რა ნარატივები ვრცელდება საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით?
13.12.2024


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ის პროპაგანდისტული გზავნილები შეისწავლა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული აქტორები საპროტესტო აქციების ჩასახშობად სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.

საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ნარატივები:

  • „თბილისში მიმდინარე აქციები მშვიდობიანი არ არის“ 

როგორც ISFED-ი წერს, სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებული პოსტების ნაწილში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სხვადასხვა აქტორები, პარტიის ლიდერების მსგავსად, ამტკიცებდნენ, რომ დედაქალაქში გამართული მასშტაბური აქციები მშვიდობიანი არ არის. ამის სადემონსტრაციოდ კი, აქვეყნებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ისვრიან აქციის მონაწილეები პიროტექნიკას.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქციის მონაწილეებს „აგრესიულ მომიტინგეებს“, „რადიკალებს“ ან სარკაზმით „მშვიდობიან“ მომიტინგეებს უწოდებდნენ. 

„პიროტექნიკის გამოყენებასთან ერთად, ძირითადი აქცენტი მოსალოდნელ პროვოკაციებზე კეთდებოდა, რომელსაც „მუხტის ასაწევად“ მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. მსგავსი პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო“.


ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე გავრცელდა გზავნილიც, რომ აქციის მონაწილეები შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, ფაქტების გადამამომწმებელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ „იმედი“ დეზინფორმაციას ავრცელებდა და ქარდზე გამოსახული პირი არა იარაღით, არამედ შტატივითა და კამერით იდგა.

„სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ აქციის მონაწილეების „რადიკალებად“ პოზიციონირებასთან ერთად, პროპაგანდისტული მედიები სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების სასტიკ მოპყრობას „საპოლიციო ღონისძიებასა“ და „პროვოკაციებზე პასუხს“ უწოდებდა.

„“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გამოცემები ყოველდღიურად ავრცელებდნენ დაშავებული სამართალდამცავების შესახებ რაოდენობრივ ინფორმაციას, თუმცა მსგავსი სიხშირით არ გავრცელებულა დაკავებული და დაზარალებული მომიტინგეების შესახებ მონაცემები. დაზარალებული სამართალდამცავების კადრებით იწყებოდა პროპაგანდისტული ტელევიზიების სიუჟეტებიც“.

სამართალდამცავების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში კი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, „ნიუსჰაბმა“ გამოაქვეყნა და დაარეკლამა ვიდეოებიც სათაურით - „მოქალაქე პოლიციას მადლობას უხდის“. 

  • „აქციები გარე ძალების მიერ არის მართული და „მაიდნის” სცენარს იმეორებს“

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი მისი „ნაცმაიდანად“ მოხსენიება იყო. პროპაგანდისტული მედიები და ანონიმურად მოქმედი გვერდები კი აქტიურად აზიარებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, „აქციის მონაწილეების მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა და ოპოზიცია საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს“.  


ISFED-ი აღნიშნავს, რომ აქციების დისკრედიტაციისთვის 1 დეკემბერს შეიქმნა ფეისბუკჯგუფი - „ანტი-მაიდანი!”, რომლის ერთ-ერთი ადმინისტრატორიც პროპაგანდისტული ტელევიზია PosTV-ის წამყვანია.

„ჯგუფში შეთქმულების თეორიებთან ერთად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გზავნილები ვრცელდებოდა. ჯგუფში გამოქვეყნებული მადისკრედიტირებელი პოსტების სამიზნე აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც არიან“.  

  • „ანტიდასავლური კამპანია“

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების - ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების მიღების შემდეგ, სახალხო პროტესტის ფონზე, პარტიის ლიდერები ანტიდასავლური განწყობების მეტად გაღვივებას ცდილობდნენ და მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირსა და დასავლეთს აბრალებდნენ. 

დასავლეთის მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და გაუმართლებელი ძალადობის დაგმობის შემდეგ კი, PosTV-მა ქარდები აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ყალბი ციტატებით გამოაქვეყნა. 

„ქარდების აღწერაში იდენტური ტექსტი იყო მითითებული: „ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ყალბ ციტატებში აქციის მონაწილეები მოძალადეებად იყვნენ წარმოჩენილი, ელჩები კი მათ ქმედებებს გმობდნენ. ქარდები აქტიურად გავრცელდა ფეისბუქპროფილებსა და ჯგუფებში, თუმცა „PosTV-ის” გაკეთებული აღწერის გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედიის პოსტების კომენტარებშიც აუდიტორიის უმრავლესობა ციტატებს ნამდვილად აღიქვამდა. ქარდები დარეკლამებულიც იყო, თუმცა Meta-ს წესების დარღვევის გამო მათი ნაწილი წაიშალა“.


  • „აქციის მონაწილეებისა და მედიის მადისკრედიტირებელი კამპანია“

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ პროპაგანდისტული მედიების დისკრედიტაციის სამიზნე ტელეწამყვანებიც გახდნენ. 

„“ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მედიებსა და გვერდებზე ვრცელდებოდა ტელევიზიებისა და ჟურნალისტების გამაშარჟებელი და შეურაცხმყოფელი გზავნილები. კრიტიკა და დაცინვა აქციების გაშუქებასა და ჟურნალისტების ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს შეეხებოდ“. 


გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა მედიამ „ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის აქციის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება სცადეს.

“„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, და ჟურნალისტებზე ძალადობას ამორალური უწოდა. მამუკა მდინარაძემ თავდასხმას „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა“. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აღნიშნავს, რომ მიმდინარე აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი პროპაგანდისტული წყაროები დეზინფორმაციულ ფრონტს ყოველდღიურად აძლიერებენ. შექმნილი კრიზისის ძირეული მიზეზების განხილვისა და საზოგადოების სამართლიან მოთხოვნებზე რეაგირების ნაცვლად კი, „ქართული ოცნება“, როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად ძალაუფლების დემონსტრირებას აგრძელებს და აქციებთან დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გავრცელების გზით, საზოგადოების გულწრფელი პროტესტის ჩახშობას ცდილობს. 

„დეზინფორმაცია იქცა აქციის მონაწილეთა დემონიზების მძლავრ ინსტრუმენტად. შეცდომაში შემყვანი გზავნილების გავრცელებით, „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს ბრალეულობის ოპოზიციის და დემონსტრანტებზე გადატანას და რეპრესიებისა და ძალოვნების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამართლებას“. 

საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ნარატივების შესახებ, ვრცლად იხილეთ - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა პროტესტის ჩასახშობად.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ