4 მოთხოვნა და 21 დღიანი ვადა - აჭარის ტელევიზიაში გაფიცვისთვის ემზადებიან
02.03.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. “სტატუს კვოს აღდგენა, სარედაქციო დამოუკიდებლობა, შრომითი უფლებები და სტრატეგიული ხედვა”, - აღნიშნული ოთხი მიმართულებით საგაფიცვო მოთხოვნები აჭარის ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს, 2 მარტს შეიტანა მაუწყებელში.

“განცხადებას დავტოვებთ კანცელარიაში და ამის შემდგომ, იგივე განცხადებას დავტოვებთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროშიც, იმიტომ, რომ მედიაციის პროცესში ჩაერთოს სამინისტროც", - ამბობს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, განცხადების შეტანის შემდეგ, 21 დღის ვადაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან:

“ამ განცხადებას რომ დავტოვებთ, დაიწყება ავტომატურად ათვლა 21 დღის.  ჩვენ ვამბობთ, რომ ვაპირებთ გაფიცვას, თუმცა, გაფიცვამდე, სამართლიანობისთვის, საჭიროა, რომ ობიექტური მხარე იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მოლაპარაკებები ვცადეთ და სხვა გზა არ დარჩა. ამას გულისხმობს მედიაციის პროცედურა, რომ მედიატორი მოდის, რწმუნდება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუ მოლაპარაკებები შედგება, ფორმდება დოკუმენტი, თუ ვერ შედგება, ამაზეც შესაბამისი დოკუმენტი ფორმდება და ჩვენ წარმოგვეშვება გაფიცვის უფლება".

მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ საგაფიცვო სტრატეგია ჯერ არ შეუმუშავებიათ და ჯერჯერობით არ იციან გაფიცვა ნაწილობრივი იქნება თუ სრული:

“საგაფიცვო სტრატეგია როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით, თუმცა, კოლექტიურ დავაში მონაწილეობას მივიღებთ პროფკავშირის სრული შემადგენლობა - 90 წევრამდე (მაუწყებლის თანამშრომლები და ყოფილი თანამშრომლები).

ბოლო ორი კვირაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი 28 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე 4 დღით ადრე, 24 თებერვალს მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. თუმცა, 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომიამ დაკავებული პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მაია მერკვილაძის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს კი, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ