TV 25-ის
განცხადებით, 2025 წლის 1 იანვრიდან
შეჩერებულია საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური ტოქშოუები.
შეჩერებულია ტელეკომპანიის ვებგვერდი და ყველა სოციალური
პლატფორმაც.
TV 25 მზია ამაღლობელსა და ყველა პოლიტპატიმარს მხარდაჭერას უცხადებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მათ ინტერესებს ვერ იცავს.
„ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით“.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, რომელიც რეგიონული მედიისთვის 2009 წლიდან მუშაობს, ეს არის პირველი იანვრის ბოლო, როდესაც ახალი ამბების მაუწყებლობას მხოლოდ 2 ტელევიზია ახერხებს, დანარჩენი კი ყველა შეჩერებულია.
„TV 25-ს არცერთი ხელისუფლების დროს არ გაუჩერებია „ნიუსმაუწყებლობა“. არბევდნენ, იჭერდნენ, ყველაფერს უშვებოდნენ [ედუარდ] შევარდნაძის დროს, ასლანის [აბაშიძე] დროს, მიშას [სააკაშვილი] დროს. ეს არის პირველი 2025 წელი, როდესაც ასეთი რამ ხდება“.
ნათია კუპრაშვილის შეფასებით, ეს არის ილუსტრაცია იმის, თუ რა ხდება რეგიონულ მაუწყებლებში, რომელთა გარეშეც „ვერ გავა დემოკრატია ფონს ამ ქვეყანაში“.
„ისინი იყვნენ [რუსული] კანონის პირველი სამიზნე და ეხლა ვხედავთ ამის მოქმედებას. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ის კანონი არ მოქმედებს, ესე არ არის. მოქმედებს და ეს არის ამის შედეგი“.
2025 წლიდან მაუწყებლობა შეაჩერა ტელეკომპანია “ბორჯომმაც”.
„ტელეკომპანია „ბორჯომის“ 27-წლიანი არსებობის მანძილზე, 2024 იყო ყველაზე რთული, კრიზისული და მორალური გამოწვევებით სავსე წელი.
იძულებული ვართ დღეიდან დროებით შევაჩეროთ მაუწყებლობა”, - ვკითხულობთ 2024 წლის 31 დეკემბერს ტელეკომპანიის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო, ახალი წლის მისალოც ტექსტში.
„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ 30-ზე მეტ ტელე-რადიო მაუწყებელს აერთიანებს.