„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“
განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია
აუკრძალა, საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კვლავ
საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს.
ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ ვინაიდან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია ევროპული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ვეღარ განხორციელდებოდა, საექსტრადიციო პატიმრობის საბოლოო ვადა კი ძალიან მალე, 3 მაისს იწურება (ამ პერიოდში მისი ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო და არსებით გადაწყვეტილებას კი ევროპული სასამართლო ვერ მიიღებს), სადიგოვის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება ან პატიმრობის სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიებით (გირაო) შეცვლა აუცილებელი იყო.
„მოსამართლის შეფასებით, დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. სასამართლოს შეფასებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიემართება ექსტრადიციის შეჩერებას და არა მის აკრძალვას, ამიტომაც იგი ვერ განიხილება ახალ არსებით გარემოებად“.
SJC-ის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს განჩინება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამაც და 17 მარტს მიღებულ განჩინებაში მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიებაზე.
სასამართლოს განმარტებით, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ექსტრადიციის შეჩერება ან შესაძლო აკრძალვა, რატომ განაპირობებს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჭიროებას, მაშინ როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ აფგან სადიგოვი მართლმსაჯულებას მიემალება.
„არც ერთმა სასამართლომ არ იმსჯელა საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და გამოსადეგობის საკითხზე, აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ თუ ექსტრადიციის მიზანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე პრაქტიკულად ვერ შესრულდება და ამდენად აღარც არსებობს,რამდენად აუცილებელია საექსტრადიციო პატიმრობის, როგორც სწორედ ექსტრადიციის უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენება/შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოებს არ უმსჯელიათ, აფგან სადიგოვის პატიმრობაში დატოვება ხომ არ გამოიწვევდა მის მიმართ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების უხეშ, გაუმართლებელ და არაპროპორციულ დარღვევას“, - ვკითხულობთ SJC-ის განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სრულიად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს:
„იმ პირობებში, როცა საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადაა 9 თვე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ის აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს, და აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა მიმდინარე წლის 3 მაისს იწურება, გაუგებარია, რა სამართლებრივი აუცილებლობა დგას მისი პატიმრობაში დატოვებისთვის. ამასთან, სასამართლოებმა არ იმსჯელეს, სხვა უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება რატომ არ იქნებოდა უფრო პროპორციული მექანიზმი კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად, მით უფრო, რომ პატიმრობის გამოყენების ამოწურვამდე ისედაც მხოლოდ 1.5 თვეა დარჩენილი“.
Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი თბილისში, გასული წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს პატიმრობა მეორედ, კიდევ 3 თვით 2025 წლის 31 იანვარს გაუხანგრძლივა.