პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი რუსეთი და “შეშფოთებული დასავლეთი” - რა იმალება რუსული სტატისტიკის უკან
18.05.2020
არის თუ არა რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 1%-ზე დაბალი - ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი ამას უარყოფს, საერთაშორისო მედია წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულების რეალურ რაოდენობას მალავს. პრორუსული გამოცემები კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის გამოქვვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა რეალურია და მოსკოვს კორონავირუსი “სრული კონტროლს ქვეშ აქვს” აყვანილი.

კრემლისტური გამოცემები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც რუსეთის მიერ მონაცემების დამალვაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები ალაპარაკდნენ. 11 მაისს The New York Times-მა მკითხველს აცნობა, რომ მოსკოვში “კორონავირუსის საიდუმლო ამოხსნილია”. გამოცემა წერს, რომ აპრილში მიღებული ბუნდოვანი მონაცემები რუსეთის მიერ გაცხადებულ დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელს ეჭვქვეშ აყენებს.

“პარასკევს მოსკოვის ქალაქის მთავრობამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ აპრილში რუსეთის დედაქალაქში რეგისტრირებულ გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1,700-ით აღემატებოდა იმავე პერიოდის ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს. ეს რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა - 642”, - წერს The New York Times.

გამოცემა დამოუკიდებელ დემოგრაფს ეყრდნობა და ამბობს, რომ საერთო ჯამში, მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის დაახლოებით 70% დაფიქსირებული არ არის. ასევე, ექსპერტებზე დაყრდნობით The New York Times წერს, რომ უფრო ნათელი სურათი, სავარაუდოდ, მაისის თვის მონაცემების გამოქვეყნებისას გამოვლინდება.

არასწორ სტატისტიკაზე და მონაცემების დამალვაზე წერს Financial Times-იც. “რუსეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 70 %-ით მეტია, ვიდრე ოფიციალური მაჩვენებელი” - ამ სათაურით მასალა გამოცემამ 11 მაისს გამოაქვენა.

Financial Times-ის სტატიას სპეკულაცია უწოდა რუსულმა სააგენტო News Front-მა, რომელიც ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით გამოირჩევა

12 მაისს News Front-მა მოსკოვის მერზე დაყრდნობით დაწერა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები სრული კონტროლის ქვეშ აქვს მოქცეული. მოგვიანებით კი, როდესაც14 მაისს რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა, News Front-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით - “დასავლეთის პროპაგანდა შეშფოთდა – რატომ არის რუსეთში “კოვიდით” გამოწვეული სიკვდილიანობა მხოლოდ 1%?”

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს, მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევების 60% სხვა დაავადებამ გამოიწვია და ამიტომ მათ კორონავირუსით გარდაცვლილებს არ მიაკუთვნებენ.

რუსეთის ხელისუფლების აღნიშნული განცხადების შემდეგ, News Front მოსკოვის გამართლების პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების დისკრედიტაციას შეეცადა. რუსული სააგენტო წერს, რომ რუსეთის მთავრობა ლაკონურად და გასაგებად გადმოსცემს ფაქტებს, ამის საპირისპიროდ კი, ეჭვქვეშ აყენებს Financial Times-ის სანდოობას, “რადიო თავისუფლებას” კი ამერიკულ პროპაგანდისტულ გამოცემად მოიხსენიებს.

“რუსეთის დედაქალაქის ჯანდაცვის უწყებამ უარყო ბრიტანულ “ფაინენშენლ ტაიმსში” გამოქვეყნებული “გამოთვლები” და სპეკულაციები იმის შესახებ, რომ თითქოს მოსკოვში (და, სავარაუდოდ, მთელ რუსეთში) კორონავირუს 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა სტატისტიკურად არ აისახება და, ეს რაოდენობა, სულ მცირე, 72%-ით მეტი უნდა იყოს. “ფტ”-ს კვერი დაუკრა ამერიკულმა პროპაგანდისტურმა “რადიო თავისუფლებამაც”. კონკრეტული ეჭვები მათ ქალაქ მოსკოვის სტატისტიკის მოხმობის საფუძველზე გამოთქვეს, სადაც, გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში 1800-ით მეტი გარდაცვალებაა დაფიქსირებული. დასავლური მასმედიის აზრით, ეს “ზედმეტი” რაოდენობა სწორედ “კოვიდ19”-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები უნდა იყოს”, - წერს News-Front და ამის საპირწონედ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებას ვრცლად ციტირებს.

დასასრულს კი, მკითხველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ რუსეთში COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა 1 პროცენტს არ აღემატება და “როგორც ჩანს, დასავლეთი ამ ფაქტით ძალზე “შეშფოთებულია”.

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელს სხვადასხვა ქვეყანაში სიკვდილობის სტატისტიკის რეგისტრაციის განსხვავებული მეთოდოლოგიით ხსნის:

“რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“) ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში, თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი... თუ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ, მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.” - წერს მაია ბუწაშვილის ფეისბუკის პირად გვერდზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც News Front პრორუსულ მესიჯებს ავრცელებს და დასავლეთის დისკრედიტაციას ცდილობს. გამოცემა დიდი ხანია შემჩნეულია რუსულ პროპაგანდაში. 30 აპრილს Facebook-მა სააგენტო News-Front-ის ქსელი სოციალური ქსელიდან წაშალა.

„ნიუს-ფრონტი“და მასთან კოორდინირენული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, პრო-რუსულ გზავნილებს და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას „ფეისბუქის“ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით”, - ნათქვამია ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ