"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 ვაკანტურ
პოზიციაზე პარლამენტმა 11 განცხადება მიიღო. 11-წევრიანი სამეურვეო
საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და
იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი
საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეები არიან.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს
წევრობის კანდიდატები
მეურვეობის მსურველი 11 კანდიდატიდან 3 "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი, 2 კი - "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ერთხელ უკვე იყო.
მეორედ მეურვეობა სურთ მიხეილ ჩიკვილაძეს, გიორგი იაკობაშვილს, იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და თამარ წილოსანს.
მიხეილ ჩიკვილაძე 2014 წლიდან დღემდე თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორია, მას მასწავლებლად მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩიკვილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი 2019-2024 წლებში იყო.
1987-1989 წლებში მიხეილ ჩიკვილაძე მე-6 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, მუშაობდა. მაღლაფერიძე ამჟამად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.
მიხეილ ჩიკვილაძე პარლამენტისთვის წარდგენილ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცენფციაში "პირველ არხზე" არასაკმარისად არსებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით გადაცემებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„გაუნათლებლობასთან ბრძოლა, ნამდვილად არის ის უმთავრესი ფუნქცია, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იკისროს“- წერს ჩიკვილაძე.
მარინა გიორგაძე 2007 წლიდან საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ამჟამად ის დეპარტამენტის პრესცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებს.
დონარა (დოდო) შონავა 1977-2018 წლებში "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელი იყო სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, აგრეთვე რადიოშიც. დოდო შონავამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობა უკვე 6-ჯერ მიიღო, ის მეურვედ არც ერთხელ არ აირჩიეს. „ყველაზე ნაკლები იმედი ახლა მაქვს, მაგრამ პრინციპის საკითხია. ჩემს თავს, ცხადია, მხოლოდ ომბუდსმენის კანდიდატად მოვიაზრებ და ახლა არჩევანი მხოლოდ მასზეა“, - განაცხადა შონავამ "მედიაჩეკერთან" საუბრისას.
გიორგი იაკობაშვილი 2010 წლიდან საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ის "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი 2017-2020 წლებში ერთხელ უკვე იყო. იაკობაშვილი მის მიერ წარმოდგენილ მაუწყებელის განვითარების კონცეფციაში დიდ ადგილს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) განხილვას უთმობს და წერს: „არათუ ჩვენთან, ალბათ, ბრიტანეთში და სხვაგანაც არსებობს საშიშროება თუ არა, ცდუნება მაინც პოლიტიკოსებისათვის, რომ რაღაც ფორმით ჩაერიოს (მინიმუმ აკონტროლოს) გარკვეული პროცესები მაუწყებელში და მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ესეც უნდა იყოს - მუდმივი “ანტაგონიზმი“ (ცხადია, ამ სიტყვას შეგნებულად ვწერ ბრჭყალებში) პოლიტიკოსებთან სწორედ ამ საკითხში.“
იაკობაშვილი პირველად სამეურვეო საბჭოს წევრი "ქართული ოცნების" კვოტით გახდა.
"მედიის განვითარების ფონდის" ინფორმაციის მიხედვით, For.ge-ის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ამასთანავე, სხვა გამოცემებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ და ასევე, სხვა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.
იზაბელა ოსიპოვა 5-წლიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის შემდეგ, (2018-2024წწ) კონკურსში მონაწილეობას ისევ იღებს. ოსიპოვა სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. ის სამეურვეო საბჭოს წევრი 2018 წელს, სწორედ, სახალხო დამცველის კვოტით გახდა.
იზაბელა ოსიპოვა წარდგენილ კონცეფციაში წერს, რომ 3 წელიწადში ერთხელ შექმნილ პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტს, ყოველწლიური პრიორიტეტების დოკუმენტიც უნდა დაემატოს, სადაც იმ წლის გამოწვევები და მოთხოვნები იქნება ასახული. ოსიპოვა აღნიშნავს, რომ ბორდის წევრად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მხარს დაუჭერს ისეთ საკითხებსა და თემებს, როგორიცაა: საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია/გაწევრიანების პოპულარიზაცია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ოსიპოვამ "მედიაჩეკერს" კითხვაზე - ფიქრობს თუ არა ის, რომ ისევ ომბუდსმენის კანდიდატი იქნება, უპასუხა, რომ: “მე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს კონკურსში ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული, უმრავლეს შემთხვევაში ვერ გავედი და ერთხელ 2018 ამირჩიეს. მე არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ წინასწარ არასდროს არ ვიცოდი და წარმოდგენა არ მქონდა, ვისი კვოტით გავიდოდი და ამირჩევდნენ საერთოდ თუ არა. ამ საკითხზე წინასწარ არასდროს მქონია ვინმესთან საუბარი, ამ ჯერზეც ზუსტად ასეა. მე წარმოვადგენ ჩემს პროგრამას, ჩემს ხედვას და დანარჩენი უკვე ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ პროცესში, იმ ადამიანების გადასაწყვეტია.”
გიორგი ლაზრიშვილი მათემატიკოსია. ის 2017-2024 წლებში "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ტელესკოლის გადაცემას - „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები“ უძღვებოდა. ლაზრიშვილი მათემატიკის მასწავლებლად იმავე მე-6 სკოლაში მუშაობდა, სადაც სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელი წევრი გია მურღულია, თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და ყოფილი წევრი და ამჟამინდელი კანდიდატი მიხეილ ჩიკვილაძე.
გიორგი ლაზრიშვილი მაუწყებლის განვითარების კონცენფციაში წერს: „"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ფინანსდება სახელმწიფოსგან, ანუ ხალხისგან და დაუშვებელია, მეტიც დანაშაულია, იგი სრულად არ ასახავდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ყველა მოქალაქის ინტერესს ფსოუდან წითელ ხიდამდე. ოპერატიულად და მიუკერძოებლად“.
ემზარ დიასამიძე 2013 წლიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. 2012 წლამდე ის არაერთი მედია საშუალების, მათ შორის „ბათუმელების“, გაზეთ „24 საათის“, ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომელი იყო. დიასამიძე არა ერთი ჯილდოს მფლობელია, რომელთა უმეტესობა მას ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრისათვის გადაეცა.
ფირუზ ბოლქვაძე - "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ადამიანური რესურსების მენეჯერი და გადაცემა “მთავარი ეკონიმიკაში” ავტორი, წამყვანი და პროდიუსერია. ბოლქვაძის “საზოგადოებრივი მაუწყებლობის" განვითარების კონცეფცია 22-გვერდიანია და მასში თითოეული პრობლემა და მათი მოგვარების გზებია განხილული.
სოსო სტურუა პროფესიით ჟურნალისტი და არა ერთი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორია. ის 1993 წლიდან აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019-2023 წლებში კი "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. სწორედ მისი წევრობის პერიოდში აირჩიეს გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე. კოხრეიძის დირექტორობის დროს ცენზურაზე მაუწყებლის არა ერთი თანამშრომელი, ჟურნალისტები გაუშვეს სამსახურიდანაც.
სტურუას მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში ცალკე თავი "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თანამშრომლობასა და მისი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას ეთმობა.
თამარ წილოსანი ფრანგული ენის სპეციალისტია. წილოსანი 2004-2019 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო. 2019-2023 წლებში კი - "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" მრჩეველთა საბჭოს წევრი. წილოსანმა აჭარის ტელევიზიის მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
პაატა სურგულაძე ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველია.
სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს ორ ეტაპად შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.
განსაზღვრული წესით, პირველ ეტაპზე კანდიდატები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეირჩევიან. მათი შეფასების დამატებითი კრიტერიუმები საკონკურსო კომისიის დებულებით განისაზღვრება.
მეორე ეტაპზე კი კანდიდატები მათ მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების განხილვისა და მათთან გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.
საკონკურსო კომისიამ შერჩეული მეურვეობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეების შესარჩევი კომისიის წევრები არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.
ამ 9-კაციანი კომისიიდან 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.