პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის - ტელევიზიაში ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ
16.11.2023
პარლამენტში გეგმავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალონ, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება. ამ ცვლილებებში საფრთხეს ხედავს მაუწყებელი, სადაც ამბობენ, რომ არც მათთან და არც თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაცია არ გამართულა.

კანონპროექტით:

  • უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ამჟამად მოქმედი წესი - მისი დაფინანსება ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით.
  • საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
  • დაფინანსების წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

  • დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ამ არგუმენტის გასამყარებლად მაგალითად ბოლო წლებში დაფინანსების რაოდენობის ზრდა მოჰყავთ - “ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით”.
  • მიზანშეწონილი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ დაკავშირება მთლიან შიდა პროდუქტთან.
  • ზრდა ყოველი კონკრეტული ფისკალური წლისთვის დაკავშირებული იქნება მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, კონკრეტული წლისათვის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი მთლიანი ფინანსური რესურსების შესაბამისად.

რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?

კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი ინიციატივაა. თუ არსებული წესი შეიცვლება, მისი დაფინანსება პირდაპირ დამოკიდებული აღარ იქნება ქვეყნის მაკროპარამეტრებზე.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, 2024 წელის ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეადგენს 110,302.0 ათასს ლარს. ასევე ბიუჯეტის პროექტის თანდართულ დოკუმენტში, რომელიც მომდევნო სამ წელში ქვეყნის ძირითად მონაცემებს და მიმართულებებს განსაზღვრავს, საზმაუს დაფინანსება 2024-2027 წლისათვის პროგნოზირებულია:

  • 2025 წელი – 119,520.0 ლარი
  • 2026 წელი – 129,260.0 ლარი
  • 2027 წელი – 139,800.0 ლარი

“კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, როგორც კანონპროექტის ამოქმედების წელს ისე შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე შემცირების კუთხით, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის, ერთი მხრივ, მაუწყებლის წინაშე შესაძლო საშუალოვადიანი პერიოდისათვის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებზე და მეორე მხრივ, მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო დამატებით ფინანსურ რესურსებზე”, - წერია განმარტებით ბარათში.

რა პოზიცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს


ტელევიზიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონპროექტით დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე დიდ რისკს ხედავს კანონპროექტში.

გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით კი, ამჟამად არხს დაფინანსების ევროპული მოდელი აქვს.

“ვსაუბრობთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის, 47 ქვეყნის 64 მაუწყებლის მაგალითზე და მარტივი კითხვაა, თუ არცერთ მათგანს არ აქვს დაფინანსების ასეთი წესი, რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ? ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა ჩვენ არ მოგვეცა ამ კითხვის დასმის და შემდეგ პასუხის მოსმენის საშუალება. ასევე, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკვეთრი წერილი, სადაც ევროპის საბჭოს არაერთი ჩანაწერია იმის შესახებ, როგორი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და რა როლი აკისრია მას ქვეყანაში. სხვათა შორის, ევროპის საბჭოს მიერ სულ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ჩვენი ქვეყნის შეფასებას ეხებოდა, ხაზგასმულია სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ის ფორმა, რომელიც ახლა არსებობს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი“, – ამბობს ბერძენიშვილი.

კონსულტაციები კანონპროექტის შემუშავებისას/განხილვისას

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები არ გაუმართავთ არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არ აქვთ არც კანონპროექტის შეფასება რომელიმე ექსპერტის მიერ. ასევე არ არის გათვალისწინებული სხვა ქვეყნის მაგალითები.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, საზმაუს წარმომადგენლებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, განეხილათ და კონსულტაციების ფარგლებში ემსჯელათ მსგავს ცვლილებებზე. ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საჭიროა პარლამენტის წევრებთან დიალოგი და რისკების განხილვა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან


საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თანამშრომელს, შალვა პაპუაშვილს შეხვედრას სთხოვენ.

  • “დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან”.
  • “ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ”.
  • “ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები”.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ