„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების
შესახებ განცხადება
გაავრცელა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „რეჟიმის პოლიციამ“ და პროკურატურამ მზია ამაღლობელის ქმედებით ბოროტად ისარგებლეს და მის სამაგალითო დასჯას ცდილობენ.
„აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი“.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს.
TI-ის განმარტებით, პირველად იგი უკანონოდ იმ დროს დააკავეს, როდესაც აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით სტიკერი გააკრა.
„დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას მოქმედი კანონმდებლობა - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ავალდებულებს (იხ. მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება). როგორც შემდგომში გამოირკვა, დაკავების საფუძვლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი იქნა მითითებული“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, პირველი დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ის მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, როდესაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.
„უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ
დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია
ამაღლობელის ახლობელი
იყო. ამის გამო მზიას შელაპარაკება მოუვიდა
ბათუმის პოლიციის უფროსთან - ირაკლი დგებუაძესთან, რის შემდეგაც მზია
ამაღლობელმა დგებუაძეს სახეში სილა გააწნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ვიდეო რგოლშიც
კი, სადაც ინციდენტის მხოლოდ მცირედი ნაწილია ასახული, აშკარად ჩანს,
რომ მზია ამაღლობელის მოქნეული ხელის ძალა იმდენად მცირე იყო, რომ
დგებუაძეს ტკივილს ვერ მიაყენებდა და ეს მოქმედება მხოლოდ სიმბოლურ
ხასიათს ატარებდა“.
„ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონობა“
TI „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერების შეფასებისას აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის, ისევე, როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების დაკავება, რამაც საკუთრივ წარმოშვა კიდეც იმ საღამოს დაძაბულობა პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის და, რასაც, საბოლოო ჯამში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებაც მოჰყვა, უკანონო იყო.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (იხ. მუხლი 150. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება, მე-3 ნაწილი).
ციტირებული ნორმა თავისთავად არაკონსტიტუციური და უკანონოა, რადგან, ჯერ ერთი იგი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნა მიღებული და, მეორეც, გათვალისწინებული სახდელის თანაზომიერებისა და სხვა კრიტერიუმების მხრივ, საეჭვოა მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან.
მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ციტირებული ნორმის შემადგენლობის თანახმად, სტიკერების გაკვრა, რისთვისაც დააკავეს იმ საღამოს ბათუმში მზია ამაღლობელი და კიდევ ბევრი სხვა პროტესტის მონაწილე, სამართალდარღვევად ვერ ჩაითვლება. ციტირებული ნორმის თანახმად, სამართალდარღვევაა „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება”, ანუ იქვე საღებავის ან სხვა საშუალებით დაწერა ან დახატვა და არა სტიკერების გაკვრა, რადგან საღებავის მოშორება შეიძლება გარკვეულ ძალისხმევასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სტიკერის ჩამოხსნა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც არ გაითვალისწინა ამ უკანონო და რეპრესიულმა პარლამენტმაც კი სტიკერების გაკვრა აღნიშნულ მუხლში“.
„მზია ამაღლობელის ბრალდების
უკანონობა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათისაა და მზია ამაღლობელის ჟურნალისტურ საქმიანობასა და რეჟიმის მიმართ მის დამოკიდებულებას უკავშირდება.
„პროკურატურამ ცნობილ ჟურნალისტს ბრალი მძიმე დანაშაულის ბრალდებით წაუყენა, რაც, თავისთავად, მრავლის მეტყველი ფაქტია. სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, პროკურატურა აღწერდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში გარემოებებს, რომლებიც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის ქმედებას, იმსჯელებდა, ხომ არ იყო სავარაუდო ქმედება პასუხი ე.წ. „დაზარალებულის“ პროვოკაციულ ქმედებაზე, რა იყო ქმედების მოტივი და სუბიექტური მხარის სხვა ასპექტები, რამდენად ასრულებდა იმ კონკრეტულ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას „დაზარალებული“, რამდენად უკავშირდებოდა მზია ამაღლობელის სავარაუდო ქმედება „დაზარალებულის“ სამსახურებრივ საქმიანობას და სხვ. ბუნებრივია, რომ პროკურატურა ამ საკითხების დადგენას არც შეეცადა“.
„მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის დანაშაული“
TI-ის განცხადებით, მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის დანაშაული. სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.
ორგანიზაციის შეფასებით, სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ გამოიწვევდა.
„აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფადების კანონიერება“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ისე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს, რომ „არც დაინტერესებულა, რა მტკიცებულებითი საფუძველი გააჩნდა პროკურატურას, როდესაც მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიმალვის და სასამართლოში არგამოცხადების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ხსნიდა“. (ვრცლად, TI-ის განცხადება იხილეთ აქ.)
„ბათუმელებისა“ და ,,ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რუსთავის დაწესებულებაში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მოინახულა და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მის გამოკითხვას დაესწრო.
საიას ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.
„მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“, - წერს ორგანიზაცია.
საია საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.
ასევე, ორგანიზაცია ითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის, გიორგი გოგიას თქმით, მზია ამაღლობელი სანდო გამოძიების დასრულებამდე უნდა გათავისუფლდეს.
„საქართველოს სასამართლომ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს სტანდარტებს“.
„ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი“, ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება ქვეყანაში“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის და „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოშიც“ გამოეხმაურა.
„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.