“მთავარი არხი” მაუწყებლობას იწყებს - რას ნახავს მაყურებელი მიმდინარე კვირაში
09.09.2019

საინფორმაციო გამოშვებები, ორი პოლიტიკური ტოქშოუ, ნანუკას შოუ ახალი ფორმატით და ვანოს შოუ, დილის გადაცემა - იმ გადაცემების ჩამონათვალია, რომელსაც ახალი ტელევიზია “მთავარი არხი” მაყურებელს ამ კვირაში შესთავაზებს. მაუწყებლობა დღეს, 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყება.

altaltდღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, “რუსთავი 2-ის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი გაუძღვებიან.

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის თქმით, საინფორმაციო გამოშვების გარდა დღეს მაყურებელი ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის პოლიტიკურ ტოქ-შოუს “მთავარ აქცენტებს” ნახავს, რომელიც ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა.

ხვალიდან არხი მაუწყებლობას უკვე დილიდან დაიწყებს. დღის განმავლობაში მაყურებელი ახალი ამბების ოთხ გამოშვებას იხილავს: 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე. მიმდინარე კვირაშივე საინფორმაციო გამოშვებებს დაემატება დილის გადაცემა, 09:00 საათზე.

alt“ვეცდებით ვიყოთ ოპრატიულები, ვიქნებით ყველგან, სადაც ხდება მთავარი”, - ამბობს ნოდარ მელაძე მედიაჩეკერთან საუბრისას.

მიმდინარე კვირაშივე იგეგმება კიდევ ერთი პოლიტიკურ ტოქ-შოუს დაწყება, - ნანუკას შოუ ახალი ფორმატით, გასართობი გადაცემების ციკლიდან ჩაეშვება - ვანოს შოუ. კვირის ბოლოს “მთავარი არხი” კვირის მოვლენებს გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” შეაჯამებს, რომელსაც ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი სახე და გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნია წაიყვანს.

ნოდარ მელაძის განმარტებით, არხის ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივ რეჟიმში განახლება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი - ეთერში გასვლა უზრუნველყონ: “გზადაგზა ბევრი ტექნიკური შემატება გვექნება”.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ “მთავარ არხზე” მაყურებელი რეალურად თავისუფალ ამბებს მოისმენს და ნახავს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ანუ იმას, რასაც “სამთავრობო არხებზე” ვერ ნახავენ. გარდა ამისა, მელაძის თქმით, “მთავარის” გუნდში ქვეყნის წამყვანი რეპორტიორები მუშაობენ, რომელთა მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვებაც წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კი რეიტინგების რეკორდსმენი იყო.

*****************

“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა,  რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.

ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა ”მთავარი არხი”. მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა. მთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობს.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ