რუსული კანონის მიღების შემთხვევაში „რედაქციის დაკეტვა მოგვიწევს, ხელისუფლების მიზანიც სწორედ ესაა. ჩაახშოს და გააქროს რეგიონში კრიტიკული აზრი“, - „სამხრეთის კარიბჭე“
11.04.2024
 
„სამხრეთის კარიბჭე“ ერთ-ერთი ის მედია გამოცემაა, რომელიც ხელისუფლების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონს აპროტესტებს და „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას არ აპირებს. 

Sknews.ge საინფორმაციო პორტალია სამცხე-ჯავახეთიდან, რომელიც გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ბაზაზე შეიქმნა. გაზეთის დაარსებას ხელი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) შეუწყო. პორტალი კი „ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო“-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ვებ გვერდზე გამოქვეყნებული  ხედვის მიხედვით, Sknews.ge „მხარს უჭერს სამოქალაქო ინიციატივებს; ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას; ამკვიდრებს რეგიონში სამოქალაქო ჟურნალისტიკას; ხელს უწყობს რეგიონის სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და მათ ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში; ხელ უწყობს მოსახლეობის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას“.

„ქართული ოცნების“ „რუსული კანონი“ საფრთხეს სწორედ ისეთ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს უქმნის, რომლებიც უმეტესწილად საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდებიან. არსებობის პრობლემა ექმნებათ რეგიონულ მედიებსაც, რომლებსაც სხვა გამოწვევებიც უხვად აქვთ, არადა მათ რეგიონისა და მათი მაცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებათ. 

როგორც „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორი, თინათინ ზაზაძე „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ამბობს, პორტალი სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას ახალ ამბებს ამ დრომდე როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზე აწვდის. sknews.ge-ის დონორები კი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა იყო, ძირითადად ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) , „ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო“ და Deutsche Welle (DW) . ამჯერად, მათი დამფინანსებელი BBC MA და „ევროპის ფონდია“. თინათინ ზაზაძის განმარტებით, მათ მცირე სარეკლამო შემოსავალი აქვთ.

რეგიონისა და მისი მაცხოვრებლებისთვის “სამხრეთის კარიბჭის“ მნიშვნელობაზე კითხვის საპასუხოდ ზაზაძე ამბობს: „,,სამხრეთის კარიბჭე“ იყო რეგიონში პირველი ორენოვანი გაზეთი და მახსოვს ის დღეები, როცა სოფლებში ხდებოდა გავრცელება, დღითიდღე როგორ იზრდებოდა ხელმომწერთა რიცხვი. ყოველდღიურად ცალკე სოციალურ ქსელში მოგვდის წერილები დახმარების თხოვნით, ოფისში ყოველდღიურად გვაკითხავს მოსახლეობა, რაც ნიშანია იმისა, რომ მათ სჭირდებათ „სამხრეთის კარიბჭე“ და ისინი გვენდობიან“. მან ინტერვიუს დროს ჭელის მეჩეთთან დაკავშირებული ამბავიც გაიხსენა. 

„მედიაჩეკერთან“ ისაუბრა მისმა წინამძღარმა ჯამბულ აბულაძემაც: „„სამხრეთის კარიბჭე“ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედია პლატფორმაა. მასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს 2013 წლიდან, ჭელის მინარეთის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ. მაშინ „სამხრეთის კარიბჭე“ პირველი იყო, ვინც ეს ამბავი გაახმაურა და რომ არა ისინი, შესაძლებელია მოქმედება სულ სხვაგვარად, გაცილებით უფრო მძიმედ განვითარებულიყო. სახელმწიფოს შესაძლებელია, გაცილებით უფრო მეტი, ზედმეტი ძალა გამოეყენებინა. საერთოდ დამოუკიდებელი მედია პლატფორმების როლი ძალიან დიდია, ახლანდელი ადიგენის შემთხვევას გავიხსენებ, აქაც ეს მედიები რომ არ აშუქებდნენ ამგვარ შემთხვევებს, არავინ იცის რა იქნებოდა.“
 
როგორ აისახება რუსული კანონის მიღება „სამხრეთის კარიბჭეზე“?
 
 
თინათინ ზაზაძე, რედაქტორი: „დავიწყებ იმით, რომ დარეგისტრირებას არ ვაპირებთ, ეს არის ჩვენი გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ვერ წარმომიდგენია გვერქვას „უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 

წარმოიდგინეთ, ავდივართ მაღალმთიან სოფელში და იქ ხალხმა თავისი პრობლემების შესახებ უნდა მოგვიყვეს. ახლა დავსვამ კითხვას, რატომ უნდა გვენდონ ჩვენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებს და გვესაუბრონ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე?  შეიძლება ერთ წელში ამ კანონის შესახებ ვერ გაიგონ, მაგრამ მეორე, მესამე წელს ხომ ყველას ეცოდინება, რომ ჩვენ, ჟურნალისტები ვართ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები და თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოსახლეობა ჩაიკეტება.
 
 
ახლა როცა საჯარო სამსახურებიდან ვერ ვიღებთ საჯარო ინფორმაციას თვეობით, ძალიან უხერხულია ჩვენს გამჭირვალობაზე საუბარი, რადგან სულ მცირე ოთხი კანონი არეგულირებს არასამთავრობო სექტორისა და მედიის გამჭვირვალობას. 
 
ხელმოწერა ნიშნავს, ვეთანხმებით იმას, რასაც წლების განმავლობაში ვებრძვით და ვეწინააღმდეგებით. ჩვენი ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, ამას ყოველთვიურად ამოწმებს არაერთი სახელმწიფო უწყება. 
 
არ დარეგისტრირების შემთხვევაში დავჯარიმდებით, რისი გადახდის საშუალებაც მედიას არ აქვს. საბოლოოდ, რედაქციის დაკეტვა მოგვიწევს, ხელისუფლების მიზანიც სწორედ ესაა. ჩაახშოს და გააქროს რეგიონში კრიტიკული აზრი.
 
ამ ვითარებაში ბუნებრივია ვეღარ შევძლებთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი, დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის არსებობა.
 
ხელისუფლებამ ამისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო, კრიტიკული მედიისთვის ჩაიკეტა ყველა სახელმწიფო უწყება, ინფორმაციას ვერ ვიღებთ ვერც წერილობით გამოთხოვნის შემთხვევაში. მიზანმიმართული ცრუ კამპანიით ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ“. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 15 აპრილს გაიმართება. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი საკანონმდებლო ორგანოში მეორედ წარადგინა. ამჯერად კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინში - „უცხოური ძალა“ კი იგულისხმება ისეთი ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და ა.შ. რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.

მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული „რუსული კანონის“ პროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მედიაგამოცემებიც მიიჩნევა. მათ საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში მოუწევთ. თავის არიდება ან დადგენილ ვადაში საფინანსო დეკლარაციის არ წარდგენა კი გამოიწვევს ჯარიმას 25 000 ლარით. განსაზღვრულია სხვა ოდენობის ჯარიმებიც. 

„რუსული კანონი“ იძლევა პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესაძლებლობასაც. მათ შორის ამის საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადება კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებით. 

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ განისაზღვრება მედიასაშუალებები:
  - ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, [რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] რომელმაც 1 წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი მაუწყებელი, რომელმაც  1 წლის  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ბეჭდურ მედია საშუალებას და 1 წლის შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომელმაც 1 წლის განმავლობაში  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ