რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართულ მედიაზე - მოკლედ
09.06.2022
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუარესების გამო და ხაზს უსვამს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით ქვეყანა 60-დან 89-ე ადგილამდე დაქვეითდა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? რეზოლუციის შესახებ პრესრელიზში წერია, რომ თუკი საქართველო შეასრულებს დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ძირითადი მოწოდებები:

  • გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი.
  • საქართველომ თავი უნდა შეიკავოს მზარდი რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებისგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
  • საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, როგორიცაა მედიის თავისუფლება.
  • საქართველომ შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების (SLAPPs) გამოყენება, რაც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ზღუდავს მათ დამოუკიდებელ მუშაობას.
  • საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.
  • “ევროპარლამენტარები მიუთითებენ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობაზე იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებზე ძალადობაზე 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარშის დროს, სადაც ძალადობრივი თავდასხმის შედეგად ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.”
  • ევროპარლამენტარები საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესება კრემლთან მისი კავშირებისა და მთავრობაში მისი გავლენების გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.

რეზოლუციის მიღებას 8 ივნისს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში გამართული დებატები უძღოდა.

ევროპარლამენტარებმა მედიაგარემოს გაუარესებაზე, კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრეს. ვრცლად მათ მთავარი გზავნილები წაიკითხეთ აქ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ