პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ, 11 დეკემბერს ფეისბუკის
ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია
ქარდით, რომ „„ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ მუქარის სქრინი
სუს-ს მიაწოდეს“.
„იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ქარდს თანდართული ჰქონდა ტექსტიც: „მუქარის შემცველ წერილში, რომელიც პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატს გაუგზავნეს, ავტორი არსებული ვითარებიდან გამომდინარე მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლო მსხვერპლზე საუბრობს. წერილის ადრესატს დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევს და მისი შვილებით აპელირებს. წერილის ე.წ სქრინები სუს-ს პარლამენტიდან მიაწოდეს“.
თავად ქარდზე კი დატანილი იყო, სავარაუდოდ, ფრანგული ნომრიდან WhatsApp-ში მიღებული ინგლისურენოვანი შეტყობინების ე.წ. სქრინი.
„იმედმა“ მაყურებელს „მუქარის შემცველი წერილის“ მტკიცებულად სწორედ ეს სქრინი შესთავაზა, თუმცა რეალურად ამ შეტყობინებას მუქარის შემცველი შინაარსი არ აქვს. რა წერია სინამდვილეში მიღებულ წერილში, ნახეთ თარგმანი სრულად:
„ძვირფასო გიორგი,
მინდოდა პირადად მომეწერა და ამეხსნა, რამდენად დიდია შენი როლი საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზაციაში, რათა ადამიანები არ დაშავდნენ, არ დაზარალდნენ და, შესაძლოა, მომდევნო დღეებში არ დაიღუპონ. სიტუაცია მართლაც კრიტიკულია! გთხოვ, გაიღვიძე!
გთხოვ, გაიგო, რომ ცხოვრებაში მთავარი ღირებულებებია, რათა არ შეგრცხვეს შენი წარსულის. ფული მოდის და მიდის! მაგრამ ღირებულებები უცვლელად რჩება!
ღირს შენთვის და შენი მომავალი თაობებისთვის ასეთი სიმძიმის ტარება მთელი ცხოვრება? ამჟამად შენი იმიჯი თითქმის ნულს უტოლდება. არავინ გეუბნება ამას პირდაპირ, მაგრამ მერწმუნე, ასეა!
იყავი მამაცი!
არ იყო მშიშარა!
იპოვე შინაგანი ძალა და უბრალოდ გააკეთე ეს!
შენი სახელი ისტორიაში გმირად დარჩება.
გააკეთე მამაცი განცხადება და დატოვე შენი თანამდებობა, რათა ამ ადამიანებმა გადარჩენა შეძლონ!
მე შენი მეგობარი ვარ და ძალიან გიჭერ მხარს. იმედია გაბედულად შევხედავთ ერთმანეთს თვალებში, როცა ერთმანეთს შევხვდებით.
მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება!“
„მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი
ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის
გავრცელება“, - განსაზღვრავს „მაუწყებელთა ქცევის
კოდექსი“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი
პრინციპით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს
და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის
მიხედვით კი, ფაქტის განზრახ დამახინჯება ჟურნალისტმა უმძიმეს
პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული
დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი
ჟურნალისტია.