„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია
ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)
მიმართა.
SJC-ის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას და განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას ისახავს მიზნად.
„დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მიმოხილულია აღნიშნული მუხლისა და 126-ე მუხლის გამიჯვნის საკითხი. გარდა ამისა, განხილულია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების პრინციპი და ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საკითხი“.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა. ინციდენტამდე პოლიციამ თვითნებურად დააკავა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, შეკრების ადგილზე პოლიციამ ასევე თვითნებურად და აგრესიულად დააკავა მზია ამაღლობელის ნაცნობი ახალგაზრდები, რასაც თან ახლდა შეკრების მონაწილეებზე ფიზიკური წნეხი, ჭყლეტა და დაძაბულობა. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, ხომ არ იყო მზია ამაღლობელის ქმედება პროვოცირებული პოლიციის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებით. ამასთან, პოლიციის მხრიდან მომდინარე და განცდილ უკანონობაზე მზია ამაღლობელის სპონტანური რეაქცია გამორიცხავს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ განცხადებაში მოჰყავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლითაც სსკ-ის 3531 მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია სახეზე გვქონდეს: 1. თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; 2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; 3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. „მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე“.
როგორც SJC აღნიშნავს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არა პოლიციელზე თავდასხმად, არამედ ძალადობად (სსკ-ის 126-ე მუხლი) ჩათვალა, მაგალითად, შემდეგი ქმედებები:
- პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა, რაც გამოიხატა ხელის სახეში გარტყმასა და ფეხის ბარძაყში ჩარტყმაში, ასევე დაზიანებების მიყენებაში მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება;
- მუშტის ძლიერი დარტყმა თვალის არეში, გინებასთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ვერ შეიკავა, სახე დაარტყა ღობეს და განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- თავის ჩარტყმა თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი;
- აგრესიული ქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელის ცხვირში ძლიერად დარტყმა, ასევე, მიმალვის მცდელობისას ადევნებული დაზარალებული პოლიციელისთვის ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმა თავისა და ტანის არეში, სამსახურებრივი საშტატო იარაღის წართმევის მცდელობა, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა შემთხვევითი გასროლა;
- ხელებისა და ფეხების სხეულისა და სახის არეში დარტყმა, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სხვა აგრესიულ ქმედებებთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
- გინება და მუშტის დარტყმა სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- სახის არეში ხელის დარტყმა, რის შედეგადაც პოლიციელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ის უჩიოდა თავის ტკივილს, სახისა და ტუჩის არეში – წვის შეგრძნებას. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა თითების ნაკვალევი სიწითლის სახით. ქვედა ტუჩის არეში ისინჯებოდა მცირე ზომის შეშუპება და შიგნითა ზედაპირზე – მცირე ნახეთქები.
„შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებაში ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს“.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ასევე განხილულია სსკ-ის 126-ე მუხლის კვალიფიკაციის საკითხები და აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი - დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. SJC-ის შეფასებით, მხოლოდ ვიდეოკადრების დაკვირვებაც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.
„შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედება არ იყო ისეთი ინტენსივობის, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დასჯა გამართლებულიყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის მექანიზმები უკიდურესი ზომა უნდა იყოს…ჩვენი შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით, ხოლო პოლიციელსა და ქალს შორის აშკარა ძალაუფლებრივი ასიმეტრია კიდევ უფრო გამორიცხავს მის დასჯას ამგვარი მექანიზმით“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დაკვირვებით, მზია ამაღლობელის საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი პროცედურული გამოწვევებიც. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო. „ეს მნიშვნელოვნად ართულებს საქმისთვის არსებითი გარემოებების სრულფასოვან შეფასებას“.
ორგანიზაციისთვის საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც: დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა. ამავე დანაყოფის უფროსი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობდა, მთავარი მოწმეა, ხოლო ყველა სხვა მოწმე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელია. ამასთან, ყველა საგამოძიებო უწყება დაქვემდებარებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ ბესელიას, რომელიც თავად ფიგურირებს ამ საქმეში.
„აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების გამო. სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ დაცვის მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის საგამოძიებო წარმოება გურიის პოლიციის დეპარტამენტს გადააბარა. თუმცა, საქმეზე კვლავ ზედამხედველობს აჭარის პროკურატურა, რომელიც გამოძიების პირველი დღიდანვე კურირებდა ამ პროცესს და მჭიდრო ოპერატიული კავშირი აქვს როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან, ისე ბათუმის პოლიციის სამმართველოსა და მის ყველა დანაყოფთან. შესაბამისად, საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე არსებული კითხვები კვლავაც აქტუალურია“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოს მიმართა რეკომენდაციით გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართოს.
ორგანიზაცია სასამართლოს მოუწოდებს, საქმის განხილვისას გაითვალისწინოს მისი მსუსხავი ეფექტი მედია გარემოსა და ჟურნალისტებზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა, როდესაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, საპროტესტო შეკრების დროს დაკავებით დაემუქრნენ “ბათუმელების” რედაქტორს, ეთერ თურაძეს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას დამატებით სიმძიმეს ანიჭებს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი მოპყრობის უმძიმესი შემთხვევა, რომლის გამოძიებასაც დაცვის მხარე ასევე მოითხოვს. ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან “ბათუმელების” დირექტორის დევნის მიმართ შესაძლო დაინტერესებაზე“.
SJC-ის შეფასებით, მოცემული საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს სამართლიან და დასაბუთებულ მსჯელობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის მიღწევაში და გამორჩეული მედია პლატფორმის დირექტორისა და ღვაწლმოსილი ჟურნალისტის უფლებების დაცვაში, ასევე მსგავს დანაშაულებთან მიმართებით ერთგვაროვანი პრაქტიკის განმტკიცებაში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 18 მარტს გაიმართება. მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზეც.