„ბიზნესპარტნიორი“ - როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკონომიკურ საკითხებს
03.03.2025

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, ეკონომისტი



2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მანიფესტაციები, აქციები, მსვლელობები თუ მარშები ბევრ ქალაქში, ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე შეგხვდებოდათ. თუმცა, აქციების მუდმივ წერტილად 2 ლოკაცია შეიძლება მივიჩნიოთ - პარლამენტთან, რუსთაველის გამზირი და  კოსტავას ქუჩა, საზმაუს წინ. დაწყებული პროტესტების პარალელურად აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი თვლის და, შეიძლება ითქვას - სამართლიანადაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებული მნიშვნელობის ტელევიზიაა, ვინაიდან ის ხალხის საკუთრებაა. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება კი „პირველი არხისაკენ“ მიმართული იყო იმდენად, რამდენადაც ისინი თვლიდნენ, რომ მათი ტელევიზია მათ არ წარმოადგენდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის საკითხს თავის დასკვნაში ეუთო/ოდირიც გამოეხმაურა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშში სადამკვირვებლო მისია წერს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა პარტიას ძირითადად პოზიტიურ ან ნეიტრალურ კონტექსტში აშუქებდა, თუმცა ახალი ამბების გაშუქებისას, მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი დროით უპირატესობა მიანიჭა.“ (გვ.6) ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება მაუწყებლის პოზიტიური შეფასება გვეგონოს, თუმცა ვეცდები გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ მაგალითზე გაჩვენოთ, რას ნიშნავს „მეტნაკლებად პოზიტური“ ან „ნეიტრალური“ და „მნიშვნელოვანი დროითი უპირატესობა“. ეს ეკონომიკური გადაცემა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია, ვინაიდან აქ - არა პოლიტიკურ შეფასებებზე, მოსაზრებებსა და აღქმებზე, არამედ რიცხვებზე და სტატისტიკაზე შეგვიძლია დაკვირვება.

პირველი მაგალითი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი

გადაცემის წამყვანმა, მაია ჭუჭულაშვილმა, 6 თებერვალს, შესავალში აღნიშნა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად, 4.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შემდეგ სტუმარს, მარიამ ქვრივიშვილს ჰკითხა (1:20-დან): „4.4 მლრდ, მე სრულიად გააზრებულად ვთქვი, დიახ, ეს არის რეკორდული შემოსავალი... აი ამ პროცესის განმავლობაში [პოლიტიკური კრიზისი] 4.4 მლრდ-ს ელოდა თუ არა ტურიზმის მიმართულებით პასუხისმგებელი, ელოდით თუ არა პირადად თქვენ, იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ აი ეს შედეგი გვექნებოდა - 4.4 მლრდ?“

წამყვანი აღფრთოვანებულია - 4.4 მილიარდი, რეკორდული შემოსავალი „კრიზისის დროს“. მონაცემი თანხობრივად სწორია, თუმცა ზრდის ტემპი 7.3%-ია, მაშინ როცა 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - 18%-ით, 2013 წელს - 21%-ით, 2017 წელს - 28%-ით და 2012 წელს 50%-ით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ წამყვანს აღფრთოვანება არც დაუმალავს, მაშ, რა იყო რეკორდული რიცხვი?! მხოლოდ ნომინალური მაჩვენებელი ბევრს არაფერს ამბობს, ვინაიდან ის, ბოლო 14 წელია, ყოველთვის „რეკორდულია“ - 2010 წლიდან დღემდე, 2020 წლის - ანუ პანდემიური წლის გამოკლებით, ყოველ მომდევნო წელს ტურიზმიდან შემოსავალი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წელს.

ეს მაგალითი აჩვენებს, რომ მართალია, გადაცემაში ტექნიკურად არასწორი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა წამყვანის მხრიდან ტერმინების შერჩევა მაყურებლის/მსმენელის შთაბეჭდილებას იმგვარად ცვლის, რომ რეალური კონტექსტი აღქმადი აღარაა. საყურადღებოა ისიც, რომ ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან საუბარში ხდება. შედეგად მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ გვაქვს „რეკორდული“ მიღწევა და ეს მიღწევა „ხელისუფლების“ დამსახურებაა.


მეორე მაგალითი - ეროვნული ბანკის რეზერვები


2024 წლის 7 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდული თანხით, 628 მლნ დოლარით შემცირდა. მეორე დღეს აღნიშნული ინფორმაცია ეთერში გავიდა, (21:48-დან) ითქვა ისიც, რომ წლიურად რეზერვები კიდევ უფრო მეტად, 1 მლრდ-ით შემცირდა და რომ მისი მოცულობა 2022 წლის ივნისის დონეს დაუბრუნდა, თუმცა მოკლე 30-წამიანი ნიუსი (49-წუთიან გადაცემაში) მესამე თემად, მხოლოდ 22-ე წუთზე შეგხვდებოდათ. გარდა ამისა, წამყვანს არ უთქვამს, რომ პიკთან, 2023 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით კლება 1.3 მლრდ-ზე მეტი იყო და არც ის, რომ სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული ადეკვატურობის კოეფიციენტი იყო დარღვეული. დამატებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ წამყვანმა კლება ძირითადად სავალუტო ინტერვენციებს დაუკავშირა და არაფერი უთქვამს Bmatch პლატფორმაზე. მართალია, ამ პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები 25 ნოემბერს გახდა ცნობილი, მაგრამ 628 მლნ-დან სავალუტო აუქციონზე 213 მლნ გაიყიდა, რაც მესამედზე ოდნავ მეტია. რაც მესამედია, ის ძირითადი ვერ იქნებოდა.

რეზერვების თემას მოკლე 2-წუთიანი სიუჟეტით „ბიზნესპარტნიორი“ მომდევნო 11 თებერვლის (ორშაბათის) გადაცემაში დაუბრუნდა (5.22-დან). გაჟღერდა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას პოზიცია. თურნავასთვის არც კრიტიკული კითხვა დაუსვამთ და არც მისი ნათქვამი გადაუმოწმებიათ. მან განაცხადა, რომ 2023 წელს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც სიტყვასიტყვით სწორია, თუმცა 2023 წელს ეროვნული ბანკის რეზერვები არა - 1.3 მლრდ-ით, არამედ მხოლოდ 100 მლნ დოლარით გაიზარდა.

მოცემული მაგალითი ცალსახად მიუთითებს ორ მნიშვნელოვან მახასიათებელზე: 1. ხელისუფლებისთვის ნაკლებად სასურველი რეალობა გაჟღერდეს შედარებით გვიან და შედარებით მოკლე სიუჟეტში; 2. ხელისუფლებისთვის არასასურველ რეალობაზე საუბრისას კრიტიკული კითხვები და საწინააღმდეგო აზრი არ მოგვისმენია.


მესამე მაგალითი - ინვესტიციები


9 სექტემბერს საქსტატმა მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემები გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით იყო გაზრდილი. თემას იმავე დღეს „ბიზნესპარტნიორმა4 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა (22:20-დან). რეპორტაჟში არ უხსენებიათ ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, როგორიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-ისთან ფარდობაა. არც ის, რომ ბოლო წლებში რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია და ახალი ინვესტიციები მინიმუმამდეა დაყვანილი. რეინვესტირების შესახებ მხოლოდ უშუალოდ მეორე კვარტალზე იყო მოცემული ინფორმაცია.

საინტერესოა,  4-წუთიანი სიუჟეტი საკმაოდ ხანგრძლივი დროა და, რა ხდება მაშინ, როდესაც ინვესტიციები მცირდება?! ამისთვის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ მომზადებული სიუჟეტი ვიპოვეთ - 3 ივნისს საქსტატმა პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში ინვესტიციები 64%-ით იყო შემცირებული და ამ მასშტაბის შემცირების საკითხს 10 ივნისის გადაცემაში მხოლოდ 45 წამი დაეთმო (4:35-დან).

ეს მაგალითი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი მონაცემები მცირე ქრონომეტრაჟით უნდა გაშუქდეს. მოცემულ შემთხვევაში მაგალითი კიდევ უფრო ხელშესახებია, ზუსტად ერთი და იმავე ინდიკატორის გაშუქებას თუ შევხედავთ, დავინახავთ - როდესაც ხელისუფლებისთვის სასარგებლო იყო, გაშუქებას ეთერში დაახლოებით 6-ჯერ მეტი დრო დაეთმო.

 

მეოთხე მაგალითი - საჯარო დისკუსია დედოლარიზაციაზე

 

2025 წლის 13 იანვრის გადაცემაში სიუჟეტი დედოლარიზაციის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხის ქვედა ზღვარის 500 000 ლარამდე გაზრდაზე (28:02-დან) მომზადდა. ორი რესპოდენტიდან ერთი - საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია ნეიტრალურად იყო განწყობილი და მოვლენების ქრონოლოგიას მისდევდა, ხოლო მეორე - ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი მარეგულირებლის პოზიციას იცავდა. საპირისპირო აზრის მქონე ეკონომისტის ან პოლიტიკოსის მოსაზრება ეთერში არ გვინახავს.

13 იანვრის გადაცემის თემა - ეროვნული ბანკის რეზერვების 324 მლნ დოლარიანი ზრდა დეკემბერში (36:15-დან), სტუმარი კი ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე იყო. წამყვანმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ლარის ჭარბი მერყეობის გასანეიტრალებლად სავალუტო ბაზარზე აქტიურად იყო წარმომადგენილი, თუმცა არ უთქვამს, რომ დეკემბრის ზრდის მიუხედავად, 2023 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით, მილიარდ დოლარზე მეტი კლება ფიქსირდებოდა. თემაზე კრიტიკულად არც სხვა რესპოდენტს უსაუბრია.


მეხუთე მაგალითი - ექსპორტის ზრდა


2025 წლის 20 იანვარს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გაცნობისას (1:48-დან) წამყვანმა აღნიშნა, თუ რამდენი პროცენტით და რა თანხამდე გაიზარდა ექსპორტი, იმპორტი და მთლიანი ბრუნვა. დაასახელა ძირითადი საექსპორტო და საიმპორტო პროდუქცია, თუმცა მკაფიოდ არ უთქვამს, რომ ბოლო წლებში გაზრდილი ექსპორტი ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა და არც ის უხსენებია, რომ ადგილობრივი ექსპორტი 2021 და 2022 წლებთან შედარებით შემცირდა.

იმავე დღის გადაცემაში სტუმრად „რეფორმატიქსის“ წარმომადგენელი გიგა მელიქიშვილი იმყოფებოდა (30:02-დან). ხელისუფლებისადმი ლოიალურად ან ნეიტრალურად განწყობილი სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, წამყვანი გამოირჩეოდა კრიტიკული კითხვებით. რაიმეს უარყოფით ან ჩაკითხვებით, თითქმის, ყოველ წინადადებას აწყვეტინებდა სტუმარს.

მიმოხილული მაგალითები აჩვენებს, რომ მართალია, გადაცემაში გამოგონილი ფაქტები და კლასიკური გაგებით, დეზინფორმაცია არ გვხვდება, ის მაინც შორსაა ობიექტურობისგან და გადახრილია „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო პოზიციების გაჟღერებისა და დაცვისაკენ. მათთვის არასასურველი საკითხები კი - ჯეროვნად არ შუქდება.






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

ასევე იხილეთ