"ფორმულას" მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო დოკუმენტზე მუშაობენ
05.09.2019

ახალდაარსებული ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელები, ერთის მხრივ, საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი და მეორეს მხრივ მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, რომლებიც კომპანიის დარჩენილ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დოკუმენტზე მუშაობენ.

დავით კეზერაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრი იყო, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი 3 სექტემბერს გახდა. მანამდე შპს “ფორმულას” 100%-იან წილს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები: მიხეილ მშვილდაძე, ზუკა გუმბარიძე, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე ფლობდნენ, თითოეული 25-25%-ს.

alt3 სექტემბერს საჯარო რეესტრში ასახული ცვლილებების მიხედვით, თითოეულმა თავისი წილის 12,75% დავით კეზერაშვილს 1000 ლარად გადასცა. შესაბამისად, დავით კეზერაშვილი შპს ფორმულას 51%-ის მფლობელი გახდა, მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა კი კომპანიის დარჩენილ 49%-ს თანაბრად (12,25%) ინაწილებენ.

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას ამბობს, რომ ამგვარი მოცემულობის მიუხედავად, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მათ დავით კეზერაშვილისგან აქვთ სიტყვიერი გარანტი და, ასევე, მუშაობენ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტის დოკუმენტზე.  არხის სარედაქციო პოლიტიკას მენეჯმენტი განსაზღვრავს და საკონტროლო პაკეტის მფლობელისგან რაიმე ტიპის ზეწოლას არ ელოდებიან.

„ვმუშაობთ სადამფუძნებლო დოკუმენტზე, კორპორატიული სტრუქტურის დოკუმენტზე, სადაც მაქსიმალურად იქნება ჩადებული ყველანაირი დაცვის მექანიზმები იმისა, რომ არცერთ დამფუძნებელს არ ჰქონდეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება. თუმცა იმასაც გიდასტურებთ, რომ ჩვენ მისგან (იგულისხმება დავით კეზერაშვილი) უკვე გვაქვს მიღებული სარედაქციო პოლიტიკის გარანტიები (სიტყვიერი)”, - ამბობს ზუკა გუმბარიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოსიაციის (საია) მედია მიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ვიდრე დოკუმენტის შინაარსი არ იქნება ცნობილი, რთულია განსაზღვრა, რამდენად იქნება ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი:

„გააჩნია რა დოკუმენტზეა საუბარი, წინასწარ შეფასება რთულია. სანამ არ გვეცოდინება, რა გარანტიებია ჩადებული, რისი მოთხოვნის უფლება აქვს კონკრეტულ მხარეს და რამდენად არსებობს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები მეორე მხარის მხრიდან, მანამდე ძალიან რთულია იმის თქმა, შესაძლებელია თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ კონკრეტული დოკუმენტით უზრუნველყოფა.“

ზუკა გუმბარიძის განმარტებით, აღნიშნული სადამფუძნებლო დოკუმენტის მომზადება შესაძლოა, ოქტომბრამდე (მაუწყებლობის დაწყებამდე) მოესწროს, თუმცა საკმაოდ დიდ სამუშაოს მოითხოვს, რათა ყველაფერი კარგად გაიწეროს: „საკმაოდ დიდი წილი გვაქვს ე.წ. „კონტენტმეიქერებს“ - 49% .ჩვენ იმიტომ ვართ თანადამფუძნებლები კომპანიის, რომ ინვესტორისთვის ამ კომპანიის, ასე ვთქვათ, “მეიქერები” უნდა ვიყოთ ჩვენ. შესაბამისად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკებს, პირდაპირ რომ ვთქვა, ვერ ვხედავ. თუმცა, როგორც ვთქვი, დოკუმენტურადაც ეს ყველაფერი გაწერილი იქნება“.

პროცენტების ამგვარ გადანაწილებასთან დაკავაშირებით ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ პროცენტის გადაცემის უკან ის ფინანსური ვალდებულებებ დგას, რაც ინვესტორს ეკისრება: “რომ მოახდინოს არხზე ინვესტიციის განხორციელება, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ოპერირების დაწყებას და იმ დეფიციტის კომპენსირებას, რომელსაც ველოდებით პირველ ეტაპზე”.

ზუკა გუმბარიძის თქმით, ამ დრომდე დავით კეზერაშვილისგან რაიმე ინვესტიცია მიღებული არ აქვთ: „ჯერჯერობით კაპიტალი არ არის ჩადებული, თუმცა, ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტი მარეგულირებელში, რომელშიც ის ადასტურებს, რომ ნამდვილად აპირებს თანხის ჩადებას ტელევიზიაში და ძალიან მოკლე ვადებში უკვე ველოდებით კონკრეტულ თანხებს“.

შპს “ფორმულა” საჯარო რეესტრში 22 ივლისს დარეგისტრირდა. ახალი ტელევიზია მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. ზუკა გუმბარიძის თქმით, “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, ახალ არხზე მაყურებელი პოლიტიკურ ტოქ-შოუებსაც იხილავს. გარდა ამისა, ახალი ტელევიზია მაყურებელს შესთავაზებს “ფორმულა კრეატივის” კუთვნილ პროდუქტებს, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” გადიოდა - ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, “სამზარეულოს ომები” და “მთავარი ექიმი”.



ამ თემაზე იხილეთ:  ოქტომბრიდან მაუწყებლობას ახალი ტელევიზია - “ფორმულა” დაიწყებს


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ