საქართველო
კატეგორია - საქართველო


TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის მუქარისა და სისტემური დევნის გამო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 

ნათია კუპრაშვილის გამოკითხვა საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კუპრაშვილმა და „სტუდია მონიტორის“ სამმა ჟურნალისტმა: ნინო ზურიაშვილმა, ნანა ბიგანიშვილმა და მარი დუდუნიამ „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს 9 მაისს მიმართა.

გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები, თუმცა,  საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში მათაც დაიბარებენ. 

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) ბოლო დღეებია როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. მათ შორის უცხო პირები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ნათია კუპრაშვილსაც. 

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი წარწერები და პლაკატებიც დაუტოვეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. მის დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კი პირადი ავტომობილიც დაუზიანეს. 

 
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რედაქტორი და წამყვანი, ირინა ყურუა და რადიოს რედაქტორი მაია მერკვილაძე "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და მედიის დღევანდელ მდგომარეობას აფასებენ. მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის თანამდებობიდან 2020 წელს გაათავისუფლეს. 


მედიაჩეკერი:
დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში?

ირინა ყურუა: არ ულხინს დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ზოგადად მედიას, მაგრამ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა თვითცენზურაა. დარწმუნებული ვარ, ნიუსრუმს ან რომელიმე სხვა რგოლს ყოველწამიერად არავინ ურეკავს და დირექტივებს არ აძლევს. ყველაზე მეტად რაზეც მტკივა გული, არის ის, რომ ამ ხალხში არიან ის ძალიან კარგი, სწორი ღირებულებების მქონე ჟურნალისტები, რომელთან ერთადაც გვიმუშავია მეც, ჩემს საუკეთესო კოლეგებსაც, იმ ჟურნალისტებსაც, ვისზეც დღეს მედია დგას. დღეს ეს ადამიანები არსად, არსად იძებნებიან. რატომ? ისინი თვითგადარჩენის რეჟიმში არიან და თავს მალავენ. მე და მაიკოს [მერკვილაძეს] ხშირად გვიკამათია იმაზე, რომ ვერ ვიქნებით მკაცრები და ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის ის ადგილი, სადაც პერსონალური გმირობაა საჭირო იმისათვის, რომ არ დაიკარგოს მთავარი მონაპოვარი - გამოხატვის თავისუფლება. 

მაია მერკვილაძე: როდესაც საარჩევნო პერიოდში კეთდებოდა არხის მონიტორინგი, იქ კარგად ჩანდა შედეგები. ვთქვათ, რამდენი პროცენტი ეთმობოდა ხელისუფლებას და მათ ოპონენტებს და ეს პროცენტულად კარგად ჩანდა, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად. ასე ზეპირი შეფასებით, არ ვიცი რამდენად ობიექტური იქნება, თუმცა, მე მაქვს ჩემი სუბიექტური აზრიც და შეფასებებიც. მე ვიცი, რას ვაკეთებდით ჩვენ და რა კეთდება ახლა. არ ვიტყვი, რომ საუკეთესო პროდუქტს ვქმნიდით, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს და ვცდილობდით, რომ პასუხები გვეპოვნა. ჩემი შეფასებით, ის, რისგანაც დაცლილია ახლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, არის სწორედ შეკითხვები. აქედან გამომდინარე არ ჩანს ის ხალხი, ვისაც ეს შეკითხვები მიემართება. ტელევიზიაში მუშაობენ ჩემი კოლეგები, რომლებიც გრძნობენ ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ და ვხედავ ამას, ეს უხერხულობა არსებობს. თუმცა, ისე მოხდა შინაარსის შეცვლა და შეკითხვების გამოცლა, რომ კონკრეტული დავალება არ ყოფილა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ. მხოლოდ ის ითქვა, თუ რა არ უნდა ყოფილიყო. ასეთი პოლიტიკა იყო, რომ არ გაეკეთებინათ ადამიანებს ის, რაც მანამდე კეთდებოდა. 

ირინა ყურუა: საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველა სხვა მაუწყებლისგან განსხვავებით, მეტი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს. როდესაც ხალხის ფულით იკვებები და არსებობ, ხალხი უნდა იყოს შენი პრიორიტეტი და არა ხელისუფლება. არაფერს ორიგინალურს არ ვამბობ, მაგრამ როდესაც ვერ იცავ ჟურნალისტურ პრინციპს, ეს უკვე სირცხვილი კი არა, დანაშაულია.  

მაია მერკვილაძე: ახლაც კონკრეტული მითითებები და მითუმეტეს რადიოში, სადაც მე ვმუშაობ, არაფერი ეგეთი არ არის. რაც შეეხება სხვა გადაცემებს ან თუნდაც ტელევიზიას, ის, რაც შეიძლება გარედან არ ჩანდეს, არის, რომ კონკრეტული ჟურნალისტების ზეწოლის შედეგად გადაწყვეტილებები იცვლება. მაგალითად, თუკი მიმდინარეობს აქცია და ის არ გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ეს ჟურნალისტები აპროტესტებენ, ითხოვენ და ამის შედეგად აქცია ირთვება პირდაპირ ეთერში. 

აგრეთვე, ამ პროცესში ყურში ძალიან ცუდად მხვდება, როდესაც ამ კანონპროექტს ეძახიან "გამჭვირვალობის კანონს". სამწუხაროდ, ეს ისმოდა ჩვენი ტელევიზიიდანაც. კლიშეებს მეც ვერიდები და მაგალითად, არც "რუსულ კანონს" ვეძახი და არც "აგენტების კანონს". მირჩევნია, ვთქვა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ მისთვის გამჭვირვალობის კანონის დარქმევა, ჩემი აზრით, არის მავნებლობა. ამ ტერმინებში ჩანს პოზიცია, სამწუხაროდ. 

მედიაჩეკერი: როგორ აფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებსა და მედიის მდგომარეობას?

ირინა ყურუა: ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჟურნალისტებზე ზეწოლა. პატრულს ეძახი საშველად და ის არ მოდის. [საუბარია ნოდარ მელაძის განცხადებაზე „ტვ პირველის" მიმდებარედ ჩასაფრებასთან დაკავშირებით, რა დროსაც მელაძემ 112-ის მიმართა.] ისეა ჩამოშლილი ქვეყანაში ინსტიტუციები, რომ სწორედ, ჟურნალისტმა უნდა ამოიღოს ხმა. ახლა ბრძოლის პირველ ხაზზე უნდა იყვნენ ჟურნალისტები. რა არ გადაგვიტანია. ასლან აბაშიძის დროს კასეტებით გავრბოდით, უშიშროების სამსახურის მანქანები მოგვსდევდნენ და თბილისში მაინც ვაგზავნიდით მასალას. იმ დროს ციფრული ტექნოლოგიები განვითარებული არ იყო. მაშინ არ შეგვშინებია. სახლიდან რომ გამოვდიოდი. უშიშროების ბიჭებს ვესალმებოდი, ხომ კარგად ხართ-მეთქი, იმდენად ვცნობდით უკვე სახეზე ერთმანეთს. ასეთი გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს აშინებენ?! 

მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა შიგნიდან უნდა მოვძებნოთ ძალა. ეს დროებითი შემოტევებიც როგორღაც უნდა გადავლახოთ, თორემ ახლა რომ ჩავიკარგოთ, გავისუსოთ, დაველოდოთ, რომ წინა პლანზე ჩემი კოლეგა გავაგდო, ის მეხამრიდათ გამოვიყენო და ამით თავი დავიზღვიო, ასე არ გამოვა. სამსახურსაც დავკარგავთ, მერე რა?! რამდენჯერ გვაქვს ეს გამოცდილი. მთავარია, ჩვენი პროფესიული პრინციპი არ დაიკარგოს, იმიტომ რომ დღეს ჟურნალისტიკა ადამიანებზე, პერსონებზე დგას. ასეთი ხანა უდგას საქართველოში დღეს ჟურნალისტიკას და ესეც არ არის ახალი. ყოველთვის გამოსულა მედია ამ წნეხიდან. 

მე სოლიდარობის იმედი მაქვს ამ ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის. კი, ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ძალიან ცუდ როლს თამაშობს და მათ ნამდვილად უღალატეს საკუთარ პროფესიას, მაგრამ მგონი, ახლა იმის დროც არ არის, რომ დავიყოთ ჩვენიანებად და სხვისიანებად. პირიქით, მე მაშინ უფრო ბედნიერად ვიგრძნობ თავს, როდესაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ არასწორ მხარეს დგომა ჟურნალისტიკა არ არის. ახალი თაობა გვასწავლის, რა უნდა ვქნათ. არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ან მომავალი პროფესიის არიან. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ჩემი სტუდენტები არიან, რომელნიც იმდენად სწორად აზროვნებენ, რომ მათგან ვსწავლობ ბევრ რამეს. და ახლა მათ ხომ ვერ დავემალები?! ვიდრე მაქვს საშუალება ვცდილობ, სადაც სათქმელია, ვილაპარაკო. მეტი რა შემიძლია?! ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თვითცენზურაც როგორღაც უნდა გადავლახოთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ. 

ძალიან მესიამოვნა, იმ დღეს სოლიდარობის მიზნით კოლეგები რომ მივიდნენ „ტვ პირველის“ ოფისთან  და გაამაგრეს ერთმანეთი. ასეც უნდა იყოს, მეც მივიდოდი, უბრალოდ შორს ვარ.

 
კატეგორია - საქართველო


"საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი" პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და პრესისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

ოფიციალურ წერილში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები და უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელმეორედ ინიცირების, ძალადობრივი ქმედებების უეცარი ზრდისა და იმ შეზღუდვების გამო, რომლებსაც ქართველი ჟურნალისტები მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას აწყდებიან:

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ უკან კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის არსებობას. ამასთან, მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, რომ გარანტირებული იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. სულ მცირე 20 მედიის წარმომადგენელი დაშავდა ფიზიკურად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დააკავეს პროტესტების გაშუქების დროს".

წერილში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით ახლახანს მიიღო, ხელისუფლებას აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციის, ზეწოლისა და საბოლოოდ გაჩუმებისთვის, რითაც საფრთხეს  პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას უქმნის. 

წერილის მიხედვით, კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიწებონ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყი, არამედ იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, ჩაატარონ ამ ორგანიზაციების „საფუძვლიანი გამოძიება“ მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე: 

„იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მას ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და შეარყიოს მათი დამკვირვებლის როლი".

წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლებათ. 

„ჟურნალისტებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება. გადაწყვეტილება - ჟურნალისტებისთვის, ონლაინ გამოცემებისთვის პარლამენტში შესვლის აკრძალვის შესახებ, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, ჟურნალისტები ვერ ახერხებენ თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“

 

საქართველოს პრემირ მინისტრისადმი მიმართულ წერილს ხელს 18 საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს.

წერილის ლინკი:

 
კატეგორია - საქართველო


საინფორმაციო პორტალ QvemoQartli.ge-ის ინფორმაციით, უცნობი პირები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტებს:

  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტი
  • მანონ ბოკუჩავა, „ქვემო ქართლის მედია“ -ს ხელმძღვანელი
  • მარიკო წიქორიძე, ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ს დამფუძნებლი
  • თიკო დავაძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტი


„ქვემო ქართლში მედია მენეჯერების და ჟურნალისტების პირად ნომრებზე, შეურაცხმყოფელი ზარები განხორციელდა. უცნობი მოქალაქე, მათ და მათი ოჯახის წევრებს ურეკავდა. ჟურნალისტებს მოიხსენიებდა, როგორც სამშობლოს მოღალატეებს“, - წერია QvemoQartli.ge-ის განცხადებაში.

„ქვემო ქართლის მედიამ“ სატელეფონო ზარების გამო სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს უკვე მიმართა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ზარზე პასუხისას მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. 

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტის: ნინო ზურიაშვილის, ნანა ბიგანიშვილისა და ნათია კუპრაშვილის უფლებების დასაცავად „მედიაომბუდსმენმა“ შესაბამის უწყებებსაც: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიმართა. 

მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერებიც ხვდებათ.

 
კატეგორია - საქართველო


მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერები ხვდებათ. მათ შორისაა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“, რომელიც მომხდარს ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებულ ტერორად აფასებს: 

„უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი "სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.

გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც "სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.  არა რუსულ კანონს!“ - წერია „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში.

438164759-1007165581130666-155467449442444487-n

ღირსების შემლახველი პლაკატები და წარწერები დახვდა „მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელს, გელა მთივლიშვილს.

441601164-7900925676593967-2896702549535298542-n

„მედიის განვითარების ფონდის“ ოფისთან დატოვეს სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერებიც.



წარწერების გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა დაიწყო. ზარზე პასუხისას კი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. 

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტის: ნინო ზურიაშვილის, ნანა ბიგანიშვილისა და ნათია კუპრაშვილის უფლებების დასაცავად „მედიაომბუდსმენმა“ შესაბამის უწყებებსაც: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიმართა. 

 
კატეგორია - საქართველო


მედიაომბუდსმენი
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები.

მედიაომბუდსმენმა შესაბამის უწყებებს „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილისა და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის, ნანა ბიგანიშვილის, TOK TV-ისდამფუძნებელისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ დღეს, 9 მაისს შეატყობინა. 

 

„ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაშინების ტენდენცია უკიდურესად საშიშ ფორმებს იღებს. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ერთის მხრივ, ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, მეორეს მხრივ, ქმნის რისკებს ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი“, - წერია მედიაომბუდსმენის განცხადებაში. 

 

ბოლო დღეებია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. დღეს, დილით კი საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან მათ სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები დახვდათ გაკრული. 

 
კატეგორია - საქართველო

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას.
 
ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობაში და ა.შ.

შექმნილი ვითარება - ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას.

  • ნეტგაზეთი / ბათუმელები;
  • სტუდია „მონიტორი“;
  •  პუბლიკა;
  •  მთის ამბები / საქართველოს ამბები;
  •  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / მედიაჩეკერი;
  • სამხრეთის კარიბჭე;
  • ტაბულა;
  • oc-media;
  • jam-news;
  • on.ge;
  • Chai-khana;
  • ქართლი.ჯი;
  • ქუთაისიპოტი;
  • აპრილი მედია;
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი";
  • პროექტი 64;
  • სათემო რადიო "მარნეული";
  • ინდიგო
კატეგორია - საქართველო


"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეკომპანია "იმედს" მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის. 
 
"იმედმა" Fორ.გე-ზე დაყრდნობით, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გაავრცელა და საზოგადოებას როგორც უტყუარი ფაქტი, ისე შესთავაზა. 
 
ფარული ჩანაწერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სავარაუდო საუბარს ასახავს. 
 
ქარტიის განცხადებით, "იმედი" ამგვარი ქმედებით ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს არღვევს, უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს შეცდომაში.
 
"„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ. 
 
აღსანიშნავია, რომ ორი დღეა, მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატეს, მათ  შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიიღეს".
 
ფარული ჩანაწერები გაავრცელეს ტელეკომპანიებმა "პოსტვ"-იმ და "რუსთავი 2"-მა.
კატეგორია - საქართველო



პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, უწყება უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, - წერია განცხადებაში.

დღეს, საღამოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილსა და სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების პოზიცია.

„ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება“, - ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან.  

 
 
კატეგორია - საქართველო


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ტელევიზიის თანამშრომლები გამოკითხა. გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებულები იყვნენ მედიის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს შვედეთის საელჩოსთან თავს გუშინ დაესხნენ. კლდიაშვილი ტელევიზიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

მედიამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება გუშინვე შეძლო. "ფორმულას" ინფორმაციით, ის რეზო ვაშაყმაძეა, რომელიც "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაშიცაა. 

გუშინ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის დაწყებამდე. მიკროფონის წართმევა სცადეს “ტვ პირველის” ჟურნალისტისთვის. 

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" გაავრცელა. ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს 7 მაისს თბილისსა  და თელავში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიისა და  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად და სისტემურად ეწევა თავისუფალი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას და ამგვარი მედიის ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საზოგადოების მტრებად და საფრთხედ წარმოჩენას ცდილობს. მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ახალისებს, საგამოძიებო უწყებები კი დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას არ ჩქარობენ", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე, გიორგი კლდიაშვილსა და პედაგოგ ლადო აფხაზავაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელი და მიუღებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

"მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების  პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ განცხადებით, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა  "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა, რის გამოც ჟურნალის გამოცემა ამ ეტაპზე წყდება. 

„როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. 
 
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. 
 
„არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას. 
 
„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. 
 
არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმვლობაში. 
 
ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. 
 
"არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.  მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - „არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“ მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.
 
„არილი“ ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. „არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!“ - წერია განცხადებაში
 
კატეგორია - საქართველო


4 მაისს ტელეკომპანია „პოსტვ“-იმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კეზერაშვილმა რევოლუციის ფული საქართველოში ნინო დარასელს და ნინო დვალს გამოატანა“. 

მასალაში წერია, რომ დვალმა და დარასელმა საზღვარი 4 მაისს, გამთენიისას გადმოკვეთეს და ქვეყანაში რამდენიმე მილიონი შემოიტანეს.




„პოსტვ“-ის ტელეკომპანია „იმედიც“ მიჰყვა და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა, თეა სიჭინავამ მაყურებელს ამცნო: „გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მიმდინარე აქციებს სხვადასხვა გზით აფინანსებს. მსჯავრდებულმა ექსთავდაცვის მინისტრმა თანხების ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე ადამიანი შეარჩია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზნით კეზერაშვილთან ლარნაკაში იმყოფებოდნენ: ნინო დვალი, ნინო დარასელი და ნანუკა ჟორჟოლიანი. "ქრონიკამ" ეს ინფორმაცია მათთან გადაამოწმა. ამ თემაზე კითხვებმა ისინი გააღიზიანა. ნინო დვალმა კი ირონიული პასუხი აირჩია.“ 

გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც თეა სიჭინავა ეყრდნობა, ალბათ, "პოსტვ"-ის მიერ გამოქვეყნებული ამბავია. 

როგორც ირკვევა, 4 მაისს, გამთენიისას საქართველოს საზღვარი "პოსტვ"-ის მიერ დასახელებულ არცერთ პირს არ გადმოუკვეთავს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო დვალი და ნინო დარასელი მეგობრები არიან, ისინი ლარნაკაში ერთ პერიოდში და ერთად არ წასულან. დვალი მეგობრებთან ერთად ლარნაკაში 24-29 აპრილის პერიოდში იმყოფებოდა. დარასელი კი ლარნაკას 3-6 მაისს ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობდა. ის კუნძულიდან სხვა ქვეყანაში გაფრინდა და საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.

ნინო დარასელი ჟურნალისტი და საჯარო პირია, ამიტომ შესაძლებელია, მედიის სამიზნედაც ქცეულიყო, რასაც მოქალაქე ნინო დვალზე ვერ ვიტყვით. 

"პოსტვ"-იმ და "იმედმა" დარასელი და დვალი ერთმანეთს მხოლოდ მათი მეგობრობის გამო დააკავშირა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისინი კანონის საწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" 1-ლი და მე-3 პრინციპის მიხედვით, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია" და "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". მე-11 პრინციპით კი, ჟურნალისტმა ერთ-ერთ უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად ფაქტის განზრახ დამახინჯება უნდა მიიჩნიოს.

"მედიაჩეკერმა" დარასელსა და დვალს ჰკითხა, რას უკავშირებდნენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას. 

ნინო დვალი: „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარის ცოლის სტატუსზე საკმაოდ არასასიამოვნო კომენტარი გავაკეთე. მტკიცებით ფორმაში, რასაკვირველია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვინაიდან ჩემს ამ გაუგებრობაში მოხვედრას სხვას ვერაფერს ვუკავშირებ, ლოგიკური დასკვნაა, რომ ამ სახით იყარა ჯავრი ჩემზე მისმა პარლამენტარმა მეუღლემ.“  

ნინო დარასელი: "მართალი გითხრა, ამდენი დღეა ვფიქრობ, რა შეიძლება გამხდარიყო მსგავს აბსურდში მოყოლის მიზეზი და პასუხი არ მაქვს. აქტიური და მგრძობიარე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყოველთვის ვიყავი და ახლა არ ვიცი, რითი გავხდი სახელისუფლო მეზღაპრეების ახალი ზღაპრის მთავარი გმირი. რამდენადაც სასაცილოა ეს ამბავი, იმდენად საშიშიცაა. ასე ნებისმიერი აბსურდი შეიძლება, სრულიად ცარიელ ადგილზე შეთხზან და ხალხს შეასაღონ როგორც ფაქტი. ალბათ, სწორედ ეს არის რუსული კანონის არსიც და მსგავსი ელის ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მეტნაკლებად აქტიურია და ვინც თუნდაც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, იმაზე საშიში ყოფილა სიტუაცია, ვიდრე მეგონა. ესაა სწორედ თანამედროვე 37 წლების რუსეთი, საბჭოთა კავშირი, სადაც ჩვენი დაბრუნება სურთ. იმედი მაქვს, ამ ფაქტმა ჯერ კიდევ შემორჩენილი ხელისუფლების მხარდამჭერებიც დააფიქრა. დღეს ასეთი მეთოდით ჩვენ დაგვიკაკუნეს, ხვალ მათაც მიადგებიან. მე არც 2012 წლამდე შემშინებია პროტესტის და არც ახლა მეშინია, თუმცა, ამათ ხელში ჩავარდნილი ქვეყნის მომავალი და ჩვენც იმ მომავალში ნამდვილად მაშინებს“.

როგორც ნინო დვალი "მედიაჩეკერთან" საუბრისას ამბობს, მართლმსაჯულების მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ის სამართლებრივი დავის დაწყებას მაინც გეგმავს: „ვამზადებ და შემაქვს სასამართლოში „იმედისა“ და „პოსტვ“-ის წინააღმდეგ სარჩელი ცილისწამებაზე, სადაც მოვითხოვ გამოიძიონ, ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიებს.“