენენ პოლიტიკაში."
  • "დუბლიორების მიერ შემოტენილ, მდარე დისკუსიებში ვართ ჩაბმულნი."
  • "მიჭირს ნავიგაცია და სულ ვცდილობ, გავერკვე, სად არის სიმართლე, სად — ტყუილი."
  • "დღეს რომ სწორი მგონია, ხვალ აღმოჩნდება, რომ არ ყოფილა. ამაში გარკვევა რთულია."
  • "მინდა, დავარწმუნო მაყურებელი — თუკი რაიმე შემშლია, შემშლია ჩემით და არანაირად — პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფების გავლენით." "ზოგი მეუბნება, შენი გაფილტრული ობიექტურობა ცოტა მოსაწყენიაო."
  • "შვიდ ნოემბერზე საუბარი არ მიყვარს."
  • "ტელემედიის პრობლემას იმაში ვხედავ, ცდილობს, ფარითა და მახვილით მიიტანოს ინფორმაცია და მე სულ ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკადის უკუეფექტი მისი უარყოფაა".
  • "ვიდრე ჩემი გადაცემის ეთერის კომენტარებში ერთი მაყურებელი წერს, ქოცი ხარო და მეორე წერს — შენ ხარ ნაცი, ვებღაუჭები ამას, როგორც წონასწორობის საფუძველს."
  • "წესიერად, კეთილსინდისიერად უნდა მოვუყვეთ მაყურებელს ამბები და ისინი თავად გაიგებენ."
  • "თემა უნდა იცოდე, რომ დაიწრიტოს და შემდეგ, მხოლოდ საჭირო და სასარგებლო მიიტანო აუდიტორიამდე."


დღის წესრიგების ომში

დიანა ტრაპაიძე: "ყველა ცდილობს, თავისი დღის წესრიგი შემოიტანოს მედიაშიც და პოლიტიკაშიც. პროფესიულმა ცხოვრებამ ის მაჩვენა, რაღაც კონიუქტურაში რომ მოექცე, შეიძლება, სადღაც რაღაც გამოგეპაროს და "ასრიალდე". ამიტომ არსებობს მარტივი ჩარჩო — პროფესიული წესები და შინაგანი წესიერება.

ეს ორი რამ დაგიცავს ჟურნალისტს ქვეყანაში, სადაც სულ იყო და არის კიდეც, დღის წესრიგების ომი. მეც მიჭირს ნავიგაცია და სულ ვცდილობ, გავერკვე, სად არის სიმართლე, სად — ტყუილი. დღეს რომ სწორი მგონია, ხვალ აღმოჩნდება, რომ არ ყოფილა, და ამაში გარკვევა და სწორად მოძრაობა, რთულია.

ამისთვის არსებობს ამ პროფესიისთვის დაწერილი წესები და თუ მათ გაჰყვები, უკეთ დაგიცავს. შეიძლება, რაღაცები შეგეშალოს, და რა თქმა უნდა, მეც ბევრი რამ შემშლილა, მაგრამ მინდა, დავარწმულო მაყურებელი — თუკი რაიმე შემშლია, შემშლია ჩემით და არანაირად — პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფების გავლენით. ვცდილობ, არ მოვექცე ამ გავლენებში. ახლა მთავარი ამოცანა მაქვს, ჩემი გადარჩენის, ამ პროფესიაშიც და ამ გარემოშიც, რომ ვიყო სასარგებლო ტელემაყურებლისთვის."

თეორიების ომში

დიანა ტრაპაიძე: "როცა ხელისუფლება ამბობს, აბა, ომი გინდათ? მშვიდობაა მთავარიო, ამაზე ოპოზიციას ისეთი საპასუხო გზავნილები აქვს, მშვიდობის დემონიზება გამოსდით.

ამ გზავნილით, ხელისუფლებამ, კარგი ხაფანგი დააგო და მოიგეს, ჩემი აზრით. ამაზე მოწმობს სოციოლოგიური კვლევებიც, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ომის შიში პირველ ადგილზე ავიდა, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ყველანი ვხედავთ, რა ეპოქაშიც ვცხოვრობთ.

როდესაც კალაძემ ნაძვის ხეს დააწერა "თბილისი — მშვიდობის ქალაქი", ზოგიერთმა ოპოზიციონერმა იქ აქცია გამართა, და ეს "იკითხება", როგორც მშვიდობის დემონიზება. შეიძლება, ხალხმა იფიქროს, ამათ არ უნდათ მშვიდობა და ჩვენ გვინდაო. ეს იყო ძალიან სერიოზული ხაფანგი, რომელშიც ძალიან ოსტატურად წამოეგო ბევრი."

***

 

"ქვეყანამ ერთი წელი იცხოვრა ამ ორი თეზისით: "სააკაშვილი სიმულიანტია" და "სააკაშვილს წამლავენ"; ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული დღის წესრიგი შეიქმნა ამ თეზისების შეჯახებით და ან ერთი მოცემულობა უნდა მიგეღო და "ქოცი" იყავი, ან მეორე და — "ნაცი". არადა, გიწევს დასვა შეკითხვა: მაჩვენეთ ლაბორატორიული დასკვნა, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მოიწამლა. როგორც კი ეს კითხვა შემომქონდა, "ამ ბანაკის" დინების წინააღმდეგ მოცურავე ვიყავი.

ყველა პროცესს ვუყურე, ნანახი მაქვს თავიდან ბოლომდე. ყურსასმენით დავდიოდი და 7 საათი რომ იყო პროცესი, შვიდივე საათს ვუყურებდი. ვუსმენდი არგუმენტებს, პასუხებს და ამით ვიქმნიდი აზრს, რადგან ძალიან მძიმე ამბავი იყო. მქონდა ძალიან ლოგიკური კითხვა, მაჩვენეთ ლაბორატორიული დასკვნა, სადაც წერია რა, და როგორ არის."

 

***

 

"ხანდახან მიწევს, ავყვე დღის წესრიგების ომს, რაღაც შემოგდებულ თემებს. აი, ყველა მხარე სულ შეთქმულების თეორიაში შედის, სხვათა შორის, ამ მხრივ, ოპოზიციაც. უთქვამთ, ეს თემა ხელისუფლების შემოგდებულია და საერთოდ არ ილაპარაკოთ ამაზეო. მაგალითად, ისეთ თემაზე, როგორიც პრეზიდენტი იმპიჩმენტი იყო.

მე არ შევდივარ მათ აღქმებსა და თეორიებში. მოცემულობაა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იწყება და რატომ არ უნდა გავაშუქო? ოპოზიცია კი ამბობს, შემოგდებული თემაა, ჩვენი აქტივობები რომ გადაიფაროსო და მე ვეუბნები, დამანახეთ თქვენი არგუმენტები, მითხარით, სად შექმენით ხელისუფლებისთვის ისეთი პრობლემა, რომ მე იმპიჩმენტის გაშუქებით ის მივჩქმალე-მეთქი.

ვერ ვიმარჩიელებ და აღქმებს ვერ წავყვები, ფაქტები ზედაპირზე დევს. მე, ამ ფაქტების ჩემი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებითა და მიწოდებით უნდა ვაჩვენო საზოგადოებას და ის თავად გამოიტანს დასკვნას. არავინ იფიქროს, რომ ვინმემ რაიმე არ იცის, ვინმე ვერ ერკვევა და ვინმეს აღზრდის მისია გვაქვს; ჩვენ წესიერად, კეთილსინდისიერად უნდა მოვუყვეთ მათ ამბები და ისინი თავად გაიგებენ.

 

***


ერთი ამბის შესახებ ძალიან ბევრ ამბავს რომ ვეცნობი, მერე იქიდან რამდენიმე ახალ ამბავს კი არ ვუყვები მაყურებელს, არამედ ვცდილობ, მათთვის დავალაგო ეს ამბები, და არა — აღქმები. და ეს ამბები მივაწოდო, როგორც მე ვხედავ. მე არ მაქვს სხვა დღის წესრიგი. ჩემი გადაცემის პრომოსთვისაც ასეთი ფრაზა მოვიფიქრე: არა პოლიტიკური, არამედ — პროფესიული დღის წესრიგი. არ მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთადერთ ამოცანა მაქვს, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო, ამიტომ, ამ ამოცანიდან გამომდინარე, ისე ვალაგებ ფაქტებს, როგორც საჭიროდ მივიჩნევ, მაგრამ ამას წინ უძღვის მუშაობა.

ვცდილობ, ყოველ დღე ვიმუშაო საკუთარ თავზე, ყოველდღიურად ვკითხულობ უამრავ რამეს. თემა უნდა იცოდე, რომ დაიწრიტოს და შემდეგ, მხოლოდ საჭირო და სასარგებლო მიიტანო აუდიტორიამდე."

"ახლა რაც ხდება, კაცის კაცებისა და დუბლიორების პოლიტიკაა"

დიანა ტრაპაიძე: "ძალიან დიდი ხანია, სხვადასხვა ფორმით ვაშუქებ: ჯერ კიდევ წინა საუკუნეში "მოამბეში" ვმუშაობდი, შემდეგ "იმედში", 2003 წლის ვარდების რევოლუციისას პარლამენტის დარბაზში ვიყავი და იქიდან ვაშუქებდი ამ ამბავს, და მას შემდეგაც, სულ ეთერში ვარ, ბოლოდ როს ყოველდღე. მთავარ დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომ თითქმის არ მახსენდება მთელი ეს დრო ასეთი მდარე სადისკუსიო თემები და ასეთი მდარე პოლიტიკური კლასი. რატომ, იცით? — თავიდან მთავარი გმირები, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ პროცესის მონაწილეები, ხოლო ახლა რაც ხდება, ეს კაცის კაცების და დუბლიორების პოლიტიკაა.

ადამიანს კითხვას რომ უსვამ, გრძნობ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არის გადაწყვეტილების მიმღები. რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი თვითკმარი პოლიტიკოსის გარდა, ადამიანები საკუთარ თავს არ წარმოადგენენ პოლიტიკაში და დუბლიორების მიერ შემოტენილ, მდარე დისკუსიებში ვართ ჩაბმულნი.

ხელისუფლებაც, რომელიც არ დადის ჩემს გადაცემებში, მიეჩვია იმას, რომ მედიისგან მიმართული ყველა ისარი ივანიშვილისკენ მიდის და ამ დროს ავიწყდებათ, რომ ჩვენ ყველა, ჩვენივე სახელი, გვარი და ბიოგრაფია ვართ და აი, ამის გათვალისწინებით, მე უშუალოდ მათ დავუსვამდი კითხვებს."

"სანამ წონასწორობას ვინარჩუნებ, ვფიქრობ, ამით ვუგებ ხელისუფლებას, ოპოზიციასაც"

დიანა ტრაპაიძე: "ყოველ დღე, როდესაც ამ პროფესიაში ვარ, ვცდილობ, შევინარჩუნო წონაწორობა. ზომიერება ჰქვია ამას. ამის გამო, ზოგი შუაშისტს მეძახის, ზოგი მეუბნება, შენი "გაფილტრული ობიექტურობა" ცოტა მოსაწყენიაო, ბრძოლაა, ომიაო. და ვპასუხობ, როდესაც ომია, პროფესიის შენარჩუნება მაშინ არის მნიშვნელოვანი -მეთქი.

ძალიან ბევრი გამოწვევაა და სანამ წონასწორობას ვინარჩუნებ, ვფიქრობ, ამით ვუგებ ხელისუფლებას, ოპოზიციასაც. ნახეთ, რა ქნა ხელისუფლებამ: ჯერ გარნენ ჩვენი [ხელისიფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიები] ეთერებიდან, რითიც, ფაქტობრივად, გაგვანახევრეს, როგორც ჟურნალისტები. შემდეგ კი დაიწყო თავდასხმების სერია.

მახსოვს, ირაკლი კობახიძე [საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე] ამბობდა, გარყვნილი ჟურნალისტებიო, და ჩამონათვალში ჩემი გვარი რომ მოვისმინე, შოკში ჩავვარდი, მაგრამ ამის მიზანი ხომ ის იყო, დამრღვეოდა წონასწორობა და შემდეგ, ძალიან იოლად გადამისვრიდნენ რომელიმე ბანაკში.

მაგრამ ვიდრე ჩემი გადაცემის ეთერის კომენტარებში ერთი მაყურებელი წერს, ქოცი ხარო და მეორე წერს, რომ შენ ხარ ნაცი, ამას ვებღაუჭები, როგორც წონასწორობის საფუძველს."

მოუსმინეთ ამ პოდკასტს აქ:

ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.

პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.

პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: შორენა შავედაშვილი


ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ