საქართველო
კატეგორია - საქართველო


2 თებერვალს, პროევროპული აქციების 67-ე დღეს, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე გაიმართა. „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციის გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ“. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, „შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე“. 

2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მომხდარ შემთხვევებს გამოეხმაურა და დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს სოლიდარობა გამოუცხადა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“.  

„ეს ფაქტები წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმას და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული დანაშაულები პირველი შემთხვევები არ არის და უკვე წლებია “ქართული ოცნების” რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში და უკანონო პატიმრობაში რჩება “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

„თბილისი მოლთან“  მიმდინარე აქციის გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:

  • „TV პირველი“

დაახლოებით 18:00 საათზე, აქციის გაშუქებისას დაშავდა „TV  პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ტელევიზიის განცხადებით, ოპერატორი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ამ ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში, პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს. ჟურნალისტის თქმით, მანამდე პოლიციელებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეეცადნენ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ. 

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც. „TV პირველის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მოადგილემ, მირზა კეზევაძემ ჟურნალისტს პირადი ტელეფონი წაართვა, ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა. 

  • „ფორმულა“

„TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძის თქმით, პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც. 

  • „მთავარი არხი“

20:36 საათზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელებმა მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • „მედია აპრილი“

პოლიციელებმა აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ თანამშრომლებს, ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობდნენ, მათთვის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაეტოვებინათ. 

  • „რადიო თავისუფლება“

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დაემუქრნენ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, გელა ბოჩიკაშვილს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“.

  • „რადიო მარნეული“

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტ ვლადიმერ ჩხიტუნიძესაც. ის პოლიტიკოს ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. 

  • „გურია ნიუსი“

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტსაც. გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს „გურია ნიუსის“ კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.

  • „მედიაჩეკერი“

„თბილისი მოლთან” მიმდინარე აქციის დროს პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს. 

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ წელს პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. 

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ.

„პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ“.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აღწერს მომხდარ ინციდენტებსაც:

„ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“. პოლიციელი უკან არ იხევს მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი მას უხსნის, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს: „ვინც არ უნდა იყო, გაწიე კამერა“.

პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ ჟურნალისტებს ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობენ, მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინონ.

პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თავად გამოაქვეყნა.

„რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც ის გდდ-ს თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკური ძალის გამოყენებით აგდებენ ტერიტორიიდან ტელეკომპანიის ჟურნალისტს დიანა ჩირგაძეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელებმა მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოპერატორს. მეტიც, ისინი შეეცადნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.

ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა „ტვ პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას. ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს, რამაც აჩვენა ტვინის შერყევა. “ნეტგაზეთის“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი ძლიერ ტკივილს განიცდის. მან დაზიანება ჭყლეტისას მიიღო, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებდა. ნიკო კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს ნიღბიანმა პოლიციელმა, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მირზა კეზევაძემ წაართვა პირადი ტელეფონი, რომლითაც ის „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად ხარაზიშვილის მანქანას იღებდა. პოლიციელმა ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა. იმავდროულად პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც. ხატია სამხარაძის თქმით, მათ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევა სცადეს.

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტს ნინია კაკაბაძესაც იმ მანქანის გადაღებისას, რომლითაც ზვიად ხარაზიშვილი გადაადგილდებოდა. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს.

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტსაც. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს “გურია ნიუსის” კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა”.

ქარტია გმობს ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე.

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სახალხო დამცველს მიმართა, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევს.

„2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.

იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი.

 საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში“, - წერს ორგანიზაცია.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 22-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს შალვა პაპუაშვილის მუქარას „პუბლიკას“ მიმართ და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივება

ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ - დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების დევნას, ხოლო მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მქონე პირები დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების მიმართ სიძულვილის გაღვივებას აგრძელებენ.

„ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილებაში და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგემლობაზე ალაპარაკდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკამ“ 1 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქციის შესახებ.

შალვა პაპუაშვილი ამ ინფორმაციას 1 თებერვალსვე გამოეხმაურა პოსტით ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელშიც „პუბლიკა“ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რეკლამირებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს შეახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა. „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქცია სწორედ ამგვარ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება.

მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა.

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე”, - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებას „პუბლიკა” მუქარად აღიქვამს. გამოცემის შეფასებით, პაპუაშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას ცდილობს და მათ მიმართ სიძულვილსა და ძალადობას ახალისებს, რაც მის პოსტზე კომენტარებით დასტურდება:

„”პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუკის გვერდზე „პუბლიკას" მასალის ე.წ. სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გამოცემა “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს”.

 

კატეგორია - საქართველო


40-ზე მეტი მედიაორგანიზაცია შალვა პაპუაშვილის მუქარას „პუბლიკას” მიმართ ერთობლივი განცხადებით ეხმაურება:

„1 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ “პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.

კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს.“

განცხადების ხელმომწერი მედიაორგანიზაციები:

  • ბათუმელები
  • ნეტგაზეთი
  • სამხრეთის კარიბჭე
  • სტუდია მონიტორი
  • მთის ამბები
  • ჯემნიუსი
  • მედია აპრილი
  • ინდიგო
  • მედიაჩეკერი
  • მოზაიკა
  • ქუთაისიპოსტი
  • მაუწყებელი
  • აქცენტი
  • OC Media
  • Chai Khana
  • Civil. ge
  • პროექტი 64
  • TV პირველი
  • “ფორმულა”
  • JRC/
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
  • TOK TV
  • კავკასია
  • კახეთის ხმა
  • ტაბულა
  • ექსპრესნიუსი
  • ჩემი ხარაგაული
  • მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“
  • CNews. ge
  • Tv9News
  • აი,ფაქტი
  • გურია ნიუსი
  • BMG
  • გურიაTV
  • ქართლის ამბები
  • მთავარი არხი
  • On. ge
  • გაზეთი ალიონი
  • რადიო WW
  • რადიო ათინათი
  • QvemoQartli.ge
  • Jnews
  • „ინფო იმერეთი“
  • „ალიქ მედია ჯორჯია“
კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ 3 თვით, მეორედ გაუხანგრძლივდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა მეორედ 3 თვით 2024 წლის 1 ნოემბერს გაახანგრძლივა.

აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 21 სექტემბრიდან, 133-ე დღეა შიმშილობს.

15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის საჩივარიც, მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

ამავე დღეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, რომელიც მე-20 დღეა შიმშილობს, „სავალალოდ ცოტა დოკუმენტაცია“ აქვთ და სისხლის საერთო ანალიზის გარდა, მისთვის სხვა კვლევა არ ჩაუტარებიათ.

„ჯერ რაც გვაქვს, ესაა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული სისხლის საერთო ანალიზი, 21 იანვარს. წარმოგიდგენიათ, ადამიანი შიმშილობს, დღეს მე-20 დღეა და მხოლოდ ერთი ანალიზია, რაც ჩაგვაბარა სახალხო დამცველმა, სისხლის საერთო ანალიზი. მეტი არაფერი კვლევა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში 27 რიცხვის ჩათვლით. ინფორმაციის დონეზე ვიცით, რომ კიდევ გაუკეთეს საერთო ანალიზი, 28 იანვარს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერ სერიოზულ კვლევებზე საუბარი არაა“. 

დღეს, 31 იანვარს, პენიტენციურ დაწესებულებაში ამაღლობელი მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმაც. ომბუდსმენის განცხადებით,  ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

„ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“.

ომბუდსმენის აპარატი კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებსაც ეხმაურება და წერს, რომ „განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის  აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში“. 

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია, აჭარის სამმართველოში გამოძიება კი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე“ მიმდინარეობს. 

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კონსტიტუციური და საკანონმდებლო ვალდებულებების სისტემატური დარღვევის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

კოალიციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშ იმყოფება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას ვერ უზრუნველყოფს. 

„ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული საქმიანობა განსაკუთრებით საგანგაშოა დღეს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული არჩევნების, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” მიმართ აშკარა მიკერძოებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით. მაუწყებლის ხელმძღვანელობა სრულად უგულებელყოფს სამეურვეო საბჭოს და საკუთარი ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფორმატების გაფართოების შესახებ. ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ყოველდღიური აქციები ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც. პროტესტი გამოწვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, გასული წლის დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში საზოგადოებისთვის მცირე საეთერო დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა მალევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა. “ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად მოვითხოვთ, არხის ხელმძღვანელობის გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომლითაც 29 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ძველ შენობასთან განგრძობითი პროტესტის ორი თვის აღსანიშნად აქცია დააანონსეს. 

სამეურვეო საბჭოს ნაწილი ცალსახად ემიჯნება საბჭოს თავმჯდომარის ვასიკო მაღლაფერიძისა და მისი მხარდამჭერი წევრების უსაფუძვლო კრიტიკას მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. კრიტიკის საფუძველია ასევე ის ფაქტიც, რომ მაუწყებელი არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, ამ შემთხვევაში კი უკანონო წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, რომელიც უკვე 18 დღე შიმშილობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის  მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის გარდა თვითონ საბჭოს წევრებისათვისაც კი პასუხგაუცემელია სერიოზული კითხვები დაკავშირებული მაუწყებლის მართვასთან, კერძოდ რა თანხები იხარჯება მაუწყებლის პროგრამების განსახორციელებლად, როგორ გამოიყურება სამაუწყებლო სეზონის გეგმაზე, რომელი გადაცემები იგეგმება ეთერში, რატომ არ ფუნქციონირებს დღის ეთერი, რა პრინციპით ნაწილდება ხელფასები, რა მექანიზმებით რეგულირდება შიდა ინტერესთა კონფლიქტები, აღნიშნულია განცხადებაში. 

არსებულ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დაუყოვნებლივი გადადგომა და მათ ნაცვლად მიუკერძოებელი, პროფესიონალი პირების შერჩევა. აუცილებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის სრული უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა ნაწილის სამართლიანი მოთხოვნების სათანადო გათვალისწინება პროგრამული პოლიტიკის შემუშავებისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს საქართველოში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

 
კატეგორია - საქართველო


29 იანვარს, 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ძველ შენობასთან [კოსტავას 68] აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, უკვე ორი თვეა „პირველ არხთან“ აქციები იმართება და ითხოვენ, არხმა შეასრულოს  მისი უმთავრესი ფუნქცია შეასრულოს, დროულად და ობიექტურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. 

„სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში, აშკარა გახდა, რომ მაუწყებელი ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესს და გადაიქცა პროპაგანდისტულ ტელევიზიად. ამას ადასტურებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ასევე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კვლევა და რაც მთავარია, თავად მაუწყებლის შიდა მონიტორინგის ანგარიში.

ეს არის ფაქტები, რომლის უტყარობაც დასტურდება. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელი წარმოადგენს მხარეს, რასაც უკვე ტელევიზიის წინ 2 თვეა ვაპროტესტებთ. სხვა საზოგადოებრივ საკითხებთან და პროტესტებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი სათანადოდ არ აშუქებს შენობასთან მიმდინარე პროტესტს“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის მცირე დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა ახალი წლის შემდგომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა.

„ამჯერად ოფიციალური წერილით მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისათვის, რომ დააბრუნოს ხალხის კუთვნილი ეთერი და შეწყვიტოს მიკერძოებული პოლიტიკის გატარება. ამასთან განგრძობითი პროტესტის ორი თვის აღსანიშნად ვაანონსებთ მასშტაბურ აქციას 29 იანვარს, 7 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ არხის ხელმძღვანელობას და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დავიღლებით ღირსეული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლაში, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივის დათმობის ტოლფასია.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად მოვითხოვთ, არხის ხელმძღვანელობის გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს!“

29 იანვარს დაანონსებულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 წევრი. ისინი „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს იმის გამო, რომ „ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად“.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 

 
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ წამყვანმა, მაკა ცინცაძემ ირაკლი ფიფიასთან დისკუსიის დროს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვია. 

ქარტიის საბჭომ მაკა ცინცაძის წინააღმდეგ თინა ცომაიასა და ნინო ივანიშვილის განცხადება 25 იანვრის სხდომაზე განიხილა. 

„განმცხადებლის მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი რესპოდენტ ირაკლი ფიფიასთან დისკუსიაში წამყვანის გამონათქვამები და შეფასებები“.

სადავო გადაცემა - „მოამბის საგანგებო ეთერი“, რომლის ერთ-ერთი სტუმარიც ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია იყო, ტელეკომპანიის ეთერში 2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით,“ -  განსაზღვრავს მე-7 პრინციპი.

მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

  • ფაქტის განზრახ დამახინჯება;
  • ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
  • პლაგიატი.
კატეგორია - საქართველო



„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „მთავარი არხის“ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს და მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მასობრივი ძალადობა და უკანონობა ხორციელდება მედიისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის მხრიდან პროცესების სრულფასოვანი გაშუქება“.

კოალიცია „მთავარი არხის“ თანამფლობელ ზაზა ოქუაშვილსა და დირექტორ გოგი ქურდაძეს მოუწოდებს, შეწყვიტონ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ტელევიზიის საქმიანობის გაძლიერების კი არა, არამედ მისი საქმიანობის შეზღუდვის და საბოლოოდ შეწყვეტისკენ არის მიმართული. 

„კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალების ფუნქციონირებას, არამედ პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას და საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.

კოალიციის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში დაცული იყოს მედიის უფლებები, მათ შორის „მთავარი არხის“ თანამშრომლების, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები და არ მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის შემცირება და გაშუქების შეზღუდვა.

„მთავარი არხის” 27 იანვრის განცხადებით, ტელევიზიის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გეგმაზომიერად მიჰყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას და არხს ეტაპობრივად ხურავს.

“”მთავარი არხი" უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა. მიზეზი მარტივია - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც - ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის.

ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან "მთავარი არხის" გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება  საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც.

ზაზა ოქუაშვილის მცდელობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, რადგანაც გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურა, მისი განახლების საშუალებას კი, ისევ ოქუაშვილის მითითებით, მისი დირექტორი, გოგი ქურდაძე არ იძლევა.

"მთავარ არხს" შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც, ჟურნალისტები კი, ძირითად შემთხვევებში, ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრებიდან, ვინაიდან ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია.

ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება "ქართული ოცნების" მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”, - ვკითხულობთ ტელევიზიის განცხადებაში.

„მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა 2024 წლის 11 დეკემბერსაც, მაშინ არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი““. 

„მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ კი გასული წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომ  დაერეგისტრირებინა ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა რეესტრმა განცხადების სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა.

 
კატეგორია - საქართველო


300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე ერთობლივ განცხადება ავრცელებს.




„ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა - მზია ამაღლობელი, თითოელ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე.

“ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული “რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის  სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან  ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეეები.

2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით” და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.

ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელი დაკავების დღიდან, მე-16 დღეა შიმშილობს