„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, 27 თებერვალს
ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო
დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა
და დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ
მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და
„ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“ მოიხსენია „სამხრეთის
კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა
და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.
ქარტია ირაკლი ლაზარაშვილს შეახსენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობა ავალდებულებს, ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მედიასთან და უპასუხოს მათ საზოგადოებრივი ინტერესით ნაკარნახებ კითხვებს.
„ახალციხის მერის რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ იმ უარყოფითი დამოკიდებულების მანიფესტაციაა, რომლის კულტივირებასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე წლებია, ეწევიან. კრიტიკული მედიის მონიშვნა „პრობლემად“ მწვანე შუქს უნთებს საჯარო სამსახურის მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ უპატივცემულობა და ეუხეშონ მათ“.
ქარტიის თქმით, 27 თებერვალს, უცნობი პირი შეეცადა, მუშაობაში ხელი შეეშალა „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან მესხიძისთვისაც, რომელიც ბათუმში, დასახლება „ოცნების ქალაქში“, კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძის მიმართ აგრესია გამოიჩინეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების დამცირებისა და მათი როლის დაკნინების მცდელობები ძალადობას ახალისებს და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს საფრთხის შემცველად აქცევს.