„აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა" - საიას მიმართვა სახალხო დამცველს
02.02.2025


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სახალხო დამცველს მიმართა, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევს.

„2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.

იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი.
 
საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში“,- წერს საია
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ