სადიგოვის საქმე ვრცლად: საექსტრადიციო პატიმრობა სააპელაციოში გასაჩივრდა
08.08.2024


აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება აფგან სადიგოვის ადვოკატმა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ დიმიტრი ნოზაძემ მიაწოდა. სააპელაციომ საჩივარი 5 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს.

თბილისში დაკავებულ სადიგოვს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმადააკავა.3 აგვისტოს შსს-ში განაცხადეს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა.


სადიგოვის ქართული საქმე

დიმიტრი ნოზაძემ აფგან სადიგოვის საქმეზე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილა, რაც სასამართლომ, ამ შემთხვევაში, არ გაითვალისწინა. როგორც მან აღნიშნა, აფგან სადიგოვი თბილისში 2023 წლის დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო მის წინააღმდეგ საქმე აზერბაიჯანში 2024 წლის 9 მაისს აღიძრა, ქვეყნის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

ნოზაძის განცხადებით, აზერბაიჯანის სასამართლომ სადიგოვის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მეორე დღესვე მიიღო, 11 მაისს კი უკვე ძებნილად გამოაცხადა. ადვოკატის თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობიდან გამომდინარე,  აღნიშნული ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებსა და საქართველოს პროკურატურას უკვე ჰქონდა. „16 ივლისს აქვთ უკვე ყველანაირი ინფორმაცია, რომ პირი არის იქ ძებნილი და არის თხოვნა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, რომ პირი დააკავონ საექსტარდიციო პატიმრობისათვის“.

როგორც დიმიტრი ნოზაძე განმარტავს, შუამდგომლობაში დაკავების საფუძვლად მითითებულია, რომ სადიგოვი გამოძიებას თავს არიდებდა, რის შესახებაც  ის ინფორმირებული არ იყო. 

„ამ ადამიანისთვის არც აეროპორტში განუმარტიათ, არც ჩვენი პროკურატურა დაკავშირებია, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავშირებია, არც აზერბაიჯანულ მხარეს უზრუნია, მით უმეტეს, იცოდა სად იმყოფებოდა, საზღვრის კვეთა იყო გადამოწმებული… მე თუ არ ვიცი, თავისთავად, თავის არიდებაც გამორიცხულია“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ მაისში აღძრული საქმის მიუხედავად, სადიგოვის ოჯახს აზერბაიჯანული მხარის მიერ ივნისის თვეში გაცემული დოკუმენტი აქვს, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის.

„ოჯახს აქვს ეს დოკუმენტი და ველოდებით, რომ ითარგმნოს. ესაა ივნისის თვეში აღებული, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არაა. თვითონ აზერბაიჯანის მიერ არის ეს დოკუმენტი გაცემული, თუმცა, 9 მაისს საქმეა აღძრული. თუ 9 მაისს საქმეა აღძრული, ივნისის თვეში ესეთი დოკუმენტი როგორაა გაცემული?“

დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, სასამართლომ ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა და სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა მაინც შეუფარდა. ამასთან, მისთვის უცნობია, რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღიძრა საქმე. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატისთვის არც პროკურატურას გადაუცია და არც სასამართლოში ყოფილა წარდგენილი. 

„რადგან უკვე საექსტრადიციო წარმოება დაწყებულია, აზერბაიჯანულ მხარეს ვალდებულება ექმნება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიაწოდის მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია [ქართულ მხარეს]. აზერბაიჯანულ ენაზეა და რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითარგმნოს, რა მტკიცებულებებია იქ, რეალურად რა არის, როგორ არის, რომ ამის შემდგომ უნდა მოხდეს დაწყება, იუსტიციის სამინიტრო და პროკურატურა საექსტრადიციო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ჯერ დასაშვებობა უნდა გადაწყდეს, ამის გასაჩივრებაც შეგვიძლია და მერე უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს საექსტრადიციო წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ აფგან სადიგოვმა მესამე ქვეყნიდან თავშესაფარი ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებს სთხოვა.

„მივამართინეთ საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, ესეც საფუძველია იმის, რომ სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, საექსტრადიციო წარმოება შეჩერდეს, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხარე ამასთან დაკავშირებით, ამაზე მიჭირს პასუხი“.

სადიგოვის ოჯახი აფგანის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. როგორც მისი მეუღლე, ჟურნალისტი სევინჩ სადიგოვა „მედიაჩეკრთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ საქმეში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ხელი ურევია. 

სადიგოვას თქმით, მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი ოჯახთან ერთად თბილისის აეროპორტიდან თურქეთში არ გაუშვეს, მათთვის არავის განუმარტავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო. ისინი სვამდნენ კითხვებს ქვეყნიდან არ გაშვების მიზეზებზე, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ რა პრობლემა იყო.

„რა და როგორ იქნება ამ ეტაპზე, არაფერი არ ვიცი. ძალიან მინდა, რომ აქ სამართლიანი სასამართლო შედგეს და აფგანი გაუშვან. იმედი მაქვს, რომ სამართალს ვიპოვით და აფგანს აზერბაიჯანულ მხარეს არ გადასცემენ“.


სადიგოვის პატიმრობის საქმეები აზერბაიჯანში

აფგან სადიგოვი, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, აზერბაიჯანში დაპატიმრებული 2-ჯერ იყო. [პირველად 23.11.2016-დან 25.05.2018-მდე პერიოდში, მეორედ კი - 13.05.2020-დან 28.05.22-მდე]

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულიინფორმაციით, რომელიც სადიგოვის მეორედ დაკავებას ეხება, 2020 წლის გაზაფხულზე ის სახლიდან სასურსათო მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათის შემდეგ, მის სახლში პოლიციელები მივიდნენ და ცოლს შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი დაკავებული იყო. ერთი დღის შემდეგ, სადიგოვს ბრალი გამოძალვის მუხლით წაუყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება ამბობდა, რომ ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჰპირდებოდა, რომ ფულის სანაცვლოდ მის შესახებ კრიტიკულ სტატიას არ გამოაქვეყნებდა.

აფგან სადიგოვის ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ჟურნალისტი უდანაშაულო იყო და ის ხელისუფლებამ შურისძიების მიზნით, მას შემდეგ დააკავა, რაც აფგანმა გამოაქვეყნა სტატია პოლიციელების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და ძალადობის მსხვერპლთა დაშინებაზე.

2020 წლის ნოემბერში ჟურნალისტს  სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2021 წელს მას პატიმრობის ვადა უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა და თითქმის, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მანამდე კი, 2016 წელს აფგან სადიგოვი დამნაშავედ სისხლის სამართლის საქმეზე ცნეს.

გარდა ამისა, როგორც სევინჩ სადიგოვას მიერ „მედიაჩეკერისთვის“ გამოგზავნილი მეუღლის ჩანაწერიდან ირკვევა, აფგანი 3-ჯერ ჰყავდათ დაკავებული ადმინისტრაციული წესითაც. [07.07.2018-ში - 30 დღით; 27.11.2018-ში - 30 დღით და 03.01.2019-ში - 22 დღით] სადიგოვამ რედაქციას მეუღლის ის კომენტარიც მიაწოდა, რომელიც მან ერთ-ერთ მედიასთან თბილისში დაკავებამდე გააკეთა და მის დევნას ეხება. 

„2018 წლის 7 ივლისს მე გამიტაცეს პოლიციის თანამშრომლებმა. ერთ-ერთი განყოფილების სარდაფში მომათავსეს და ფიზიკურად მისწორდებოდნენ. ჩემი გამოძიების ფარგლებში, მე აღმოვაჩინე სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელის დაახლოებით 10 მილიარდის ღირებულების აქტივები. მე განვაცხადე, რომ ილჰამ ალიევი დიქტატორია და სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვაში ფაქტებით დავადანაშაულე.

ილჰამ ალიევი ხალხს ემუქრება, აშანტაჟებს და შიშში ამყოფებს. ის ყველაზე დაუნდობელი ხერხებით ცდილობს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას. ახლა აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია. 

ჩემი მეორე პატიმროების პერიოდში, პროტესტის ნიშნად 242 დღე ვიშიმშილე, რის შედეგადაც მთელი სხეული დამიავადდა. ტუბერკულოზი დამემართა, რის შედეგადაც 2022 წელს სახლში გამომიშვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჩამოვედი საქართველოში, ჩავიტარე კვლევები და ვმკურნალობდი. ჩემზე და ჩემს ოჯახზე დაიწყო სეროზული ზეწოლა და მუქარა. ჩემი მცირეწლოვანი შვილების მოკვლითაც კი გვემუქრებოდნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განსაკუთრებული ზეწოლა გასულ წელს წამოიწყო, რის გამოც, ჩემი ოჯახი, ამ ანგარიშწორების თავიდან ასაცილებლად, საქართველოში წამოვიყვანე. 

ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახი ყოველთვის ღელავდა. ჩემს ოჯახს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, წამეშალა ჩანაწერები.

ივნისში ოჯახი საქართველოში ჩამოვიყვანე. მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ საქართველოშიც საშიში იყო, გადავწყვიტე ბოსნიაში წავსულიყავით. პოლიციამ თბილისის აეროპორტში გამაჩერა და ასე მითხრა, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვსო. შეგიძლიათ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნდეთო“.


გამოხმაურებები აფგან სადიგოვის საქმეზე

აფგან სადიგოვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებასგამოეხმაურა აფგან მუხთარლი. მუხთარლი ის აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს კი უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდნენ. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

„საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაკავება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანიშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს. ივანიშვილი მთავარი ფიგურაა, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.  მზად არიან ფულზე მთელი საქართველო გაყიდონ, ამის დავიწყება არ შეიძლება.  2020 წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული დაფარეს.

მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა. ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან. ბოლო თვეების განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება“.

მუხთარლი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ პოსტში იმ ოპოზიციურად განწყობილ აზერბაიჯანელ აქტივისტს, ჰუსეინ ბაკიხანოვს ახსენებს, რომელიც თბილისში, 2021 წლის 14 ივლისს დაიღუპა. ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აფგან სადიგოვის დაკავება საგანგაშო შემთხვევაა. მისი თქმით, საქართველო ვალდებულია საერთაშორისო სტანდარტები დაიცვას და თბილისში დაკავებული ჟურნალისტი აზერბაიჯანულ მხარეს არ გადაეცეს.

„ასეთ დროს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ხელმომწერია საერთაშორისო ხელშეკრულებების და იმ პასუხისმგებლობას იღებს, რომ პირი, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს იმ ქვეყანაში, რომელიც მის ექსტრადირებს ითხოვს, არასათანადო მოპყრობას, ან თუ არის იმის რისკი, რომ ეს ადამიანი იდევნება იმ ქვეყანაში მისი შეხედულებების, პოლიტიკური საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის გამო, ან თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ პირი, რომელიც გადაეცემა ვთქვათ აზერბაიჯანს, იქ ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, არ შეიძლება ქვეყანამ პირი იმ ქვეყანას გადასცეს, რომელიც მის ექსტრადირებას ითხოვს“.





„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლია ჩახუნაშვილის შეფასებით კი, დიდი სირცხვილი იქნება საქართველოსთვის და დიდი უსამართლობა, თუ ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანს გადასცემს დევნილ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელმაც თავი საქართველოს იმ იმედით შეაფარა, რომ აქ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებდა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.

ჩახუნაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დაეხმაროს აზერბაიჯანის ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის სამაგალითოდ დასჯაში პროფესიული საქმიანობის გამო.

„აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ის იქ შეიძლება გახდეს არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საექსტრადიციო პატიმრობიდან და მისცეს მას მესამე ქვეყანაში გამგზავრების საშუალება. ამას ითხოვს საქართველოში ჟურნალისტური თემი, რომელიც სოლიდარობას გამოხატავს დაკავებული ჟურნალისტის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად მოქმედებისა და როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟურნალისტების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს“.

აფგან სადიგოვის მხარდასაჭერად მისი დაკავების დღეს შსს-ის შენობასთან შეიკრიბნენ ქართველი ჟურნალისტები. ანა გვარიშვილი კი ერთ-ერთი მათგანი იყო:

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც აქვთ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს და რა რეპრესიებიც არის მათ მიმართ, თავად სადიგოვისა და მისი ცოლის მიმართ წარსულში გამოყენებული არაერთი დასჯის მეთოდი, მათ შორის პატიმრობა, თითქმის, ასპროცენტიან მტკიცებულებას გვაძლევს, რომ მას ალიევის რეჟიმი სდევნის სიმართლის თქმისთვის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, საქართველო ავტორიტარულ რეჟიმს ამაში ეხმარება. 

სწორედ ამიტომ, სადიგოვს ისევე, როგორც მის ცოლს, რომელიც ასევე ჟურნალისტია და მათ ორ მცირეწლოვან შვილს ვუცხადებ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ჟურნალისტებს, რომ ამ საქმეს მეტი რეზონანსი ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს. ყველა ასე გაწირული ერთი ჟურნალისტი საბოლოოდ, მთლიანად მედიაზე დარტყმაა და რუსული კანონის ამოქმედების პირობებში, უკვე ისედაც ძალიან მოწყვლადები ვართ“.

აფგან სადიგოვის დაკავებას არაერთი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა Amnesty International-მა და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“. ამ მოთხოვნას შეუერთდნენ „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ)  და მისი წარმომადგენლობა საქართველოში (IAGJ).

სადიგოვის საქმეს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, რომლის კომენტარიც ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების ცნობებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სადიგოვი“, – ციტირებს რაუფოღლუ სახდეპის წარმომადგენელს.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოსანახულებლად იმყოფებიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.

 

 


თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ