„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო მედიის
შემზღუდავი ის
კანონპროექტიც, რომელიც მაუწყებლებს „უცხოური
ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან
ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღებას
უკრძალავს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
აკრძალული იქნება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ამ ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს, 19 მარტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ონლაინ მედიის „უცხოეთიდან“ დაფინანსების რეგულირების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
კანონპროექტის მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა დასაწყისში დააზუსტა, რომ „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების აკრძალვა მაუწყებლის „ნებისმიერ საკომუნიკაციო არხს“ შეეხება.
„არაერთი კითხვა იყო დასმული პროცესში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების აკრძალვაზე, ამ შემთხვევაში, როცა საუბარია მაუწყებელზე, ხდება თუ არა მათ შორის მაუწყებელთა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები... მოგეხსენებათ სატელევიზიო, საეთერო მაუწყებლების გარდა, ცალკეულ მედიაორგანიზაციებს აქვთ ასევე ინტერნეტ მედიის საკომუნიკაციო არხები, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით და რა თქმა უნდა, როდესაც აქ საუბარია მაუწყებელზე, კონკრეტულ მაუწყებელზე, მის ნებისმიერ საკომუნიკაციო არხზეა საუბარი. ვინაიდან არა რომელიმე კონკრეტულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხს, არამედ მედიას ეხება ეს, რომელიც ეწევა მაუწყებლობას. ამის დაზუსტება მინდოდა თქვენის ნებართვით“.
იონათამიშვილის მოსაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განავრცო: „ზუსტად ამავე ლოგიკიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ გარკვეულმა ძალებმა უცხოეთიდან დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ონლაინ მედია, მათ შორის თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ხომ არ უნდა იყოს აქაც რეგულაცია იმდაგვარი, რომ რასაც პოპულარულ ენაზე ონლაინ მედიას ვუწოდებთ ხოლმე, მათზეც გავრცელდეს ანალოგიური შეზღუდვა“.
გორდულაძის „სულისკვეთება“ რატი იონათამიშვილმა გაიზიარა და ამ საკითხის დარეგულირებისთვის აქტიურად სამუშაოდ სრული მზადყოფნა გამოთქვა:
„იმ სულისკვეთებას, იდეას, რასაც თქვენ კითხვის მეშვეობით დასვით, ვიზიარებ. უბრალოდ, ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას სჭირდება, მიმაჩნია, ცვლილებები სხვადასხვა კანონებში, ანუ პაკეტის სახით შემუშავება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ინტეგრირება დღეს ჩვენ გაგვიჭირდება, მაგრამ გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, რომ კანონშემოქმედებით პროცესის თვალსაზრისით, ვიმუშაო აქტიურად ამ საკითხის დარეგულირებაზე. ვინაიდან, გეთანხმებით ასევე, რომ როგორც ინფორმაციის წყარო, საზოგადოების აზრზე გავლენის მოქმედი ინსტრუმენტი დღეს ინტერნეტ მედიის საშუალებები კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენება, ვიდრე მაუწყებლობა და რაც დრო გადის, ეს თანაფარდობა სწორედ ინტერნეტ მედიის სასარგებლოდ იცვლება“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ „ფართო თემაა და ალბათ, ერთ-ერთი პირველები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, ბევრი წახნაგია, ხომ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ და ამას სჭირდება ძალიან კომპლექსური მიდგომა“. მდინარაძემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, ერთი მხრივ, ნორმის აღსრულების მექანიზმების თვალსაზრისით და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ონლაინ მედიის შეზღუდვაზე „სპეკულაციების სივრცე“ არ დარჩეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 19 მარტს მეორე მოსმენით მიიღო მედიის შემზღუდავი ის კანონპროექტიც, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს.
ვრცლად, თუ რა ცვლილებებს იღებს „ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, იცილეთ „მედიაჩეკრის მასალა - „იერიში კრიტიკულ მედიაზე“- რა ცვლილებებს იღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნება“.