საქართველო

"გავრილოვის ღამეს" დაშავებული გურამ მურადოვი დაზარალებულად 4 წლის შემდეგ სცნეს
ავტორი : მედიაჩეკერი;
ფოტორეპორტიორი გურამ მურადოვი, გამოცემა Civil.ge-ისთვის აშუქებდა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს, როდესაც საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დარბევისას, მრავალი დაზიანება მიიღო. მას რეზინის 11 ტყვია მოხვდა და ეს ნათლად ჩანს ადგილზე გადაღებულ ვიზუალურ მასალაშიც, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას თითქმის 4 წელი დასჭირდა, რომ მისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.

მურადოვი, პროკურატურამ დღეს, 2023 წლის 23 მარტს ცნო დაზარალებულად.

"იმას, თუ რატომ მოხდა დღეს კონკრეტული პირისთვის (გურამ მურადოვისთის) დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მაშინ როდესაც სათანადო სამართლებრივი და მტკიცებულებითი საფუძვლები ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა, უნდა უპასუხოს გამოძიებამ. ჩვენ, ბუნებრივია, ის საკითხი, რომ პირების სათანადო სტატუსით აღჭურვა არ ხდებოდა გასაჩივრებული გვაქვს" - გვითხრა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) იურისტმა, დათა ჯავახიშვილმა.

რა არის პრობლემა?
"საიასთან" ერთად, რამდენიმე დაზარალებული ჟურნალისტის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი აქვთ: ზაზა სვანაძის, მერაბ ცაავასა და ბესლან კნუზოვის და აქციისას დაზიანებული კიდევ ერთი მოქალაქის, ვახტანგ ბერიკაშვილის საქმეები.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, - "დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არაფერი შეუცვლია. ათამდე გამოვლენილი პირი, ვისთვისაც უნდა წარედგინათ ბრალი სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში, დღემდე არ გვყავს და არც სისხლის სამართლის მასალებზე მოგვცა წვდომამ პროკურატურამ. არადა, კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს".

კონტექსტი
23.03.2023
ბეჭდვა