სატელევიზიო რეკლამის ეგიდით კომუნიკაციების კომისია ითვლის ტელევიზიებში უშუალოდ რეკლამით, სპონსორობით, პროდუქტის განთავსებით, განცხადებებითა და ტელეშოპინგით მიღებულ შემოსავლებს.
GNCC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ტელევიზიებმა ჯამში 67,981,320 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 7,712,658 ლარით, ანუ 10%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე, რომელმაც 75,693,977 ლარი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის მონაცემი 0,3%-ით (257,543 ლარით) ნაკლებია, 2017 წლის იგივე მაჩვენებელთან (75,951,520 ლარი).
როგორც წესი, ბოლო წლებში ყველაზე მეტ სარეკლამო შემოსავალს ორი
ტელეკომპანია ინაწილებს. მაგალითად, .2019 წელს საერთო სატელევიზიო
სარეკლამო შემოსავლების დაახლოებით 72% გაინაწილეს “იმედმა” და
“რუსთავი 2”-მა, 2018 წელს კი თითქმის - 75%.
ამასთან, “იმედის” სარეკლამო შემოსავლები მზარდია, “რუსთავი 2”-ის კი
- კლებადი. მაგალითად, 2019 წელს “იმედის” სარეკლამო შემოსავლები 2018
წელთან შედარებით დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა და 26,707,502 ლარი
შეადგინა. 2020 წლის პირველი კვარტლის “იმედის” სარეკლამო შემოსავლები
27%-ით გაიზარდა.
ამასთან, “ტელეიმედთან” ერთად ერთ ჰოლდინგში შედის “ჯი-დი-ეს თი-ვიც”,
რომლის სარეკლამო შემოსავლებმა გასულ წელს 1,839,936.95 ლარი შეადგინა
და ტოპ ათეულში მე-6 პოზიცია დაიკავა. მიმდინარე წლის პირველ
კვარტალში კი “ჯი-დი-ეს თი-ვის” მაჩვენებელი 56%-ით გაიზარდა და
437,105.48 ლარი შეადგინა.
“რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავლებს 8,259,650 ლარი, ანუ 27%
დააკლდა და 22,133,956 ლარი შეადგინა. 2020 წლის პირველ კვარტალში კი
“რუსთავი 2-ის” სარეკლამო შემოსავლები განახევრდა.
“რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავლებში დრამატული კლება, თუკი თვეების
მიხედვით შემოსავლებს გადავხედავთ, პირდაპირ კავშირშია სტრასბურგის
სასამართლოს გასული წლის ივლისის გადაწყვეტილებასთან, რომლითაც
ტელევიზია ძველ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
“რუსთავი 2”-ის ყოფილმა მენეჯმენტმა და ძველმა გუნდმა, გასულ წელსვე,
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 1,5 თვეში, ახალი
ტელევიზია დააარსეს. ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაარსებიდან წლის
ბოლომდე მხოლოდ 4 თვე იყო დარჩენილი, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი
ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელევიზიების ხუთეულში
შევიდა 2,465,352 ლარის შემოსავლით. ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში
მისმა სარეკლამო შემოსავლებმა 1,859,641.48 ლარი შეადგინა და მას ამ
წლის მონაცემებით მხოლოდ “რუსთავი 2” და “იმედი” უსწრებენ.
ბოლო წლებში სტაბილურად მზარდი შემოსავლით გამოირჩეოდა “ტელეკომპანია
პირველი”. 2019 წელს ამ ტელევიზიამ ჯამში 3,802,870.63 ლარის
შემოსავალი მიიღო, რაც 571,004 ლარით, ანუ 17.7%-ით აღემატება 2018
წლის მაჩვენებელს. გასულ წელს, სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, TV
პირველი მესამე ადგილზე იყო, თუმცა 2020 წლის პირველი კვარტლის
მონაცემებით, მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ
იანვარ-მარტში მისი სარეკლამო შემოსავლები 50%-ით გაიზარდა.
გასული წლის ნოემბერში დაიწყო მაუწყებლობა “POSTV-მ”. ამის
მიუხედავად, ეს ტელევიზია სარეკლამო შემოსავლების მიხედვით
(465,590.91 ლარი), მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რიგით
მეხუთეა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარეკლამო შემოსავალი გასულ წელს 51%-ით
შემცირდა და 1,420,479 ლარი შეადგინა, თუმცა მიმდინარე წლის პირველი
კვარტლის მონაცემებით, ეს შემოსავალი 189%-ითაა გაზრდილი, რაც, ჯამში
438,038.97 ლარია.
გასულ წელს 413%-ით გაიზარდა “პალიტრა TV”-ის სარეკლამო შემოსავლები
და 566,583 ლარი შეადგინა, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში
მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის შემცირებული წინა წლის იგივე
პერიოდთან შედარებით და 109,692.80 ლარს შეადგენს.
გასული წლის მონაცემებით, სარეკლამო შემოსავლების მიხედვით
ტელევიზიების ტოპ ათეულში 6 საინფორმაციო და 4 გასართობი არხი იყო,
2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, 7 საინფორმაციო და 3
გასართობი არხია.
მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე რეგიონული ტელევიზიების ხუთეული
GNCC-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 317% ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთს” დაუფიქსირდა და 96,280 ლარი შეადგინა. “თრიალეთი” შიდა ქართლში მაუწყებლობს. გასულ წელს სარეკლამო შემოსავლებით იგი მეორე პოზიციაზე იყო რეგიონულ მაუწყებლებს შორის.
ბოლო პერიოდში მკვეთრად მცირდება ტელეკომპანია “კავკასიის” სარეკლამო შემოსავლები. 2019 წელს “კავკასიამ” 322,247 ლარის სარეკლამო შესავალი მიიღო, რაც 183,076 ლარით, ანუ 36%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებლთან. ხოლო 2020 წლის იანვარ-მარტში მისი სარეკლამო შემოსავალი 48%-ით შემცირდა და 46,468.78 ლარი შეადგინა.
შემცირებულია “ობიექტივის” სარეკლამო შემოსავლებიც. გასულ წელს ამ ტელევიზიამ 206,118 ლარი მიიღო სარეკლამო შემოსავლების კუთხით, რაც 203,837 ლარით ანუ 50%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში “ობიექტივმა” 48,890 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული.
რეკლამის წილი ტელევიზიების შემოსავლებში
მწირი სარეკლამო შემოსავლების ქონა ზოგჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიის ჯამური შემოსავლებია მწირი.
სარეკლამო შემოსავლების გარდა, როგორიცაა უშუალოდ რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოპინგი, ტელევიზიებს აქვთ სხვა ტიპის შემოსავლები, როგორიცაა სახელმწიფო დაფინანსება, მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა, არქივის გაქირავება, სხვა პირების შემოწირულოებები და ა.შ.
შესაბამისად, საქართველოში, სადაც მნიშვნელოვან სახელმწიფო დაფინანსებას იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სწორედ ის გახლავთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზია და არა ის ტელეკომპანია, რომელიც ყველაზე მეტ სარეკლამო შემოსავალს იღებს. ამასთან, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ხუთეულში 2 სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია.
ხუთეულში შედის ასევე ტელევიზია, რომელსაც გასულ წელს საერთოდ არ ჰქონია სარეკლამო შემოსავალი. ის არც სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. ტელეკომპანია “ფორმულა” ეთერში გასული წლის ოქტომბერში გავიდა. 2019 წლის ბოლო ოთხ თვეში ამ ტელევიზიამ იმდენი შემოსავალი მიიღო მფლობელის შეწირულებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლის სახით, რომ იგი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ხუთეულში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
ჯამური შემოსავლების მიხედვით, ათეულში აღმოჩნდა “ობიექტივი”, რომლის სარეკლამო შემოსავლები, ასევე, ერთერთი ყველაზე მწირია, თუმცა აქვს სხვა არასამაუწყებლო შემოსავლები, მფლობელის და სხვა პირების შემოწირულობები.
მართალია, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი გასულ წელს შემცირდა, მაგრამ მაუწყებლების რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, 2019 წლის ბოლოს ბაზარზე 3 ახალი ეროვნული მაუწყებელი გამოჩნდა - “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “POSTV”. აქედან ორმა - “მთავარმა” და “POSTV-მ” მიმდინარე წლის სამ თვეში 4%-ით ისედაც შემცირებული მთლიანი სატელევიზიო რეკლამის 17% (2,325,232 ლარი) აითვისეს.
Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ტელევიზიები სარეკლამო შემოსავლების კიდევ უფრო კლებას ვარაუდობენ. 2020 წელს სარეკლამო შემოსავლების კლებას პროგნოზირებს კომუნიკაციების კომისიაც.
“2019 წელს რეკლამის განმთავსებლების მიერ დაგენერირებული wGRP-ების გადანაწილების მიხედვით, ჯამური wGRP-ების დაახლოებით 85% შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: სასმელები, სურსათი, სპორტი, ტურიზმი, გართობა, მედიცინა, სილამაზე და ჯანმრთელობა, ინდუსტრია და სერვისები, ფინანსები. შესაბამისად, 2019 წელს სწორედ ამ ტოპ კატეგორიების კომპანიების მიერ განთავსებულ რეკლამებს უნდა დაეგენერირებინათ სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნორმალურ პირობებში, 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიები იქნებოდნენ ყველაზე მსხვილი განმთავსებლები”, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში და იქვე დასძენენ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, wGRP-ების რაოდენობა 25%-ით შემცირდა.
“სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით დაგენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში - 4%-იანი კლება ფიქსირდება. სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში”, - იუწყება კომუნიკაციების კომისია, თუმცა დრამატული კლების კომპენსირებას კომისია საარჩევნო რეკლამისგან ელოდება, ვინაიდან 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.
თუმცა, საინტერესო სურათს იძლევა 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი. თუკი მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების ზრდის დინამიკას ინარჩუნებს ტელეიმედის ჰოლდინგი (იმედი, ჯიდიესი), რომლის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 29,172,852 ლარი შეადგინა, ანუ საერთო სატელევიზიო რეკლამის თითქმის 43%. 2020 წლის პირველ კვარტალში კი ამ ორმა ტელევიზიამ 5,841,888.75 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ანუ მთლიანი სარეკლამო შემოსავლის ასევე 43%.
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, “იმედი” მკვეთრად პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. ხელისუფლებასთან დაახლოებულ გუნდს ეკუთვნის, ასევე, POSTV. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ტელევიზიის წარმომადგენლები წარმართავენ სარედაქციო პოლიტიკას “საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში”. შესაბამისად, თუ მათ მონაცემებსაც დავუმატებთ, მივიღებთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში საერთო სატელევიზიო რეკლამის 68% სწორედ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებზე მოდის. ამას ემატება რეგიონული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები, რომელთა ნაწილი ასევე ნაკლებად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან. ასევე, საგულისხმოა გასართობი არხების წილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე და შედეგად მივიღებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების წილი 20%-ის ფარგლებშია. 2019 წელს იგივე მონაცემები საშუალოდ 58%/30% თანაფარდობით იყო წარმოდგენილი.