2 მარტს პარლამენტიდან ჟურნალისტების გაძევების საქმეზე მედიაომბუდსმენი სასამართლოს მიმართავს
16.06.2023
ე.წ. Რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების პარალელურად, 2023 წლის 02 მარტს საქართველოს პარლამენტიდან ჟურნალისტების გამოძევების საქმეზე მედიაომბუდსმენი სასამართლოს მიმართავს.

რა მოხდა

2023 წლის 02 მარტს “რუსული კანონის” განხილვის პროცესში პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს NEWS.On.ge-ს რედაქტორი, ტელეკომპანია ფორმულას ფოტორეპორტიორი და ონლაინმედია ნეტგაზეთის ჟურნალისტი.

სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან, დღის განმავლობაში აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, რუსული კანონის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა.

რას ითხოვს მედიაომბუდსმენი

  • მედიაომბუდსმენის განცხადებით, 2023 წლის 5 მარტიდან დღემდე ითხოვენ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გამოვლენის შემდეგ გატარებული ზომების და რეაგირების შესახებ.
  • მათივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე არ განიხილა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.

ორგანიზაციას სურდა, ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევების საქმეზე დაზუსტებულიყო კვალიფიკაცია, თუმცა ამ დრომდე ეს არ მომხდარა.

  • 16 მაისს მედიაომბუდსმენმა პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
  • მედიაომბუდსმენი ამჯერად კიდევ ერთხელ მიმართავს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
  • წინა შემთხვევაში საქმის ზედამხევდელი პროკურორის 25 მაისის წერილით ორგანიზაციას ეცნობა, რომ "საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება".

მარტის აქციები

  • 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას მედიის 21 წარმომადგენელი დაზარალდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი 8 მათგანს მიენიჭა.
  • მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ