„დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“: ომბუდსმენი მზია ამაღლობელზე
31.01.2025


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, რომელიც მე-20 დღეა შიმშილობს, „სავალალოდ ცოტა დოკუმენტაცია“ აქვთ და სისხლის საერთო ანალიზის გარდა, მისთვის სხვა კვლევა არ ჩაუტარებიათ.

„ჯერ რაც გვაქვს, ესაა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული სისხლის საერთო ანალიზი, 21 იანვარს. წარმოგიდგენიათ, ადამიანი შიმშილობს, დღეს მე-20 დღეა და მხოლოდ ერთი ანალიზია, რაც ჩაგვაბარა სახალხო დამცველმა, სისხლის საერთო ანალიზი. მეტი არაფერი კვლევა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში 27 რიცხვის ჩათვლით. ინფორმაციის დონეზე ვიცით, რომ კიდევ გაუკეთეს საერთო ანალიზი, 28 იანვარს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერ სერიოზულ კვლევებზე საუბარი არაა“. 

დღეს, 31 იანვარს, პენიტენციურ დაწესებულებაში ამაღლობელი მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმაც. ომბუდსმენის განცხადებით,  ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

„ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“.

ომბუდსმენის აპარატი კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებსაც ეხმაურება და წერს, რომ „განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის  აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში“. 

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია, აჭარის სამმართველოში გამოძიება კი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე“ მიმდინარეობს. 

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ