20.03.2023
რა ხდება?
"ტვ პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ძალადობრივი და ჰომოფობიური მოძრაობა "ალტ ინფოს" აქტივისტი, მამუკა ანდღულაძე, დაკავებულია.
მაგრამ, პრობლემაა, რომ: "ჟურნალისტსა და მის არასრულწლოვან შვილებზე მუქარა გრძელდება", — გვითხა "მედიაომბუდსმენმა", რომელიც "მედიაკოალიციის" წევრი ორგანიზაციაა.
მათი ინფორმაციით,
- მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ გამოვლინდა არაერთი მუქარა, "რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს".
- ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
კონტექსტი:
- ჟურნალისტზე თავდასხმას წინ უძღოდა 10 მარტს, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკედირაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები, რომელიც შეიცავდა სიძულვილის ენას, რამაც წაახალისა მოძალადე ჯგუფები.
- ძალადობრივმა "ალტ ინფოს" აქტივისტებმა 14 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
- პირი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, მამუკა ანდღულაძეა — ძალადობრივი "ალტ ინფოს" აქტივისტი.
- 15 მარტს, ოზურგეთში, ჟურნალისტი ნატო გოგელია ანდღულაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, რასაც მასზე ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა.
- ანდღულაძე 17 მარტს დააკავეს.
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადებაში დაწერა, რომ ბრალდებულმა, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა — "აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი."