12.02.2020
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” საგამოძიებო ფილმის არგაშვების მიზეზად, “რადიო თავისუფლებასთან” დადებული კონტრაქტის დასრულებას ასახელებენ. “რადიო თავისუფლება” კონტრაქტის გასაგრძელებლად მზად იყო, თუმცა, “რუსთავი 2-მა” გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.
როგორ მზადდებოდა გადაცემა “თავისუფლების
მონიტორი”
„რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი გადაცემა
„თავისუფლების მონიტორი” „რუსთავი 2-ზე” 2018 წლის 6 ოქტომბერს
დაიწყო. ამ იდეის ინიციატორი, თავის დროზე, “რადიო თავისუფლება” იყო.
ფილმები “რადიო თავისუფლების” ფინანასური მხარდაჭერით მზადდებოდა,
“რუსთავი 2-ის” ხარჯი ამ პროექტისთვის იყო მხოლოდ “ძალიან ძვირიანი
დრო”, პრაიმტაიმის პერიოდში, რომელსაც არხი ფილმებს უთმობდა. თავის
დროზე, არხის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ეს იყო ძალიან
მნიშვნელოვანი პარტნიორობა მათთვის.
ფილმები “რუსთავი 2-ის” ეთერში სტაბილურად გადიოდა იქამდე, ვიდრე არხის მფლობელები არ შეიცვალნენ. მას შემდეგ რაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა და არხის მენეჯმენტი შეიცვალა, გადაცემის გაშვება შეფერხდა. იმ პერიოდში ფილმების ეთერში გასვლის თარიღები ასე გამოიყურება:
- 20 ივლისი - მცდარი დიაგნოზის ფასი
- 17 ნოემბერი - იმპორტირებული ხორცი ჯარში და კავშირები ოცნებასთან
გაურკვევლობის პერიოდი
“თავისუფლების მონიტორის” ბოლო (24-ე) საგამოძიებო ფილმი “რუსთავი 2-ზე”
2019 წლის 18 იანვარს გავიდა. ამით კონტრაქტით გათვალისწინებული
რაოდენობა ამოიწურა.მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა კითხვის ნიშნები, გაგრძელდებოდა თუ არა “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “თავისუფლების მონიტორი”, “რადიო თავისუფლება” მზად იყო ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავის მხრივ, საგამოძიებო ფილმი მოამზადა “სტუდია მონიტორმაც” და ფილმის გასვლამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათს, 29 იანვარს, ტელევიზიას ფილმის სამუშაო ვერსია გაუგზავნა. ფილმი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს შეეხებოდა.
საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე “რადიო თავისუფლებამ” სწორედ ამ დროს მიიღო.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია ირწმუნება, რომ ფილმის შინაარსი გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის. მეტიც, ამბობს, რომ მან ფილმის შინაარსი არც იცოდა და კომუნიკაციაც იქამდე ჰქონდა “რადიო თავისუფლებასთან”, ვიდრე ფილმი მიიღეს, ხუთშაბათს. (შეგახსენებთ, ფილმი მაუწყებელში ოთხშბათს გაიგზავნა).
“ფილმის შინაარსის შესახებ არც მიკითხავს. პირადად ჩემთვის, უცნობი იყო, ამას გეუბნებით დარწმუნებით. თუ აკვირდებოდით “რადიო თავისუფლების” ფილმებს, რომელიც გადიოდა ბოლო პერიოდში “რუსთავი 2-ის” ეთერით, მე რომ რომელიმე ფილმის შინაარსთან რაიმე პრეტენზია მქონოდა, ამგვარ რამეს არ ჰქონია ადგილი, ყველაზე მწვავე შინაარსის ფილმები გასულა “რუსთავი 2-ის” ეთერში. მე მართლა არ მინახავს ეს ფილმი, არ ვიცი, არ უცნობებიათ ჩემთვის რომ მოვიდა. როგორც წესი, ჩვენ წინა დღეს ვიღებდით ფილმის შესახებ ინფორმაციას და თვითონ ამ ფილმს ანონსის მოსამზადებლად. პარასკევს ვიღებდით ხოლმე ფილმს, მე მათთან კომუნიკაცია მქონდა ხუთშაბათს და მართლა არ ვიცოდი იყო თუ არა რაიმე გამოგზავნილი”, - ამბობს სალია.
რატომ შეწყდა გადაცემის გაშვება -
მაუწყებლის პოზიცია

კითხვაზე, რას გულისხმობს ფილმების სარედაქციო ნაწილში ჩარევის შეუძლებლობის არქონაზე და კონტრაქტის განახლების შემთხვევაში, შინაარსში ჩარევის უფლების მოთხოვნა ხომ არ განიხილება, პაატა სალია გვპასუხობს, რომ “ჯერჯერობით არაფერს არ ვამბობ, იმიტომ, რომ საკითხი არ არის გადაწყვეტილი”
რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს
მომხდარი
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2-ის” მსგავსი არგუმენტები თითიდან გამოწოვილი მიზეზებია, რათა საგამოძიებო მასალები არხის ეთერში აღარ გავიდეს:
“ცოტა უცნაურია “რუსთავი 2-ის” ასეთი არგუმენტაცია. მგონია, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა. პროდუქტი როდესაც მიაქვს “რადიო თავისუფლებას”, იგი იღებს პასუხისმგებლობას ამ ფილმების ეთიკურ ხარისხზე. თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ “რადიო თავისუფლების“ პროფესიონალიზმსა და ეთიკის სტანდარტს, მგონია, რომ აქ უკვე იმაზე კი არ არის ლაპარაკი, კონტრაქტის პირობები როგორი იქნება, არამედ, უბრალოდ არ გინდა ის პროდუქტი, რომელსაც “რადიო თავისუფლება“ გთავაზობს ეთერში”, - ამბობს იგი.
“რადიო თავისუფლება” და სტუდია “მონიტორი” კონკრეტული შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ:
“ისე მოხდა, რომ კონტრაქტი ნამდვილად დასრულდა, თემაც წინასწარ იცოდნენ და დანარჩენი ყველაფერი არის მსჯელობის და შეფასების ამბავი და ამ ეტაპზე ჩვენ ამ შეფასებებში არ შევდივართ”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.
სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი კი დასკვნების გამოტანას აუდიტორიას ანდობს: “შეფასებები თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ. რომ არ ყოფილიყო კონტრაქტი დასრულებული, მყისიერად გიპასუხებდით ჩემს პასუხს. მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ შეფასებებისგან.”
სად გავა “თავისუფლების
მონიტორი”
“თავისუფლების მონიტორის” გადაცემა შაბათს, 15 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულაზე” გავა.
ნინო ჯაფიაშვილის თქმით, საგამოძიებო ფილმების გასაშვებად სხვა მაუწყებლის ეთერის გამოყენება გადაცემის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღეს:
“ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დავასრულეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას “ფორმულასთან”, რომელსაც ასეთი ტიპის პროდუქტი არ აქვს და ამიტომ ორივე მხარისთვის საინტერესო იყო ეს წინადადება - მათთვისაც და ჩვენთვისაც, როგორც მზარდ მაუწყებელთან თანამშრომლობა… ჩვენ შეგვეძლო დავლოდებოდით “რუსთავი 2-ს”, მაგრამ, ჩავთვალეთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულიყო ეს გადაცემა ეთერში. რადგან მნიშვნელოვანი გადაცემაა”.
მისივე თქმით, “რადიო თავისუფლება” კვლავ დაელოდება “რუსთავი 2-ის” შემოთავაზებას: "“დაველოდებით ასევე “რუსთავი 2-ს”, მათ ითხოვეს დრო და ჩვენ ველოდებით, თუ წამოვა მათგან რაიმე ახალი წინადადება, შემოთავაზება, მივუბრუნდებით და განვიხილავთ”.
***
გადაცემა “თავისუფლების მონიტორს” არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა “ქარტიის პრიზი 2019” და “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019" საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტისთვის.
- პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა ფილმი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ