29.06.2020
აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ შეთავაზება დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან მიიღო.
“ვაპირებ ჩემი სამუშაო შევასრულო პირნათლად და კეთილსინდისიერად, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო. ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდი აჭარის ტელევიზიას, ვერ გეტყვით რომ მანამდე დიდი “ფანი” ვიყავი და ვადევნებდი თვალს, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც არასწორი და პროფესიულად გაუმართავია და, ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით”, - უთხრა გოგიჩაიშვილმა “მედიაჩეკერს”.
შეკითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს, გვიპასუხა, რომ მისი დაკვირვებით, მაუწყებელში საზოგადოების ხმა არასაკმარისად ისმის და კრიტიკული და ოპოზიციური აზრი გაცილებით მეტად არის წარმოჩენილი, ვიდრე სახელისუფლებო:
“პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რომ საზოგადოების ხმა არასაკმარისად ისმის. თუ ვინმე პროტესტს გამოთქვამს, ქუჩაში დაწვება თუ ბანერს გამოიტანს საპროტესტოს, მაშინ მოხვდება, სხვა მხრივ, ძირითადად ოპოზიციონერები ლაპარაკობენ. მათი აზრი ისმის და ჩვეულებრივი ადამიანების აზრი, მათ შორის, ვთქვათ, აჭარის მცხოვრებლების, რომლებსაც გარკვეული დაფასება და მიღწევები აქვთ თავის სფეროში, არ ჩანს. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების აზრი უნდა ისმოდეს.
კრიტიკა ხელისუფლების მისამართით ჭარბად არის. გაცილებით მეტად არის წარმოჩენილი კრიტიკული და ოპოზიციური აზრი, ვიდრე სახელისუფლებო პოზიციის გამომხატველი. ოპოზიციის, ოპოზიციური პარტიების, ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული ექსპერტების აზრი უფრო ფართოდ არის წარმოჩენილი და მრავლად, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლების”, - ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი და აზუსტებს, რომ მისი აზრით, მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას სჭირდება დაბალანსება: “დაბალანსებული არა ხელისუფლების ქების კუთხით, არამედ ადამიანების კუთხით, ჩვეულებრივი ადამიანების აზრი არასაკმარისად ჩანს. გავიგე, რომ ოპოზიციას ეს აზრი აქვს და იმიტომ აქვს, რომ ოპოზიციაა, გავიგე რომ ხელისუფლებას ეს აზრი აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლებაა, მაგრამ საზოგადოება როგორ ხედავს ამ ყველაფერს, ეს არასაკმარისადაა წარმოჩენილი. შესაბამისად, ბალანსზე როცა ვსაუბრობ, აი, ამ ნაწილის გაძლიერების საჭიროებას ვხედავ, ვიდრე ვთქვათ, ის, რომ ოპოზიციური აზრი აკლია ან სახელისუფლებო აზრი არასაკმარისადაა წარმოჩენილი”.
შეკითხვაზე, როგორ აფასებს იმ პროცესებს, რაც ბოლო პერიოდში მაუწყებელში ხდება, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ჩამოცილებას სარედაქციო პოლიტიკიდან, გოგიჩაიშვილი გვპასუხობს, რომ ბოლო პერიოდში მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებმა არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო. არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლებას გოგიჩაიშვილი სარედაქციო დისციპლინის დარღვევის შედეგად აფასებს:
“30 წელი მიმუშავია მედიაში, მათ შორის უცხოურ მედიაში და ყველგან არსებობს შიდა სარედაქციო დისციპლინა. შეიძლება შენ გადაწყვეტილებას არ ეთანხმები, მათ შორის ყოველდღიურ დონეზე, კამათობ, ცდილობ დაუმტკიცო, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც შენი ზემდგომი, რედაქტორი იღებს. თუ ვთქვათ, ჟურნალისტი არ დაემორჩილა რედაქტორის გადაწყვეტილებას და ყველამ ისე გააკეთა, როგორც სურს და მიაჩნია საჭიროდ, სრული ანარქია იქნება. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჯანსაღი იყო, თუ იყო ის კრიტიკული შეფასებები, გარჩევები და ა.შ., მაგრამ, როდესაც ქუჩაში გამოვიდა და მიიღო სრულიად უხეში და არასწორი ფორმა, მაშინ უკვე მიუღებელი გახდა ჩემთვის. არც ერთ მხარეს უნდა დაეშვა ეს და არც მეორეს, რომ ვთქვათ, გუშინ კოლეგები ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ და ყველას დასანახად რაღაცებს ამბობდნენ. მაგალითად მე, როგორც გვერდით მდგომს, ხშირად არ მესმოდა რა ხდებოდა. ურთიერთობების გარჩევამდე მივიდა საქმე და ეს იყო, ჩემი აზრით, მახინჯი ფორმა”.
მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე აკაკი გოგიჩაიშვილი ფირუზ ბოლქვაძეს ანაცვლებს. გოგოჩაიშვილისთვის რედაქტორობის შეთავაზება დროში ემთხვევა აჭრის მაუწყებლის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არგაშუქებას. კავშირშია თუ არა ეს ფაქტი მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის გათავისუფლებასთან, გადამოწმება თავად ფირუზ ბოლქვაძესთან ვცადეთ, თუმცა მან რედაქტორის პოზიციიდან გათავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა და გვითხრა, რომ “ეს არის შიდა სამუშაო გადაწყვეტილებები და ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს”.
ფირუზ ბოლქვაძის დანიშვნამდე აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი ნინო ხაჟომია დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა, რომელიც, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ რადიოში არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა. ნინო ხაჟომიამ დანიშვნიდან ოთხ დღეში პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული პოზიცია დატოვა. მოგვიანებით, ხაჟომია აჭარის მაუწყებელში ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ აჭარის ტელევიზიის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ გავლენიანი ორგანიზაციებიც. თითქმის ერთი თვეა დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს აჭარის სამეურვეო საბჭოს წევრი გია ქარცივაძე.