საია: 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან
05.07.2024



"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი ამ დრომდე სათანადოდ გამოძიებული არ არის.

საია 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს, მათ შორის 17 სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია. მათზე ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა იძალადეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 2 პირს კი ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება, თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.

"გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

"ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა", საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. საქმეზე მხარეთა შეპასუხების ეტაპი დასრულებულია და ისინი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აღნიშნავს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი კი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.

"5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე - სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს", - წერს საია. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ