გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოში მედიის მდგომარეობაზე
08.11.2023
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა 7 ნოემბერს ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის წინასწარი დაკვირვებები და რეკომენდაციები წარადგინა.

რას თქვა ლოლერმა მედიაზე?


მერი ლოლერმა წინასწარი დაკვირვებები წარადგინა და აღნიშნა, რომ:

  • მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მაღალი რისკის ქვეშ არიან მედიის წარმომადგენლები.
  • გაძლიერებულია თვალთვალისა და მიყურადების შიში.
  • ვიზიტის დროს ჟურნალისტრნის და უფლებადამცველების დელეგიტიმაციის მცდელობის არაერთი მაგალითი მოისმინა, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების საჯარო განცხადებები ჟურნალისტების მისამართით.

კონტექსტი:


გაეროს სპედციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი საქართველოში 30 ოქტომბერს ჩამოვიდა და შვიდი დღის განმავლობაში ხვდებოდა ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს. ისაუბრა უფლებადამცველებთან, ადვოკატებთან, გამომძიებელ ჟურნალისტებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან და ა.შ.

გაეროში სრულ ანგარიშს 2025 წლის დასაწყისში წარადგენენ. ერთ-ერთი თემა, რაზეც წინასწარ მოხსენებაშია საუბარი, მედიას და ჟურნალისტების უფლებებს ეხება.

დეტალურად, მერი ლოლერის წინასწარი დაკვირვების აქცენტები


დაუსჯელობა

  • გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რობლემაა ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობა.
  • ისაუბრა 2021 წლის 5 ივლისზე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე - ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები.
  • “როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტებს აწუხებთ ფიზიკური დაუცველობის განცდა”.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

  • “გარკვეულწილად, ხელისუფლებაც აფერხებს ჟურნალისტების მუშაობას, რასაც მიუთითებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ასევე პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული ქცევის კოდექსი, რომლითაც, როგორც ჩანს, გახსნილია გზა ჟურნალისტების წინააღმდეგ თვითნებური სანქციებისთვის.”
  • “მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ თავისუფალი მედია”
მერი ლოლერის თქმით:

  • “გამომძიებელი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები რისკის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს ჟურნალისტების შეურაცხყოფის მტკიცებულებები. ინსტიტუციების მხრიდან რეაგირების ნაკლებობა, რაც ნამდვილად ძირს უთხრის ჟურნალისტების მუშაობას. ამის მიზანია შეზღუდონ მათი ლეგიტიმური და მშვიდობიანი ქმედებები”;
  • “ყველა ქვეყანას სჭირდება თავისუფალი მედია და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ თავისუფალი მედია. ჩვენ გვჭირდება ჟურნალისტები, რათა გააშუქონ, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების შესახებ ნეგატიური ნარატივის გავრცელება, ჟურნალისტების შეურაცხყოფა და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება”, - უთხრა ლოლერმა მედიაჩეკერს.

რეკომენდაციები


მონიტორინგის შედეგად მერი ლოლერმა სხვადასხვა უწყებისთვის გასცა რამდენიმე რეკომენდაცია.

პარლამენტი: “შეწყვიტოს ყოველგვარი სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: “შეწყვიტოს უფლებადამცველების, მათ შორის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების ყოველგვარი თვალთვალი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს”.

სახალხო დამცველის აპარატი და პროკურატურა: “ჩაატარონ სუს-ის მიერ განხორციელებული უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების ყველა მიმდინარე თვალთვალის მიმოხილვა, რათა შეფასდეს ნებისმიერი ასეთი თვალთვალის შესაბამისობა რეგიონულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, რომლებიც გარანტირებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით”

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ