სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესაწყვეტად სხვადასხვა დანაშაულებრივი მექანიზმი გამოიყენეს - "მედიაომბუდსმენი"
31.05.2024


რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებიდან დღემდე "მედიაომბუდსმენი" 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლებებს 21 საქმეზე იცავს. ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა დანაშაულებრივი მექანიზმი გამოიყენეს.

"მედიაომბუდსმენის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიმდინარე წელს მედიის წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს და ყურადღებას სამ მათგანზე ამახვილებს.

  • მედიის წარმომადგენლების მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა

"საქართველოს პარლამენტი იყენებს ყველა სადავო ინსტრუმენტს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამ გზით ცდილობს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

  • ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რამდენჯერმე მიმართა.






შეტყობინებები  ჟურნალისტის უფლებების დარღვევისა და მათთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას ეხებოდა. მედიის ეს წარმომადგენლები არიან: 

1. ალექსანდრე ქეშელაშვილი, "პუბლიკა" - სცემეს სპეცრაზმელებმა;

2. გიორგი ბადრიძე, "ტაბულა" - 16 აპრილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2 მაისს ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ბადრიძეს 16 მაისს სახლიდან დაახლობით 100-200 მეტრის დაშორებით მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა;

3. გიორგი ბასხაჯაური, "აპრილი" - სპეცრაზმელებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს;

4. მარიამ ნიკურაძე, OC Media - სპეცრაზმელები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში;

5. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი" - სპეცრაზმელმა შეასხა წიწაკის სპრეი; 

6. ლიკა ზაკაშვილი და მამუკა მგალობლიშვილი, "პუბლიკა" - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

7. ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე, “ტელეკომპანია პირველი" - ხელი ეშლებოდათ პროფესიულ საქმიანობაში;

8. რობი ზარიძე, "აი, ფაქტი" - სპეცრაზმელები გაუსწორდნენ ფიზიკურად; 

9. გიგა გელხვიიძე, CNews Exclusive • ახალი ამბები - მის მიმართ გამოიყენეს ე.წ “წიწაკის სპრეი”;

10. გიორგი ჟამერაშვილი, “ინტერპრესნიუსი” - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • სატელეფონო მუქარებით და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების მცდელობა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების საფუძველზე გამოძიება ე. წ. სატელეფონო მუქარებისა და დაშინებების საქმეზე დაიწყო. ამ საქმეებზე გამოიკითხნენ როგორც ჟურნალისტები, ისე მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები და რედაქტორები: ნათია კუპრაშვილი, „TOK TV“ დამფუძნებელი და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნინო ზურიაშვილი, „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ბიგანიშვილი, „სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი, "სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები: თეიმურაზ ინასარიძე და ნუნუ სტეფნაძე, რუსუდან გვარამაძე, “ფორმულას" ჟურნალისტი და “ტაბულას” რედაქტორი, გიორგი ბადრიძე.

"საგანგაშოა, რომ დაშინების მიზნით, 2024 წლის 10 მაისს, დილით „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და მასზე სიძულვილის შემცველი წარწერები დატოვეს. მსგავსი მეთოდები გამოყენებული იყო სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენლის მიმართ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

რუსული კანონის მიღების პროცესში დაწყებული “მედიაომბუდსმენის” 21 საქმიდან 13-ზე (აქციის გაშუქებისას ზიანის მიყენება) გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილით მიმდინარეობს. 7 საქმეზე - (სატელეფონო მუქარები და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრა) "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 154-ე მუხლით. 1 საქმე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მუხლები 166/173) ეხება.

"მედიაომბუდსმენის" შეფასებით, ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:

- მედიის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტის შენობაში მუშაობა, თითქმის, შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ უშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ან/და არ აქვთ მუშაობის სათანადო პირობები. გამოვლენილია დისკრიმინაციული მიდგომები და ონლაინმედიასაშუალებების უფლებების არაერთხელ დარღვევის შემთხვევები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანებების საფუძველზე;

- პარლამენტის აპარატი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ;

- “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, უცვლელი ტაქტიკაა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა;

- მმართველი პარტიის სასარგებლო ნარატივით, დაფიქსირებულია სატელეფონო მუქარებითა და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების არაერთი მცდელობა;

- სამართალდამცველები ცდილობენ, არ მისცენ მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა, სრულად და თავისუფლად გააშუქონ საპროტესტო აქციები და იქ განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, საზოგადოებას ეზღუდება ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომა;

- როგორც 2023 წლის, ისე 2024 წლის დანაშულებრივ შემთხვევებთან დაკავშირებით, გამოძიება სწრაფი და ეფექტური არ არის. ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, სხეულის დაზიანებისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა ისევ გამოსაძიებელია;

- ამ დრომდე არ გამოვლენილან და არ დასჯილან დამნაშავე პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტიფიცირება თავად მედიის მიერ გადაღებული მასალების მიხედვით სრულიად შესაძლებელია.


ორგანიზაციის ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს სახელმწიფოს წარმომდგენლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც:

1. გასულ წელს დაწყებული საგამოძიებო პროცესი, თითქმის, შეჩერებულია. 2023 წლის ივნისის შემდეგ გამოკითხულია მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი, რომელთა ჩვენებებიც საგამოძიებო პროცესისათვის არ არის მნიშვნელოვანი. პოლიციელები შაბლონური ტექსტებით განმარტავენ, რომ არ ფლობენ არავითარ ინფორმაციას ჟურნალისტებთან დაკავშირებული ძალადობის შესახებ;

2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის გადაცემულია ერთ ჟურნალისტთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნა. დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ ჟურნალისტს მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ეს დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება 2023 წლის 08 მარტს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემთხვევებთან დაკავშირებით “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 13 ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების

მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა, უარი მიიღო. საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი 21 პირი გამოკითხა და აქედან სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მხოლოდ 8 ჟურნალისტს მიენიჭა.

"გასულ წელს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო

არსებული ლეგიტიმური პროტესტის გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

“მედიაომბუდსმენი”  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს როგორც 2023, ისე 2024 წელს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მიმართავს, რომ შეწყდეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და გააუმჯობესოს მედიის წარმომადგენლების სამუშაო გარემო.


ფოტო: "ნეტგაზეთი"

"მედიაომბუდსმენის" ანგარიში სრულად

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ