„იერიში კრიტიკულ მედიაზე“- რა ცვლილებებს იღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნება“
27.02.2025


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე, სხვა კანონპროექტებთან ერთად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებიც დააინიიცირა. სხვადასხვა კანონპროექტით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლების შეზღუდვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს. 


მაუწყებლისთვის „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების აკრძალვა 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ერთი პროექტით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალებათ. 

აკრძალვა არ შეეხება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას. 

აკრძალული იქნება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

კანონის პროექტის მიხედვით, „უცხოურ ძალად“ ჩაითვლება:


ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; 

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; 

გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; 

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.  


თვითრეგულირების საკითხების კანონით დარეგულირება, კომუნიკაციების კომისიის როლის ზრდა და ჯარიმები

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მეორე პროექტით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ეძლევა.

ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. მოქმედი კანონით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის იმ მუხლებს შეეხება, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 

მაგალითად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის ახალი რედაქციით, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება:

  • დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. 
  • საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლის დამატებით კი, მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა ჰქონდეს, „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით“. 

თანხმობის მიღება, როგორც უფლებამოსილი პირის, ისე ადგილზე იმ მყოფი პირებისაგან, რომელთა გადაღებაც ხდება, სავალდებულო იქნება მაგალითად, სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად.  

„სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია“. 

საკანონმდებლო ცვლილებებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს დაემატება 54(2) მუხლიც, რომელიც მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემას შეეხება:

  • ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია. 
  • მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამ მუხლებით [52, 54, 54(1) , 54(2) , 55(2) , 55(3) , 56, 56(1) , 56(2) , 56(4)] გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის გარდა კომისიის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას“. 


იერიში კრიტიკულ მედიაზე

„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის შეფასებით, ამ ცვლილებების მიზანი კრიტიკულ მედიაზე იერიშის მიტანაა.

„ჩვენ გვიჩნდება აღქმა, რომ ამ კონკრეტული ცვლილებების მიზანი არის, ამ შემთხვევაში კრიტიკულ მედიაზე იერიშის მიტანა. რატომ? იმიტომ, რომ აქ არის ორი აღმასრულებელი რგოლი, რომელიც იმყოფება ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ. პირველი - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არაერთხელ დავრწმუნდით ჩვენ, რომ ამ ორგანოს ხელისუფლება იყენებს როგორც რეპრესიულ მანქანას ტელევიზიების წინააღმდეგ და მეორე - ესაა სასამართლო. 

ფურცელზე შესაძლოა ნებისმიერი სტანდარტი და ნებისმიერი კანონი იყოს იდეალური, მაგრამ მთავარი პრობლემა ყოველთვის ჩნდება, აღსრულების ნაწილში როგორ გამოიყენებენ. სწორედ აქ ვხედავ მე მთავარ პრობლემას, რომ აღსრულების ნაწილში ეს იქნება ხელისუფლების ტაბელური იარაღი, რომლითაც განახორციელებს საკონტროლო გასროლას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, რაც თვითრეგულირების მექანიზმით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და განსახილველი, ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე გადადის.

„შესაბამისად, გამოდის, რომ უკვე, უშუალოდ სარედაქციო მასალების შინაარსობრივი ნაწილის განხილვაში შედის მარეგულირებელი კომისია და უკვე არა ქცევის კოდექსის, არამედ კანონმდებლობის საფუძველზე დაეკისრება მაუწყებელს პასუხისმგებლობა. ეს საფრთხეს წარმოადგენს თავად მარეგულირებელი კომისიის ფუნქციისა და მიკერძოებულობიდან გამომდინარე.

გასაგებია, რომ ე.წ. ხელისუფლების მცდელობა, გაზარდოს წნეხი მაუწყებლებზე ემსახურება იმას, რომ „დაარღვევინოს“ კანონი და შესაბამისად, პოტენციურად საფრთხე შეუქმნას მედიების მაუწყებლობის უფლებას ან/და იმგვარად მოხდეს ჩარევა, რომ საზოგადოებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს კრიტიკული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. 

პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტა მოხდება სწორედ სელექციურად, შერჩევითად. გამოყენებული იქნება სადამსჯელო ღონისძიებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, თუმცა სახელისუფლებო მედიების წინააღმდეგ იქნება მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილებები. ამიტომ ეს ცალსახად მიუთითებს „ქართული ოცნების“ მცდელობაზე, საბოლოოდ გამოუთხაროს  ძირი თავისუფალ მედიას“.

სოციალური რეკლამის გაყიდვის აკრძალვაზე ამახვილებს ყურადღებას „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი. 

„ეს არის გვირგვინი იმის, რასაც „ქართული ოცნება“ 2015 წლიდან აკეთებს. კერძოდ, ის ყოველწლიურად ცვლის კანონს ისე, რომ მაუწყებელს შემოსავალი შეუმცირდეს…ახლა უკვე ამ კანონით ერთ-ერთ ინვენტარს, სოციალურ რეკლამებს უუქმებს ყველას…ეს, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ, რომლებსაც რაღაც ტიპის შემოსავლები ჰქონდათ და პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს.

ამ კანონის მიხედვით, ერთი ინვენტარი სრულად გაგვიუქმეს და გვითხრეს, რომ არა თუ ფინანსური კოოპერაცია არ შეიძლება „უცხოურ ძალასთან“, არამედ არ შეიძლება რაიმე ტიპის ურთიერთობაც. ეს არ არის მხოლოდ ფულთან დაკავშირებული ურთიერთობები. ეს შეიძლება იყო „ფროდაქშენის“ ნაწილიც. 

მათი შიშები უკავშირდება რეგიონში ძალაუფლების განმტკიცებას, იმიტომ რომ მანდ შეინარჩუნეს ასე თუ ისე თავისი თავი და ეშინიათ, იქ წმინდა სიტყვა ვინმემ უშიშრად არ მოჰფინოს ხალხში და ეს წმინდა სიტყვა უნდა მოკვდეს…მათ რეგიონული მაუწყებლები ყოველთვე ვაწვდით ინფორმაციას, საიდან გვაქვს შემოსავალი და ვისთან გვაქვს კოოპერაცია.

ეს ყველაფერი იციან. ესე ლამაზად დასხდნენ, გაშალეს ეს ყველაფერი, რუკა დაიდეს წინ და დახურეს ეს ნაწილი. თქვეს, რომ ახლა ეთერი უნდა გაგინადგურო, შემოსავლები უნდა გაგიქრო და შენ თუ გინდა, რომ ფინანსური შემოსავალი გქონდეს, ერთადერთი გზა დატოვეს, ეს არის მთავრობის ფული, რომელიც აქამდე ისედაც შეზღუდული გვქონდა, ვინაიდან, როცა აცხადებდნენ კონსოლიდირებულ ტენდერებს, პირდაპირ ეწერა, რომ რეგიონული ტელევიზია მონაწილეობას ვერ მიიღებდა”.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორისთვის შემოთავაზებული ცვლილებების ერთადერთი მიზანი წინააღმდეგობის ინფრასტრუქტურის განადგურება და საინფორმაციო ველის მოსუფთავებაა, რათა მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განსხვავებული აზრის გამოხატვითა და კრიტიკული შეკითხვებით „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს აღარ უქმნიდნენ.

გარდა ამისა, როგორც ლია ჩახუნაშვილი ამბობს: „შემოთავაზებული ცვლილებებით ის საკითხები, რაც ადრე თვითრეგულირების საგანი იყო, და სექტორში თვითრეფლექსიას უწყობდა ხელს, გადადის რეგულირებაში, სადაც არბიტრად, რომელსაც სანქციების დაწესების მანდატი აქვს, გვევლინება კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ეს არის მარეგულირებელი, რომელსაც არ აქვს ყველაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუციის რეპუტაცია, რომელთანაც მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრი საფუძვლიანი პრეტენზია აქვთ.

კომისია შეუდგება შინაარსობრივი საკითხების რეგულირებას, რაც, ჩვენს პოლიტიკურ კონტექსტში, ცენზურის საფრთხეს წარმოქმნის. ახალი წესები უკიდურესად ზღუდავს ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობებს და ძალიან ურთულებს სამუშაოს გამომძიებელ ჟურნალისტებს. შედეგად დაზარალდება საზოგადოება, რომელსაც აღარ ექნება ინფორმაცია კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ, და ბევრი სხვა ისეთი საკითხის შესახებ, რაც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას მოქალაქეების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე“. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კიდევ უფრო დაამძიმებს კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში. მათი მთავარი მიზანია:

  • დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს. პირველ რიგში, ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე; 
  • მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები;
  • შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ