გუშინ, 4 სექტემბერს „მედიაჩეკერის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა,
სადაც აღნიშნული იყო, რომ ტელეკომპანია „იმედისა“ და „Postv“-ის
სატელევიზო ეთერში ინფორმაცია რკინიგზის 2 თანამშრომლის გარდაცვალების
შესახებ არ
მოხვდა. მათ გეგმიური სამუშაოს შესრულებისას
ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი დაეჯახა. ამ ორი
ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში დრო არც ზუგდიდში, ხანძრის
შედეგად დაღუპული 2 მცირეწლოვანის ამბავს
დაეთმო.
მედია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ არის, თუ მომხდარ ამბებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც იკვეთება, ისე როგორც წინა 2 შემთხვევაში იყო.
თუმცა, როგორ დღეს კიდევ ერთხელ გაირკვა, ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებაც შეიძლება შერჩევით მოხდეს.
5 სექტემბერს, დილის 09:36 წუთზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია „იმედმა“ დაწერა, რომ "წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტმა როლანდ ნუცუბიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.“ პოსტს თან ხმის გარეშე ჩაწერილი სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული 34-წამიანი ვიდეოც ახლავს. კადრებში მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შეკამათება ჩანს, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ ხდება და ქვაფენილზე ვარდება. ვიდეო მალევე „იმედის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა POSTV-მაც.
ტელეკომპანია „იმედის“ 11-საათიანი გამოშვება კი „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგით გაიხსნა, რომელიც დეპუტატმა ამ სიტყვებით დაიწყო: „გუშინ, წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.“
„ქრონიკის“ ამავე გამოშვებაში გავიდა შესაბამისი ამბავიც. გადაცემის წამყვამა, ქეთი ლაცაბაძემ მასალა ამ სიტყვებით წარადგინა: „წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას, ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება“.
ერმილე გიგიაძის გარდაცვალება 12-საათიან სააინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და „მთავარმა არხმაც.“
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მიხედვით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მასალის გადაღებასა და გავრცელებაზე ოჯახის წევრების თანხმობაა საჭირო.
„მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა“.
გარდა ამისა, რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს.
„ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ შემუშავებული კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
„მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.
ამავე წესებით მიხედვით, კი პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება.
„მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას“.
ტელემედიის ნაწილმა კი, მმართველი პარტიის მსგავსად, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების მიზეზისა და „დამნაშავის“ ძებნაც დაიწყო.
„იმედმა“ გაავრცელა როლანდ ნუცუბიძის კომენტარიც, რომელმაც დაადასტურა, რომ ამერიკის მოქალაქეა.
მომხდარს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ „ენმ-მ და ენჯეოებმა ზიზღის ნორმალიზება მოახდინეს, შემდეგ კი საქებარ საქმედ აქციეს, რამაც ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე მიგვიყვანა”. პაპუაშვილის ეს განცხადება გააშუქა მედიის ნაწილმაც.
„ნაციონალურ მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ პირი, ვისაც „ქართული ოცნება“ ადამიანის გარდაცვალებაში ადანაშაულებს, პარტიის წევრი ან მათთან დაკავშირებული არ არის.