უწყვეტი პროტესტი - მედია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
24.01.2025



„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მედიის წარმომადგენლები მისი დაკავების  დღიდან ითხოვენ და ამაღლობელის მხარდამჭერ აქციებს მართავენ. ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები შეუერთდებიან დღეს, 24 იანვარს დაგეგმილ მარშსაც - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“

პარლამენტის შენობასთან გამართულ 22 იანვრის აქციაზე მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მზია ამაღლობელს, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამავე აქციაზე „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა, თუმცა შალვა პაპუაშვილთან კომუნიკაცია ვერ შედგა. პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგებლები წინა დღესაც შეიკრიბნენ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამაღლობელის საქმეზე დაცვის მხარის საჩივრის დაუშვებლობა გააპროტესტეს, მათ მსვლელობით საქართველოს უზენაეს სასამართლოსთანაც გადაინაცვლეს.

ჟურნალისტებმა შეხვედრა ვერ შეძლეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთანაც. 20 იანვარს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვდნენ. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის სამმართველოში გამოძიება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე“ მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლებმა ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლებმაც მსვლელობით საქართველოს პროოკურატურასთანაც გადაინაცვლეს. 

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე სასაუბროდ 16 იანვარს, ტელევიზიის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ეთერი არ დაუთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“. 


მედია ამაღლობელის მხარდასაჭერად

გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის თქმით, მზია ამაღლობელის საქმე პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალი მედიამენეჯერი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯეს. ეთერ თურაძე მომხდარს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიებისა და დევნის ახალ ეტაპზე გადასვლას უწოდებს და მზია ამაღლობელს სინდისის პატიმრად მიიჩნევს.

„როცა აკავებ მედიამენეჯერს, როცა მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებ, ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა მედიაზე. პირდაპირი მოტივაცია, რომ ეს მედია შეაფერხო, გააჩერო. პირდაპირი მოტივაცია, რომ საქმიანობაში ხელი შეუშალო და სხვებისთვის იყოს ეს მესიჯი, რა შეიძლება მოუვიდეს ამ ქვეყანაში ჟურნალისტს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პროფესიული წრეები (ჟურნალისტები) ამ ეტაპზე მაინც არ გამოვიყურებით ისე, რომ ამ რეპრესიების გვეშინოდეს. რომ გავჩერდეთ, რომ დავდუმდეთ, ეს არ გამოვა. არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებასა და დადუმებას“.

მზია ამაღლობელს სინდისის პატიმარს უწოდებს ჟურნალისტი გურამ როგავაც, რომელსაც პროევროპული აქციის გაშუქებისას, 2024 წლის 28 - 29 ნოემბრის ღამეს სპეცრაზმელი თავს პირდაპირ ეთერში დაესხა. როგავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბოლო, 17 იანვრის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე „გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავებას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიტანილ იერიშად მიიჩნევს „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი. 

„მას სჯიან სამაგალითოდ, რომ შეაშინონ ჟურნალისტები, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, რომ ხმა ვერ ამოვიღოთ, მაგრამ მათ ეს არ გაუვათ…თქვენ ნახეთ მისი გზავნილი, მას [სასამართლო პროცესზე] ეჭირა წიგნი - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. მზიამ იცის, ვის ებრძვის, მზიამ იცის, რისთვის ისჯება. ჩვენ ვიცით, რომ მზია არის მართალ ბრძოლაში. ის გაიმარჯვებს, გამოვა საპატიმროდან, საქართველო იქნება თავისუფალი, მედია იქნება თავისუფალი და ყველა უკანონო პოლიტპატიმარი გათავისუფლდება“. 

„სტუდია მონიტორის“ რედაქტორისა და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარის, ნანა ბიგანიშვილის შეფასებით, მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება.

„ის ისჯება იმიტომ, რომ წარმოადგენს ისეთ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაგამოცემას, როგორიცაა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომლებიც კრიტიკულია ყველა ხელისუფლების მიმართ. რეალურად, მისი ამ სახით დაკავება და სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლების მცდელობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ღია გზავნილია კრიტიკული მედიის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ. მზიას საქმე არის ანგარიშსწორება დამოუკიდებელ მედიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ესაა დიდი საფრთხე, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ამ მყიფე დემოკრატიისთვის, რაც გვქონდა და რაც თითქმის აღარ გვაქვს“.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციების მედიის წარმომადგენლები მართავენ რეგიონებშიც: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში

„სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორის, თიკო ზაზაძის თქმით, საპროტესტო აქციები, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც მზია ამაღლობელისა და აქციებზე დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებაა, ახალციხეში უწყვეტად იმართება. 

„წარმოუდგენელი რამ ხდება, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით დააკავეს საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ობიექტური და კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი. მზია ამაღლობელის დაკავებით ცდილობენ, ჩვენც შეგვაშინონ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. მოვითხოვთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

როგორც ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე აღნიშნავს, პროტესტი ყოველდღიურია ქუთაისშიც. 

„რამდენიმე დღის წინ, ასეთი რეზონანსული საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა. მიმაჩნია, რომ ეს არ იყო სასამართლოს პასუხი, ეს იყო რეჟიმის პასუხი. მას პოლიციელისთვის სილის გაწნას ედავებიან. ათასობით ადამიანი ყოველდღე აწნის სილას პოლიციელს, როდესაც ვამბობთ - „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“. მიგვაჩნია, რომ მზია დაიჭირეს იმიტომ, რომ ის არის თავისუფალი მედიის, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემის დამფუძნებელი. ის ამ რეჟიმისთვის ყოველთვის დიდი პრობლემა იყო“. 

მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება გააპროტესტეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტებმაც. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ყოფილი თანამშრომლის, ნათია როყვას შეფასებით, ამაღლობელი „ქართული ოცნების“ ტყვეა.

„ჩემი აზრით, მზია პატიმარი კი არა, „ქართული ოცნების” ტყვეა, მძევლად აიყვანეს ქალი ჟურნალისტი, მენეჯერი, რადგან ზუსტად იციან, რა საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია კორუმპირებული მთავრობისთვის“.


ჩამქრალი ეკრანი

alt

„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“ - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორისადმი სოლიდარობის ნიშნად, დამოუკიდებელმა ონლაინ მედიებმა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელევიზიებმა 14 იანვარს 17:00 დან 20:00 საათამდე მუშაობაც შეწყვიტეს. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორის, ლია ჩახუნაშვილის შეფასებით, ეს იყო პროფესიული სოლიდარობის აქტი გამორჩეული ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მიმართ.

„მზიას მიმართ ჩადენილ დიდ უსამართლობას ამ გაფიცვით ჟურნალისტურმა თემმა ძლიერი ემოციური პასუხი გასცა. გაფიცვის მონაწილეებმა ჩაბნელებული ეკრანით საზოგადოებას სიმბოლურად დაანახეს, რა მოხდება, თუკი რეჟიმს საშუალებას მივცემთ, დამოუკიდებელ მედიას გაუსწორდეს, კრიტიკული ხმები ჩაახშოს და საინფორმაციო ველს დაეპატრონოს. საზოგადოების სამსახურში მყოფი ჟურნალისტიკა არის ის ერთ-ერთი ძრავი, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ამუშავებს“. 

ჩახუნაშვილის თქმით, თუ მზიას მსგავსი ჟურნალისტები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან და მათ პროფესიული საქმიანობის საშუალება აღარ ექნებათ, თუ  ჟურნალისტების დევნა პროფესიისადმი ერთგულებისა და პროფესიული ღირსების გამო ჩვეულებრივი ამბავი გახდება, „სულ მალე საქართველოში სიბნელე დაისადგურებს, დაბრუნდება საბჭოთა კავშირი რეპრესიული პოლიტიკითა და პარალელური რეალობებით და ადამიანები დაკარგავენ თავიანთი საარსებო გარემოს ადეკვატურ აღქმას“.

 

მზია ამაღლობელი საქმე

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ