თბილისში
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან
სადიგოვის სასამართლო პროცესი დღეს, 12:30-ზე დაიწყება. ამის შესახებ
ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ
მიაწოდა.
აფგან სადიგოვი გუშინ, 3 აგვისტოს შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.
აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა,“ - განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სადიგოვის დაკავების შემდეგ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.
"აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".
18 ივლისს აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.