რატომ არ გასცემენ უწყებები საჯარო ინფორმაციას?
23.09.2022
სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალური ვადა 10 დღითაა განსაზღვრული, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ეს პროცესი შესაძლოა ერთ თვეზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.


რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება ჰქონდეთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, რათა შეძლონ მიმდინარე პროცესების კონტროლი.
  • ჟურნალისტის საქმიანობიდან გამომდინარე ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფორმაცია არის მასობრივი კომუნიკაციის მთავარი ღირებულება.
  • დღეს, საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით გართულებულია კრიტიკული მედიისთვის.
  • ეს საკითხი განხილულია "ევროპული კომისიის" 2022 წლის დასკვნაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა და პროცესების გამჭვირვალობა.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

  • საჯარო ინფორმაცია არის ნებისმიერი სახის მასალა (დოკუმენტი, აუდიოჩანაწერი,ფოტო, გეგმა, ელექტრონული ინფორმაცია, სქემა), რომელიც საჯარო უწყებაშია დაცული.
  • ამავდროულად, ის მოიცავს კონკრეტული საჯარო სამსახურის ან მისი მოხელეების მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს.
  • კანონით, საჯარო ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომი ყველასთვის, გარდა იმ შემთხვევებისა როცა საქმე ეხება სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.
  • საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
  • ასევე, დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს გასაჩივრების წესები.

რა არის პრობლემა?

სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად არღვევენ კანონით განსაზღვრულ ვადებს ან საერთოდ არ გასცემენ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არასრულია, ან განსხვავდება მანამდე მოწოდებული იმავე მასალისგან.

საჯარო სამსახურების მსგავსი დამოკიდებულება აფერხებს:
  • გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.
  • ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
გამოთხოვის გარეშე, სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონულ გვერდებზე, ძირითადად, მხოლოდ კვლევები და კონკრეტულ სამსახურსა თუ სამინისტროეზე ზოგადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

ამასთანავე, ვებგვერდები როგორც წესი, გაუმართავია ხოლო მოქალაქეებისთვის, იმ პირობების შესრულება, რომელსაც საიტი რეგისტრაციისათვის ითხოვს - რთული.

მაგალითად, საჯარო და კერძო სექტორში, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე, my.gov.ge, ავტორიზაციისთვის მოქალაქეს ორი გზა აქვს:

  1. შეიძინოს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც პირადობის მოწმობით ვერიფიკაციას უზრუნველყოფს.
  2. მივიდეს იუსტიციის სახლის რომელიმე ფილიალში, მომხმარებლის სახელის და პაროლის ასაღებად. ამ უკანასკნელისთვის კი შესაძლოა უწყებაში რამდენჯერმე ვიზიტიც კი დაგჭირდეთ სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო.

როგორ არღვევენ ვადებს საჯარო უწყებები?

თუ საჯარო უწყება საჯარო ინფორმაციას შესაბამის ვადაში არ გასცემს, გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა:
  • მედიის, განსაკუთრებით, პატარა რედაქციების რესურსით მუდმივად სასამართლოსთვის მიმართვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
  • სასამართლო სისტემაში არ არის დადგენილი ადმინისტრაციული საქმის განხილვის კონკრეტული დროები.
  • ხელოვნურად არ ინიშნება სასამართლო სხდომები, ეს პროცესი კი შეიძლება ერთ წელზე დიდხანსაც გაგრძელდეს.
"საჯარო უწყებების მიერ პროცესის გაჭიანურება ართმევს საზოგადოებას უფლებას, რომ მიიღოს ზუსტი და დროული ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ." - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედია პროგრამის მენეჯერი, მედია სამართლის სპეციალისტი - მამუკა ანდღულაძე.

ონლაინ მედიის გამოცდილება

საჯარო სამსახურებიდან არა მარტო ინფორმაციის გამოთხოვა, მედიასთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებაც გართულებულია.

გამოცემა "ნეტგაზეთს" მთავრობის ადმინისტრაციისგან აინტერესებდა რამდენი ადამიანია დასაქმებული მთავრობის პრესსამსახურში, როგორია მათი ანაზღაურება, თუმცა მათ ეს ინფორმაცია ვერ მიიღეს.

„ნეტგაზეთი“ ითხოვდა თბილისის ისტორიულ უბანში, მდებარე შენობის შესახებ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნებსა, განკარგულების დოკუმენტსაც, რომლის საფუძველზეც შენობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაანგრიეს - პასუხი ამ შემთხვევაშიც არ მიუღიათ.

„ჩემი აზრით, საჯარო ინფორმაცია, რომელიც უწყებების კრიტიკის საგნად შეიძლება იქცეს იბლოკება, ხოლო შედარებით "უსაფრთხო" მასალებს გვაწვდიან ხოლმეო“ - ამბობს "ნეტგაზეთის" რედაქტორი, დათო ქოქოშვილი, რადგან, "ნეტგაზეთმა" ერთადერთი, რაზეც ნეტგაზეთმა ბოლო პერიოდში წვდომა მოიპოვა, ხანძრების სტატისტიკა და ყურძნის სუბსიდირებაში დახარჯული თანხის რაოდენობაა 2008 წლიდან დღემდე.

ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემები არამხოლოდ რამდენიმე უწყებისთვისაა ტენდენციური, არამედ კონკრეტულ პიროვნებებთანაც ასოცირდება.

"როდესაც თეა წულუკიანი წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს, მათგან ინფორმაციის მიღება არსებითად გართულებული იყო, ამჟამად იმავე დაბრკოლებას კულტურის სამინისტროში ვაწყდებით." - ამბობს ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის მთავარი იურისტი - გიორგი დავითური.

გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც გვეუბნება, "ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტროა, ბოლო 4-5 თვეში ინფორმაციას მუდმივად ვადების დარღვევით გვაწვდიან, უმეტეს შემთხვევებში ჩვენს სატელეფონო ზარებზეც კი არ გვპასუხობენო“.


ამ თემაზე ნახეთ სტატია, "IDFI: წულუკიანის იწყება ყველაზე დახურულია"

გამოსავალი

სახელმწიფო უწყებები ჟურნალისტის მიერ ვადის დარღვევასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარს ხშირად არც განიხილავენ და მათ პირდაპირ სასამართლოსთვის მიმართვისკენ მოუწოდებენ.
  • მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა საჯარო უწყებებთან კომუნიკაციასა და სასამართლო პროცესების წარმოებაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - ეხმარება.
  • ამ სერვისით ძირითადად ონლაინ გამოცემები და კრიტიკული მედიის წარმოამდგენლები სარგებლობენ, სახელისუფლებო მედიას კი, როგორც IDFI-ში ამბობენ, მათთვის არასდროს მიუმართავს.
  • ორგანიზაცია, მეტწილად გამოთხოვილ ინფორმაციას, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მეტწილად, სასამართლოს გზით მოიპოვებს, თუმცა ეს პროცესი ხანგრძლივია და აფერხებს ჟურნალისტის საქმიანობას.
IDFI-ს მთავარი იურისტი გიორგი დავითური ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) კანონპროექტის დამტკიცებაა.

რა არის FOIA (Freedom of Information Act)?

ინფორმაციის თავისუფლების აქტი (FOIA) საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია.

აქტი ითვალისწინებს, სპეციალური თანამდებობის პირისა და სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობას, ასევე საჯარო უწყებებს აქვთ ვალდებულება, რომ წარადგინონ ყოველწლიური ანგარიში.

მაგალითად, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ მომზადებული ანგარიში უნდა ასახავდეს სტატისტიკას:
  • განმცხადებელთა მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის რაოდენობაზე.
  • უარის მიზეზებსა და სამართლებრივი საფუძვლებზე.
  • საშუალო ვადაზე, რომელიც საჯარო დაწესებულებამ მოანდომა სხვადასხვა განცხადებების განხილვას.

საქართველოში, კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, 2014 წელს, სამოქალაქო სექტორისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი წამოწყებით შეიმუშავეს თუმცა ის საქართველოს პარლამენტში ჯერაც არ არის რეგისტრირებული.

ინფორმაციის მიღების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, თუმცა, მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ხშირად ეს უფლება ელახებათ და უწევთ დავა ინფორმაციისთვის, რომელსაც პროცესების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, დროულობის ღირებულება დაკარგული აქვს.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ