„ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული „რუსული კანონის“
შესახებ დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა საერთო
განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, კანონის მიღების მთავარი მიზანია
დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება,
თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება
საზოგადოებრივ აზრზე და იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას
ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების
დარღვევასა და დაპირებების შეუსრულებლობაში.
ონლაინ მედიის განცხადებით, ეს ხელისუფლების მორიგი ტყუილი და
წინასაარჩევნო გადადგმული ანტიევროპული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს
დასავლურ მომავალს ასამარებს. „რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა
დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო
კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს,
მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში
საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.“
მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსული კანონის მიღებას
ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას და „ქართულ ოცნებას“ თავისუფლებაზე
თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. „რუსული კანონი“ „ქართულმა
ოცნებამ“ გასულ წელსაც წარადგინა, თუმცა, მასობრივი საპროტესტო
გამოსვლების ფონზე კანონპროექტი უკან გაიწვია. ხელისუფლება მთელი წლის
განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა.
„რუსული კანონი“ ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ მედიასაც შეეხება.
პროტესტი - „არა რუსულ კანონს" 2023 წელს სწორედ ჟურნალისტებმა და
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დაიწყეს.