დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე
კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
კონფერენციის პარალელურად „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“
(RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტების გათავისუფლება
მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“
RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა.
როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.
RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.