23.01.2025
დღეს, 23 იანვარს BMG-ის ჟურნალისტმა, გიგა ბენიამ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი, ლაშა ბასლანძე მას ანგარიშსწორებით ემუქრება.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დაიცვას გიგა ბენიას უსაფრთხოება.
„23 იანვარს BMG-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფეისბუქ სთორის სქრინი, საიდანაც ჩანს, რომ ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია და რომელსაც პირადი ნაცნობობა აკავშირებს მაღალჩინოსნებთან, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის მიმართ ლოიალობის საჩვენებლად, მას უცენზურო სიტყვებით ლანძღავს და ანგარიშსწორებით ემუქრება. ბასლანძე ნეგატიური კონოტაციით იყენებს სიტყვას „გენდერი“. სთორის ფონად გასდევს ნაწყვეტი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან. ჟურნალისტი გიგა ბენია მას კითხვას უსვამს, რომელსაც ირაკლი კობახიძე მისთვის ჩვეული შეურაცხმყოფელი ფორმით პასუხობს.
ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ათეულობით დანაშაული, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არ არის გამოძიებული. ეს ქმნის დაუსჯელობის ატმოსფეროს, რაც ლაშა ბასლანძის მსგავს აგრესიულ პირებს ახალისებს და რეალურ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ ფართო გზას აძლევს სიძულვილსა და ძალადობას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.