პირს ხელში არა იარაღი, არამედ კამერის შტატივი უჭირავს - „მითების დეტექტორი“ იმედის დეზინფორმაციაზე
02.12.2024


ფაქტების გადამოწმების პორტალი - „მითების დეტექტორი“ წერს, რომ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მტკიცება, თითქოს აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, დეზინფორმაციულია:

„მედიის მიერ გავრცელებული ფოტო „ტელეკომპანია პირველის“ პირდაპირი ჩართვიდანაა მოჭრილი. უწყვეტი ეთერის ყურებით ვადგენთ, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი არა შეიარაღებული დემონსტრანტი, არამედ მედიის წარმომადგენელია, რომელსაც არა იარაღი, არამედ შტატივი უჭირავს“. 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 1 დეკემბერს (1:54 წუთი) ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „სავარაუდოდ შეიარაღებული "მშვიდობიანი" მომიტიგნე“.



„მითების დეტექტორმა“ „ტელეკომპანია პირველის“ 1 დეკემბრის ფეისბუკის უწყვეტი პირდაპირი ეთერი გადაამოწმა, რომელიც 00:20 საათზე დაიწყო. 

„პირდაპირი ეთერის დაწყებიდან, დაახლოებით, საათისა და ოცი წუთის შემდეგ (დრო: 1:22:46), კადრში ჩნდება ის ეპიზოდი, რომელიც „იმედმა“ საინფორმაციო ბარათისთვის გამოიყენა. უწყვეტი ეთერის ყურებისას ჩანს, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი შტატივითა და კამერით დგას, მას ასევე უკეთია ბეიჯი, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ ის მედიის წარმომადგენელია. აღნიშნული პირი შეიარაღებული არ არის, მას ხელში არა იარაღი, არამედ კამერის შტატივი უჭირავს და მიმდებარე ტერიტორიას იღებს.

ზუსტად იმ ეპიზოდში, რომლის საფუძველზეც სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, ვხედავთ, რომ აღნიშნულ პირს ბეიჯი უკეთია, ასევე ჩანს კამერის საკიდიც.

რამდენიმე წამის შემდეგ, პირი ბრუნდება და კადრების გადაღებას აგრძელებს, რა დროსაც პირდაპირ ეთერში მისი კამერა სრულად ჩანს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას შტატივი და კამერა უჭირავს და არა – იარაღი. ამასთანავე, ტელეკომპანიის საინფორმაციო ბარათისთვის გამოყენებულ ფოტოზე ერთ-ერთ დეტალს მომხმარებლები, სავარაუდოდ, იარაღის დეტალად, მჭიდად აღიქვამენ. “პირველის” პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ის სინამდვილეში საწვიმარი მილია“, - წერს „მითების დეტექტორი“. 

 

კადრი რომ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერიდან იყო ამოჭრილი, ამის შესახებ „იმედმა“ თავადაც დაწერა: „ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ კადრზე ამტკიცებს რომ „იმედის“ კამერის გადაღებულია“

„მითების დეტექტორის“ ამ სტატიის საფუძველზე Facebook-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ „იმედის“ მასალა დეზინფორმაციაა.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები იმართება. ირაკლი კობახიძემ ამ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.




თეგები : ფოტომანიპულაცია; ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ