ამ ბლოგში, როგორც თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში“
წერია, მხოლოდ უტყუარ ფაქტებს, ზუსტ მონაცემებს დავეყრდნობი და
დასკვნების გამოტანას მკითხველს მოგანდობთ.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. პირველ დღეებში სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციების დასარბევად სპეციალურ საშუალებებსაც იყენებდა. შსს-ის ძალები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ შორის აღმოჩნდნენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებიც.
შესადარებლად ვნახოთ, როგორ გააშუქა მაუწყებელმა დათო
ბეჟანიშვილისა და ბესო გაფრინდაშვილის შემთხვევები. ტელევიზიის
პირდაპირი ჩართვის ოპერატორი, დათო ბეჟანიშვილი 29 ნოემბერს
სპეცრაზმელებმა სცემეს, „მოამბის“ ოპერატორს, ბესო გაფრინდაშვილს კი 4
დეკემბერს საპროტესტო აქციის მონაწილის მიერ ნასროლი პიროტექნიკა
ხელში მოხვდა.
დათო ბეჟანიშვილის საქმე
29.11.2024, „მოამბე“ 12:00 საათზე
“საპროტესტო აქცია თბილისში. რუსთაველზე შეკრებილების მოთხოვნა, დაპირისპირება პოლიციასთან და დაკავებები”, - ასეთია 12-საათიანი „მოამბის“ ინტრო. ამ გამოშვებაში ნახსენებია დაშავებული ჟურნალისტები, მაგრამ არ არის ნაჩვენები კადრები.
„მოამბის” წამყვანი, ლიზა წიკლაური გვიამბობს, რომ: „გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული სხვადასხვა საშუალებების შედეგად აქციის მონაწილეებთან ერთად დაშავდნენ ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები. მათ შორის არის „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ჩართვის თანამშრომელი დავით ბეჟაშვილი, რომელსაც სახის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.”
ამის შემდგომ მასალაში წამყვანი ამბობს, რომ გასულ ღამეს, „აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა უფრო კონკრეტულად, მათ შორის ფიზიკური დაზიანება მიიღო „ფორმულას“ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ, „პუბლიკას” ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა და ასევე, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა, დავით ცაგარელმა.”
ამის შემდეგ „პირველი არხი“ უკვე ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს: “რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათ შორის დაზიანება მიიღო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელმა დავით ბეჟანიშვილმა. პირველი არხი მიმართავს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ და მოახდინონ რეაგირება, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან.”
29.11.2024, „მოამბე” 15:00 საათზე
15:00-საათიან „მოამბეში“ უკვე გავიდა, „რადიო თავისუფლების“ ლოგოთი, გურამ როგავაზე თავდასხმის კადრები. ასევე, ჩანს დავით ბეჟაშვილის ცემის კადრებიც, მაგრამ მისი იდენტიფიცირება და ახსნა, რომ სწორედ ეს ადამიანია „პირველი არხის“ ჩართვის ოპერატორი არ ყოფილა. ასევე, იდენტიფიცირების გარეშე ჩანს „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტზე თავდასხმის რამდენიმეწამიანი კადრი.
29.11.2024, „მოამბე” 18:00 საათზე, წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც გამოთქმული პროტესტის გამო, დაახლოებით ერთ თვეში გამოშვებას ჩამოაცილეს.
18:00-საათიან „მოამბეში“ ჩანდა, რომ წამყვანის ტექსტი, რომელიც ჟურნალისტების დაშავების ფაქტებს დეტალურად აღწერდა, ეთერში გასულ კადრებთან აცდენილი იყო. მიზეზი გახლდათ ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ტექსტი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და არ იყო შეთანხმებული წინასწარ აწყობილ კადრებთან.
ამის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ 29.11.2024-ის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში, 21:00 საათზე, მაყურებელი დეტალურად მოისმენდა და ნახავდა ინფორმაციას ტელევიზიის დაშავებული თანამშრომლის შესახებ, მაგრამ ასე არ მოხდა.
„დაშლილი საპროტესტო აქცია და დაშავებული
ჟურნალისტები“, - პირველივე
სიუჟეტიამ სახელწოდებით გადის. აქაც ისმის
დაშავებული ჟურნალისტების გვარები, მაგრამ ისევ და მაინც არ არის
აღწერილი, როდის, რა პირობებში და რამდენად დაშავდნენ ისინი.
კადრებში, რომელიც ეკრანზე ჩანს, დაზარალებულების იდენტიფიცირება ისევ
შეუძლებელია. “რამდენიმე ჟურნალისტი სამართალდამცავთა მიერ ძალის
გადამეტების შედეგად დაშავდა და მათ საკმაოდ მძიმე დაზიანებები
მიიღეს, მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ჯუფის
წარმომადგენელი დავით ბეჟანიშვილი, „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ
როგავა, „რადიო თავისუფლების” რეპორტიორი, დავით ცაგარელი, ონლაინ
გამოცემა “რესპუბლიკას” [იგულისხმება „პუბლიკა“, ნ.კ.] ჟურნალისტი
ალექსანდრე ქეშელაშვილი და სხვები“, - ისმენს მაყურებელი.
ბოლოს, მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 9 დეკემბერს,
21:00-საათიან “მოამბეში” გადის ვრცელი სიუჟეტი
დაშავებული ჟურნალისტების შესახებ, რომლის ავტორიც ბელა ზაქაიძეა. აქ
მაყურებელი ნახავს ინტერვიუს ყველა დაშავებულთან და მათ შორის დათო
ბეჟანიშვილთანაც.
ბესო გაფრინდაშვილის საქმე
ბესო გაფრინდაშვილი 04.12.2024-ის „მოამბის“ 12:00-საათიანი გამოშვების პირველივე სიუჟეტში - „დაშავებულების მდგომარეობა“ ახსენეს და ოთხჯერ, განმეორებით აჩვენეს კადრი, როგორ ესვრის მას აქციის მონაწილე პიროტექნიკას. შემდეგი სიუჟეტის სახელწოდებაა - „საპროტესტო აქცია თბილისში“, სადაც „მოამბის” წამყვანი, ლიზა წიკლაური დაშავებული მედიის წარმომადგენლების შესახებ კითხულობს ტექსტს: “რაც შეეხება უშუალოდ მედიის წარმომადგენლებს, როგორც უკვე მოისმინეთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული და ის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.”
04.12.2024-ის 15:00-საათიან „მოამბეში” წამყვანი „პირველი არხის“ თანამშრომლის დაზიანების შესახებ ისევ გვიამბობს და ისევ განმეორებითი კადრებით გვაჩვენებენ მომიტინგეს, რომელიც ბესო გაფრინდაშვილს ფოიერვერკს დამიზნებით ესვრის.
თუკი, 12:00-საათიან „მოამბეში“ ექიმის სატელეფონო ინტერვიუ გაუშეს, რომელიც დაზარალებულების შესახებ ჰყვებოდა და რთული გასარჩევი იყო, ვის მდგომარეობას აღწერდა, 15:00-საათიან გამოშვებაში უკვე მისი ვიდეო ინტერვიუ აჩვენეს, რომელიც დაშავებული ოპერატორის, ბესო გაფრინდაშვილის შესახებ ამბობს: „შემოვიდა ჩივილებით, ტკივილები მესამე/მეოთხე თითის საფრჩხილე ფლანგის არეში. დაედო რბილი ნახვევი ფლანგებზე და რეკომენდაციით გაეწერა ბინაზე.”
4 დეკემბრის მთავარ გამოშვებაში -„მოამბე” 21:00 საათზე, ისევ განმეორდა ტელევიზიის ოპერატორის დაშავების ამბავი, სადაც ნაჩვენები იყო ექიმის კომენტარი, აქციის მონაწილის კადრები განმეორებით, რომელიც ბესო გაფრინდაშვილს ფოიერვერკს ესვრის და ოპერატორი სასწრაფო დახმარების მანქანიდან.
როგორ ფიქრობთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო გამოშვებაში ერთი და იმავე პერიოდში დაზარალებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია რატომ გაშუქდა განსხვავებულად? მაგალითად, თუკი ერთ შემთხვევაში არ დასახელდა თავდამსხმელი, არ გვაჩვენეს დაზარალებული და არ ჩაწერეს ექიმის კომენტარი, რატომ მოიქცნენ მეორე ინციდენტის დროს საპირისპიროდ? რატომ გვაჩვენეს თავდამსხმელი, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ექიმის კომენტარი?
სამაგიეროდ, 30 იანვარს, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განსხვავებული პოზიციის მქონე ჟურნალისტების და მათ შორის, ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მისამართით თქვა: „მე არ მახსოვს, ჩვენს თანამშრომლებს, იმ ოცამდე ადამიანს, რომელიც ახლა იდეას იცავს, დათო ბეჟანიშვილის სახელი და გვარი ეხსენებინოს სადმე. რატომ? რადგან ის ცნობადი სახე არ არის? რადგან ის ჩართვის ოპერატორია?”
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.