20.02.2023
მისი ძმის, ტიმოტი დზიადკოს თქმით, ის რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული, და "ცდილობენ, მისთვის ტელეფონის ჩამორთმევას".
რა ვიცით:
- ფილიპ დზიადკო თბილისში ოჯახთან ერთად, გასული წლის გაზაფხულიდან ცხოვრობს;
- მან თბილისი გასულ სამშაბათს, 14 თერბერვალს დატოვა და ბერლინში გაფრინდა;
- ბერლინიდან, ვენის გავლით, თბილისში დაბრუნდა გუშინ, 19 თებერვალს, 22:30-ზე, თუმცა ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს;
- დღეს, 10:30-ზე მას ოფიციალურად განუცხადეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, თუმცა არ უთქვამთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, "ტვიტერზე" წერს ფილიპის კიდევ ერთი ძმა, ტიხონ დზიაკო, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი.
დეტალების დასაზუსტებლად, "მედიაჩეკერი" ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ვინ არის ფილიპ დზიადკო?
- ფილიპ დზიატკო არის რუსი ჟურნალისტი და მწერალი, პროექტის, "რადიო Armazas"-ის დამფუძნებელი და ინტერნეტპროექტის რედაქტორი.
- მისი ერთი ძმა, ტიხონ დზიადკო არის რუსული დამოუკიდებელი არხის, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი. "დოჟდი" არის რუსეთის ხელისუფლების მიერ, "უცხო აგენტად" გამოცხადებული მედიასაშუალება.
- მედიასაქმიანობას ეწევა ფილიპ დიადკოს კიდევ ერთი ძმა, ტიმოტი დზიადკო. ის არის რუსული "RBK"-ს რედაქტორი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ისიც თბილისში ცხოვრობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს, შეასრულოს პროფესიული მოვალეობა. ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.
- "რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს", — წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის 19 ნოემბერს უკრაინელ ჟურნალისტთან, ვლადიმერ ზოლკინის შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას კოალიციამ მოუწოდა, მიეცათ ჟურნალისტისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება.
კონტექსტი:
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.
მაგალითად:
- 2022 წლის სექტემბერში საქართველოში არ შემოუშვეს ვასილი კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-სა და The Insider-ისთვის მუშაობს.
- გასული წლის ნოემბერში, მესაზღვრეებმა უარი უთხრეს უკრაინელ ჟურნალისტსა და ბლოგერს, ვლადიმირ ზოლკინის ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ.
- საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, "დოჟდის" წამყვანი მიხაილ ფიშმანი. ტელეწამყვანმა თქვა, რომ ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, მისი 4 წლის შვილი შემოუშვეს, მას კი უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე.