17.02.2022
“ახალი კვირის” ბოლო გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 26 დეკემბერს გავიდა. გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ სეზონის დასრულების შემდეგ, 28 დეკემბერს, თათბირზე გაიგო, რომ ეთერიდან მოხსნეს და გადაცემის წამყვანი აღარ იქნება.
- „გვითხრეს, რომ გადაცემა ფორმატს იცვლის, გამოაცხადეს რეორგანიზაცია, თუმცა მიზეზები არ თქვეს. ერთადერთი ის თქვეს, რომ არსებულმა ფორმატმა თავი ამოწურა” - ამბობს დარსალია.
- გადაცემის გუნდისთვის მიზეზები უცნობია და პასუხების მისაღებად, რეორგანიზაციის დასასრულს ელოდებიან.
რას უკავშირებენ ცვლილებებს
- ტელეკომპანია “ტვ პირველმა” და “მთავარმა არხმა” გადაცემის ეთერიდან გაქრობა 27 ნოემბერს “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებით გასულ სიუჟეტს დაუკავშირეს.
- კრიტიკულ სიუჟეტში, სახელწოდებით, „ალტ-ინფოს“ სახიფათო იდეოლოგია ჟურნალისტი ახლადდაფუძნებულ პოლიტიკურ პარტია, „ალტ ინფოს“ „ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ მოძრაობას“ უწოდებს.
ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ „ალტ-ინფო“ ავტორებს „პროფესიიდან გაქრობით“ საჯაროდ ემუქრებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს „სიურპრიზებს“ ჰპირდებოდა.
- ზუსტად ერთ თვეში გადაცემა გააჩერეს” - ამბობს იმედა დარსალია - „ფაქტია ის, რომ მედიამ დაუკავშირა ეს ამბები ერთმანეთს და მე ვერ უარვყოფ ამას. ძალიან არ მინდა, რომ ეს დავიჯერო, მაგრამ ეს ამბავი და ეს მუქარები იყო”
- გადაცემის წამყვანის თქმით, აქამდე ამაზე საჯაროდ იმიტომ არ საუბრობდა, რომ რეორგანიზაციის დასასრულს ელოდებოდა და იმედი აქვს, „“ტოპ მენეჯმენტი და ბორდი ამ არასწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს”.
რას ამბობს მენეჯმენტი
პირველი არხის მენეჯმენტისგან კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და გადაცემის ხელმღვანელმა ეკა შონიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
- ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ მოგვწერა, რომ “აღარ სცალია გამოგონილ ამბებზე კომენტარის საკეთებლად” და „ვისაც უპასუხა, ეგაც საკმარისია“.
- გვიმრაძემ გადაცემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ უთხრა, რომ „ფორმატის ცვლილება ჩვეულებრივი ამბავია“ და „მათი გადაწყვეტილების მიზანი მხოლოდ გადაცემის გაუმჯობესებაა“.
- „რამდენი ადამიანი იმუშავებს? ვინ წაიყვანს? რა ფორმატის იქნება გადაცემა? – ამ კითხვებზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ მაქვს”, - უთხრა „პუბლიკას“ გვიმრაძემ.
იმედა დარსალია ამბობს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით მენეჯმენტისგან საყვედური არასდროს მიუღია და “ახალი კვირა” არხზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გადაცემა იყო.