აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს
19.07.2024

 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ავგან სადიგოვს სამართალდამცველებმა თბილისიდან თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა გაავრცელა


გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტი თურქეთში მიემგზავრებოდა, თუმცა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეუძლია, რადგან მის პასპორტს პრობლემა აქვს. სადიგოვი ამას ილჰამ ალიევის მორიგ პოლიტიკური დაკვეთად აფასებს.

ამ ფაქტს სადიგოვის კოლეგა, რამდენიმე წლის წინ თბილისიდან გატაცებული ავგან მუხთარლიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ გზით აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ბაქოში ჩასვლას აიძულებს, სადაც მას დიდი ალბათობით დააკავებენ.

„საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაკავება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანიშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს. ივანიშვილისთვის, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია. მზად არიან ფულზე მთელი საქართველო გაყიდონ, ამის დავიწყება არ შეიძლება.  2020 წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული დაფარეს.

მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა. ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან. ბოლო თვეების განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება,“ - წერს მუხთარლი.




აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. რვა თვის შემდეგ, დევნილ ჟურნალისტს, რომელიც თბილისს აფარებდა თავს, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2020 წლის მარტში კი ის ციხიდან გაათავისუფლეს და მალევე გერმანიაში გაემგზავრა.

აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარება უარყოფიდა აისახა საქართველოს იმიჯზე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში. 

„მედიაჩეკერი“ საქმის დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ავგან სადიგოვის საქმეზე მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ