„დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია“ - „ბათუმელების“ ოპერატორი
23.01.2025

ფოტო „ბათუმელები"

გამოცემა „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის თქმით, 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავების შემდეგ ტელეფონიდან ყველა მასალა წაუშალეს.

პრესკონფერენციაზე, რომელიც მურვანიძემ იურისტებთან ერთად დღეს გამართა, განაცხადა, რომ ის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით მას შემდეგ დააკავეს, რაც გაიგო, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო.

„დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ჩემკენ შემოტრიალდა ირაკლი დგებუაძე, მკითხა, ვინ ვიყავი. ვუთხარი, რომ ვიყავი „ბათუმელების“ თანამშრომელი. მან იქვე პოლიციელებს მიმართა, რომ ენახათ, თუ რას ვიღებდი, ჩემთვის ჩამოერთმიათ ტელეფონი, წაეშალათ ინფორმაცია და დავეჭირეთ“. 

გურამ მურვანიძის თქმით, მან პოლიციელებს არაერთგზის განუმარტა, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო, თუმცა ის მაინც დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის შემდეგ, როცა მას პირადი ნივთები დასალუქად ჩამოართვეს, პოლიციელებმა მისი პრესის ბარათიც ნახეს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნამდვილად „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ ოპერატორს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი 20 იანვარს დატოვა.

მურვანიძის დღევანდელი განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საკუთარი ნივთების წამოსაღებად 21 იანვარს მივიდა და აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონი ქარხნულ მდგომარეობაში იყო დაბრუნებული, წაიშალა ყველა მასალა, რაც გადაღებული ჰქონდა, მათ შორის, მისი დაკავებისა და ირაკლი დგებუაძესთან საუბრის კადრები.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და გურამ მურვანიძემ 22 იანვარს მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც. ისინი შსს-ს გენინსპექციისგან ითხოვენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ