ყველგან რადიკალები, არსად ივანიშვილი
21.03.2025


არცერთი კითხვა ბიძინაზე


უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?! ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ - ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას 68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა, რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე, წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“. 



საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა ნამდვილად აქტუალურია...

მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა: 

შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება. 

  • არ გიქმნით უხერხულობას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორი ვიზიტი, როცა ორივეჯერ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით აღმოჩნდით, როგორიცაა: „ჰამასი”, „ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა“. ინაუგურაციაზე კი, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო, სულაც ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას“? 
  • რამდენად თავსებადია ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება? მათ შორის, მათთვის ანაკლიის პორტის გადაცემა, ბოლო-ბოლო „ესაქმებათ თუ არა ამერიკელებს შავ ზღვაში“? (ეს ივანიშვილის ცნობილი ციტატის პერიფრაზია, რაც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა).

„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები, მტრები, ჩალის ფასი“

კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა, გეკითხა ჟურნალისტს აქ:

  • ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ ახლა ომში უნდა ვიყოთ ჩართული?
  • როგორ ჯდება თქვენს ,,ომის“ თეორიაში, რომ მოლდოვას საქართველოზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი და მას ბრძოლაში ჩართვა არ მოუწია? 
  • ამბობთ, რომ ევროპარლამენტი მისი ბოლო რეზოლუციითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს. სინამდვილეში, „რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სანქცია დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ჩამონათვალში ხართ თქვენც და „პირველი არხის“ ხელმძღვანელობაც. 

ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია, სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა ივანიშვილი. 

ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე. 

  • „პირველი არხის“ მაყურებელი იმსახურებდა იმის გახსენებას, სინამდვილეში, როგორ იქცეოდნენ მოგვიანებით სწორედ სისასტიკის გამო სანქცირებული ძალოვანები, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც პირდაპირ ჩართული იყო დარბევაში და რუპორით აგინებდა მომიტინგეებს. 
  • კობახიძისთვის წამყვანს რამდენიმე ინციდენტზე საუბრისას უნდა შეესწორებინა და მოეყვანა მშრალი ფაქტები, მათ შორის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის განცხადებიდან: 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე  შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით  450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, - ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო, მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ ძალადობად ჩაითვალოს )

აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.

არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!

„მოსყიდულები, დაფინანსებულები, კოლექტიური ნაცები, აგენტები“...

ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე რეალური სივრცის რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.

აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“, როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?

ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია. 

მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის: 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.

  • აქვე ვკითხავდი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ოცნება“ იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომლებიც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გამო გადაუდებელი და სასიცოცხლო დახმარების გარეშე დარჩნენ.

ლეგიტიმაცია

კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს, რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

  • არჩევნებამდე რატომ არ უთხრეს ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაჩერებას გეგმავდნენ? ექნებოდათ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა?

დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა. 

ჭიათურა 

ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის გარეშე.

კონტექსტი

„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს „ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას, ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე მივიდა. 

ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის გვერდს. 

მაგალითად:

მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს“. 

აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს, ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას - ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა. 



P. S. 

ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ