23.08.2022
“ქართული ოცნება” აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვდა. საკითხის არსებითი განხილვა 23 აგვისტოს შედგა.
რა მოხდა?
კომუნიკაციების კომისიამ კანონდარღვავდ მიიჩნია სამი ტელევიზიის მიერ “შინ ევროპისკენ” ვიდეოს განთავსება და დაადგინა, რომ რეკლამა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ლიდერებს, ემსახურება მათ დისკრედიტაციას და ხელს უშლის მათ არჩევას.- “გასათვალისიწებელია, რომ მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მასზე ორგანიზატორებმა, რომლებიც ამავე დროს რეკლამის დამკვეთებს წარმოადგენდნენ, პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს, კერძოდ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.”, - გამოაცხადა კომისიის წარმომადგენელმა.
- რადგან, ტელეკომპანია “პირველსა” და “ფორმულას” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი კანონდარღვევა არ ჰქონდათ, კომისიამ მათ წერილობით გააფრთხილა.
- "მთავარ არხს" კი, რადგან უკვე ჰქონდა გაფრთხილება და 2019 წლიდან მსგავსი დარღვევა მე-5 დაუდგინდა, დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში დარღვევის გამო დაეკისრა ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით - 118 688, 67 ლარი, რაც 30 სამუშაო დღეში უნდა გადაიხადოს.
კონტექსტი
მმართველი პარტია მიჩნევდა, რომ სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის დაღვევით განთავსდა, რეკლამა კი „ქართული ოცნების” უარყოფითად წარმოჩენას და სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა.
“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” კი მიიჩნევენ, რომ, ხელისუფლება კომისიის საშუალებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი სანქციებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნას და საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობას.
ამავე თემაზე:
- “ოცნება” კრიტიკულ ტელევიზიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის
- მედიაკოალიცია: “ოცნების” მიზანი მედიასივრცეში კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა
- კომუნიკაციების კომისიამ “ოცნების” საჩივარი 3 არხის წინააღმდეგ განსახილველად მიიღო
- კრიტიკული ტელევიზიები: ”ჩვენ წინააღმდეგ ორკესტრირებული სადამსჯელო ქმედებაა მომართული”
- კომუნიკაციების კომისია “ფორმულას”, “პირველსა” და “მთავარ არხს” პასუხობს
“ოცნების” არგუმენტები ტელევიზიების წინააღმდეგ
არსებითი განხილვის სხდომაზე “ქართული ოცნების” მხარის წარმომადგენელმა ნათია ბოკუჩავამ თქვა, რომ ვიდეოში:- პარტიის იდენტიფიცირება პარტიის ლიდრების სახეების იდენტიფიცირებით ხდება.
- ვიდეო მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას.
- ვიდეო არ არის სოციალური რეკლამა, რადგან არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.
- ვიდეოს კომერციული მიზანი არ აქვს და უნდა კვალიფიცირდეს პოლიტიკურ რეკლამად.
- რეკლამაში ამოგლეჯილია განცხადებები და არ ასახავს მათს სრულ შინაარსს.
“მთავარი არხის”, “ფორმულისა” და “პირველის” პასუხი
სამი ტელევიზიის წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. ისინი ამბობენ, რომ “სირცხვილიას” ვიდეო სოციალური რეკლამაა, მასალა განთავსებამდე შეისწავლეს, მიიჩნიეს, რომ კანონმდებლობით სოციალური რეკლამი კრიტერიუმებს აკმაყოფილებდ. მათი თქმით:- ვიდეო სოციალური რეკლამაა, რადგან მისი მიზანი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
- საჩივრის ავტორი პოლიტიკურ პარტიას აგივებს საარჩევნო სუბიექტთან, რაც არასწორია, რადგან შეუძლებელია მსჯელობა 2024 წელს იქნება თუ არა “ქართული ოცნება” საარჩევნო სუბიექტი ან ვიდეოში ნაჩვენები პირები “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებულები.
- ვიდეოში ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები წარმოჩენილი არიან, როგორც მაღალი თანამდებობის პირები და არა პარტიის სახეები. ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოს და არა “ქართულ ოცნებას”.
- ციტატები კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის, თუკი ამოგლეჯილია, მაშინ საჩივრის ავტორმა განმარტოს სად დაირღვა კონტექსტი და პრეტენზია მიმართოს რეკლამის შექმნელის და არა ტელევიზიების მიმართ.
- კომუნიკაციების კომისია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში ამოსავალი უნდა იყოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განმარტება.
სადავო ვიდეო
ვიდეორგოლი, რომელსაც მმართველი პარტია პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევს, აქცია “შინ ევროპისკენ” ორგანიზატორის მოძრაობა “სირცხვილიას” მომზადებულია.2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოში ჩანს, როგორ ისმენს ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი პოლიტიკურ განცხადებებს.
ვიდეოში ისმის ამონარიდები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, ევროპარლამენტის რეზოლუციის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემებზე:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის
- მომღერლისა და ტელეწამყვანის გია გაჩეჩილაძის
- თბილისის მერისა და “ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, “ოცნების” წევრის გია ვოლსკის
- კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებიდან