29 იანვარს, 19:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართება
28.01.2025


29 იანვარს, 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ძველ შენობასთან [კოსტავას 68] აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, უკვე ორი თვეა „პირველ არხთან“ აქციები იმართება და ითხოვენ, არხმა შეასრულოს  მისი უმთავრესი ფუნქცია შეასრულოს, დროულად და ობიექტურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. 

„სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში, აშკარა გახდა, რომ მაუწყებელი ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესს და გადაიქცა პროპაგანდისტულ ტელევიზიად. ამას ადასტურებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ასევე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კვლევა და რაც მთავარია, თავად მაუწყებლის შიდა მონიტორინგის ანგარიში.

ეს არის ფაქტები, რომლის უტყარობაც დასტურდება. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელი წარმოადგენს მხარეს, რასაც უკვე ტელევიზიის წინ 2 თვეა ვაპროტესტებთ. სხვა საზოგადოებრივ საკითხებთან და პროტესტებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი სათანადოდ არ აშუქებს შენობასთან მიმდინარე პროტესტს“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის მცირე დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა ახალი წლის შემდგომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა.

„ამჯერად ოფიციალური წერილით მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისათვის, რომ დააბრუნოს ხალხის კუთვნილი ეთერი და შეწყვიტოს მიკერძოებული პოლიტიკის გატარება. ამასთან განგრძობითი პროტესტის ორი თვის აღსანიშნად ვაანონსებთ მასშტაბურ აქციას 29 იანვარს, 7 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ არხის ხელმძღვანელობას და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დავიღლებით ღირსეული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლაში, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივის დათმობის ტოლფასია.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად მოვითხოვთ, არხის ხელმძღვანელობის გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს!“

29 იანვარს დაანონსებულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 წევრი. ისინი „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს იმის გამო, რომ „ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად“.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ