„მაუწყებლობის შესახებ“კანონში ინიციირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიისა და გამოხატვის თავისუფლებებს - SJC
12.03.2025


ფოტო : qes. com


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების სამი საგანგაშო კანონპროექტის დაინიციირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს არსებითად ეწინააღმდეგება.

პირველი კანონპროექტი - შინაარსობრივი შეზღუდვები და რეგულაციები მაუწყებლების საქმიანობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.

SJC-ის შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული ცვლილებები, გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებებს, პრობლემურია შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისითაც. 

„კანონპროექტში მოცემულია არაერთი ბუნდოვანი დებულება, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი შინაარსი და ფარგლები გაუგებარია, შესაბამისად, განუჭვრეტადია, თუ როგორ განმარტავს მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.

შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მსგავსი კანონმდებლობა უნგრეთში მოქმედებს. უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული აქტი - „პრესის თავისუფლებისა და მედიის კონტენტის ფუნდამენტურ წესებთან დაკავშირებით“, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის მსგავსად, შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რომელიც ნეგატიურად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ. 

„ერთ-ერთი ასეთი დებულება ითვალისწინებს ახალი ამბების დაბალანსებული გაშუქების ვალდებულებას ტელე და რადიო მაუწყებლების მიერ. ვენეციის კომისიის შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უნდა იყოს თუ არა ახალი ამბების გაშუქებისას „ბალანსის“ დაცვა კანონით აღსრულებადი სამართლებრივი ვალდებულება. „ინფორმაცია (ფაქტები) უნდა იყოს სრული და ზუსტი და არა დაბალანსებული“ - აღნიშნავს კომისია. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ნორმები ძალიან კომპლექსურ ვალდებულებებს უწესებენ მედია საშუალებებს და მათ აკლიათ სათანადო სიზუსტე. ტერმინების ბუნდოვანებამ კი შესაძლოა ეს დებულებები თავისუფალი სიტყვის ჩახშობის იარაღად აქციოს“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა საქმეში, რომელიც უნგრეთის ზემოაღწერილი პრობლემური კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევას შეეხება, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ.

„მოცემულ საქმეში, ჟურნალისტმა ახალი ამბების გაშუქებისას ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია მოიხსენია ტერმინით - „ულტრამემარჯვენე“. ეროვნული სასამართლოების შეფასებით, ამ ქმედებამ დაარღვია უნგრეთის „მედიის აქტის“ დებულება, რომელიც წამყვანებს უკრძალავს პოლიტიკური შინაარსის ახალი ამბების გაშუქებისას გააჟღერონ თავიანთი მოსაზრება ან შეფასებითი განმარტება. ეს დებულება ჰგავს საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის ჩანაწერს, რომლის თანახმად „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე„“.

SJC-ის შეფასებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებლობის მარეგულირებელი ბრიტანული სტანდარტები, რომლითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ასაბუთებენ, არსებითად განსხვავდებაკანონპროექტში წარმოდგენილი დებულებებისგან. 


მეორე კანონპროექტი- დაფინანსების კუთხით დადგენილი შეზღუდვები

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე კანონპროექტის თანახმად, ტელე და რადიო მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება. ამასთანავე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლების მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, მედია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს.

„აღნიშნული აკრძალვა არ ემსახურება არავითარ ლეგიტიმურ მიზანს. იგი არ იცავს არავითარ საჯარო ინტერესს ან სიკეთეს. პირიქით, ამ აკრძალვით ხელისუფლება ზღუდავს ფართო საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების გზებს და ებრძვის კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას“.

მესამე კანონპროექტი  - გენდერული თანასწორობის კუთხით გაუარესებული მდგომარეობა 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მმართველი პარტია თანასწორობის უფლების შემზღუდველი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი საგანგაშო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებასაც აგრძელებს. ამის მაგალითად ორგანიზაციას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში მესამე კანონპროექტით ინიცირებული ცვლილებები მოჰყავს, რომლითაც კანონიდან ამოიღებენ სიტყვებს: „გენდერი“, „გენდერული მიკუთვნება“ და „გენდერული მრავალფეროვნება“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება. კანონპროექტის თანახმად, მოცემული დებულებიდან ამოღებულია სიტყვა „გენდერული“ - საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ ექნება ვალდებულება, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული გენდერული მრავალფეროვნება“.

SJC-ის შეფასებით, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარების, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების კონტროლს მიღმა თავისუფალი სივრცეების არსებობას. ერთ-ერთ ასეთ სივრცედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კრიტიკულ მედიასაშუალებებს მიიჩნევს, რომლებსაც, მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, სააშკარაოზე გამოაქვთ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მასშტაბური რეპრესიები და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. 

„მმართველი პარტიის მიერ მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები - ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიციირებული უკიდურესად პრობლემური შინაარსის ცვლილებები, მედია საშუალებების უფლებების შემზღუდველი რეგულაციები და მათზე კონტროლის გამკაცრება კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლის გაძლიერებას და ქვეყანაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი სივრცეების მაქსიმალურად ჩახშობას, მისი ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასების დოკუმენტი ვრცლად იხილეთ ბმულზე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ